”ლოტუსი” და ”უილიამსი” ”კოსუორტით” კმაყოფილები არიან
Lotus, Williams happy with Cosworth
21 მაისი
ცოტა ხნის წინ, პადოკში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ თითქოს, ორი გუნდი - ”უილიამსი” და ”ლოტუსი”, მომავალი სეზონიდან ძრავების მიმწოდებლის შეცვლას და ”კოსუორტის” ნაცვლად ”რენოს” ძრავების შეძენას აპირებენ. მაგრამ როგორც ირკვევა, ეს ინფორმაცია საფუძველსაა მოკლებული.
დღეისათვის, ფორმულა 1-ის გუნდებს ძრავებს ოთხი კომპანია - ”მერსედესი”, ”ფერარი”, ”რენო” და ”კოსუორტი” აწვდის. ეს უკანასკნელი დიდი პრიზების ცირკში ახალი დაბრუნებულია და სამი ახალბედა გუნდის (ლოტუსი, ვირჯინი და ისპანია) გარდა, მისი კლიენტი ”უილიამსიცაა”. და მართალია, ეს გუნდები კარგი შედეგებით ვერ დაიკვეხნიან, ”კოსუოტრს” მაინც არავინ უჩივის. უფრო მეტიც, ”უილიამსსა” და ”ლოტუსში” აცხადებენ, რომ მომავალ სეზონშიც ისინი ინგლისური ძრავებით ასპარეზობას აპირებენ.
”შემიძლია ვთქვა, რომ ”კოსუორტის” ძრავებს მკაცრ მოთხოვნებს ვუყენებთ, რაც მათი მწარმოებლებისთვისაც სასარგებლოა, რადგან ისინი აქ იმისთვის არ არიან, რომ სტატისტის როლით დაკმაყოფილდნენ. ამიტომ, მათი წინსვლისთვის აუცილებელი პირობა ისაა, რომ მათს კლიენტებს მკაცრი მოთხოვნები გვქონდეს”, - ამბობს ”უილიამსის” ტექნიკური დირექტორი სემ მაიკლი და დასძენს, რომ ”კოსუორტთან” თანამშრომლობით კმაყოფილია.
მის აზრს სრულად იზიარებს ”უილიამსის” აღმასრულებელი დირექტორი ადამ პარი, ვინც ვერ ხედავს მიზეზს, რომლის გამოც, მისი გუნდი ”კოსუორტთან” თანამშრომლობაზე უარს იტყოდა: ”მე ”კოსუორტთან” თანამშრომლობით კმაყოფილი ვარ და მიმაჩნია, რომ სხვა ვარიანტების მოძებნა საჭირო არაა. მათ შესანიშნავი ძრავი აქვთ. სეზონის წინა ტესტებზე ეს აშკარა იყო. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სეზონის მსვლელობისას, ძრავს ერთი ნაკლი მაინც აღმოაჩნდა - ექსპლუატაციის პროცესში, მისი ცვეთის მახასიათებლები თანდათან უარესდება. მათ ეს კარგად იციან. აშკარაა, რომ ეს პრობლემა ძრავის გამძლეობას აუარესებს. ამჟამად საჭიროა არც ისე შრომატევადი სამუშაოს ჩატარება იმისათვის, რომ ძრავის საიმედოობა გაუმჯობესდეს. ამ ეტაპზე, ჩვენ სწორედ ამ საკითხით ვართ დაკავებულნი”.
ინგლისურ გამოცემა ”ავტოსპორტის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ”კოსუორტის” ძრავებისადმი დაახლოებით ანალოგიური დამოკიდებულება ”ლოტუსშიც” აქვთ.
No comments:
Post a Comment