ავარიამდე უებერი საწვავს უფრთხილდებოდა
Webber in fuel-save mode before crash
31 მაისი
ავარიის შემდეგ ფეტელმა რბოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო
........................................................
ძნელი სათქმელია, რა შედეგით დამთავრდებოდა ტურქეთის დიდი პრიზი, ”რედ ბულის” პილოტებს, მარკ უებერსა და სებასტიან ფეტელს შორის ავარია რომ არ მომხდარიყო. როგორც ირკვევა, მე-40 წრეზე, როდესაც მათ შორის ინციდენტი მოხდა, ავსტრალიელმა პილოტმა თავისი ძრავის მუშაობის ეკონომიურ რეჟიმზე გადაიყვანა, რათა საწვავი დაეზოგა.
ამით ისარგებლა ფეტელმა, რომელსაც ეკონომიურ რეჟიმზე გადასვლა ორიოდე წუთით გვიან უწევდა, რამდენადაც რბოლის დიდი ნაწილი ხან ლუის ჰამილტონის, ხანაც უებერის უკან გაატარა და ამდენად, ჰაერის გაუხშოებულ არეში მოძრაობა უწევდა. ამის წყალობით, მის მანქანას ნაკლები წინააღმდეგობა ხვდებოდა და ძრავიც შედარებით ნაკლებ საწვავს მოიხმარდა.
”რედ ბულმა” რბოლა მე-40 წრეზე წააგო
........................................................
ამგვარად, ორ წრის შემდეგ, ფეტელსაც აუცილებლად უწევდა საწვავის ეკონომიაზე ზრუნვა, რის გამოც, ”რედ ბულის” ორივე მანქანა სიჩქარეს შეამცირებდა და სავარაუდოდ, ამით ”მაკლარენის” პილოტები ისარგებლებდნენ. თუმცა, ფინიშამდე 10 წრით ადრე, საწვავის ეკონომიაზე ზრუნვა ჯერ ჰამილტონმა, შემდეგ კი მისმა თანაგუნდელმა ჯენსონ ბატონმაც დაიწყეს.
ფეტელმა მე-40 წრეზე გასწრება იმის გამო გადაწყვიტა, რომ კარგად იცოდა, მალე მასაც მოუწევდა საწვავის დაზოგვა, ამდენად, უებერის გასწრების მეტი შანსი აღარ მიეცემოდა. ამდენად, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც თანაგუნდელს შეუტია. მანევრიც ზუსტად შეასრულა, მაგრამ სწორედ იმ მომენტში, როდესაც ყველას ეგონა, გასწრების მანევრი დასრულდა და რბოლას ახალი,ლიდერი ჰყავს, მოულოდნელად, გერმანელის მანქანა იმ მხარეს ”გაიქცა”, სადაც უებერის მანქანა მოძრაობდა. შეჯახებაც სწორედ ამ მოულოდნელ ”გაქცევას” მოჰყვა.
ნარბოლევს, ”რედ ბულის” შეფმა ქრისტიან ჰორნერმა ზუსტად ახსნა ყოველივე: ”ჩვენ ყველა ფაქტი შევაჯერეთ. მარკმა საწვავის დაზოგვა დაიწყო და ამიტომ, მისმა მანქანამ სწორ მონაკვეთებზე სიჩქარე დაკარგა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ფეტელმა ასე ადვილად ჩაატარა მანევრი. თავის მხრივ, მას მალე მოუწევდა საწვავის დაზოგვაზე ზრუნვა და დიდი შანსი იყო იმისა, რომ გაასწრებდა. ამიტომ, თავის დაზღვევა უებერის გასწრებით სცადა. მერე კი მოხდა ის, რაც მოხდა”, - ყვება ჰორნერი და დასძენს:
”საწყენია, რომ ჩვენ რეალური 28 ქულა დავკარგეთ. დუბლის მიღწევა შეგვეძლო. ჩვენი მიზანი სწორედ დუბლი იყო და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იქნებოდა პირველი. არავის დადანაშაულება არ მსურს. მარკმა სებასტიანი გზის ჭუჭყიან მხარეს გარიყა, თუმცა გასწრებისთვის მინიმალური ადგილი დაუტოვა. ფეტელმა კი ძალიან აგრესიულად წაანაცვლა თავისი მანქანა. ძალიან საწყენია. მითუმეტეს, მალე იმის მომსწრენი გავხდით, რომ მსგავსი ბრძოლა ”მაკლარენის” პილოტებს შორისაც გაიმართა და მათ ერთმანეთს მანევრისთვის საკმარისი ადგილი დაუტოვეს. ჩვენმა ბიჭებმაც მალაიზიაში კორექულად იბრძოლეს, მაგრამ ამჯერად ავარია მოუვიდათ.
რბოლის შემდეგ ორივეს ვესაუბრე. ისინი პატარები არ არიან და კარგად ესმით, რომ ყოველივეს შედეგად, ბევრი ქულა დავკარგეთ და ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. მათ ამ ინციდენტიდან დასკვნები უნდა გააკეთონ. ჩვენ მათ ურთიერთბრძოლის უფლებას მივცემთ. მიმაჩნია, რომ ასეც უნდა იყოს. ხომ დავინახეთ, რომ პილოტებს ერთმანეთტან ბრძოლას არც ”მაკლარენში” უშლიან. მაგრამ როდესაც პილოტები ერთ გუნდში არიან, ისინი ერთმანეთს პატივს უნდა სცემდნენ.
”ჩვენ ორივე პილოტს ზუსტად ერთნაირი ტექნიკით უზრუნველვყოფთ, რათა ორივეს ბრძოლის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს. ასეთია ჩვენი გუნდის ფილოსოფია. რბოლის დროს, ერთმა პილოტმა საწვავის დაზოგვა შეძლო, რადგან მეტოქეთა უკან მოძრაობდა და ნაკლები წინააღმდეგობა ხვდებოდა. მერე კი ასე მოპოვებული უპირატესობის გამოყენება სცადა და მას ამის უფლება ჰქონდა. მითუმეტეს, ფეტელი ჰამილტონისგან სერიოზულ ზეწოლას განიცდიდა. ამიტომაც სცადა მარკის გასწრება. როდესაც ისინი პოზიციებს იცვლიან, იმაზე უნდა ფიქრობდნენ, რომ გუნდს ქულების მაქსიმუმი მოაპოვებინონ და ”მაკლარენტან” უპირატესობის გაზრდაში დაგვეხმარონ. სამწუხაროდ, ამჯერად ასე არ მოხდა”.
No comments:
Post a Comment