ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, July 19, 2009

მაკლარენი” უნგრეთში გამარჯვებას აპირებს

McLaren

19 ივლისი

”მაკლარენისთვის” მიმდინარე სეზონი მეტისმეტად წარუმატებელია. გუნდმა დროულად ალღო ვერ აუღო ახალ ტექნიკურ რეგლამენტს, მაგრამ გერმანიის დიდ პრიზზე აშკარა პროგრესი ჰქონდა, რაც იმის ნიშანია, რომ ბევრ გუნდზე სწრაფად ვითარდება.

ნურბურგრინგზე ლუის ჰამილტონის მანქანაზე ახალი აეროდინამიკური ელემენტები გამოსცადეს, უნგრეთის ეტაპისთვის კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მოდიფიცირებულ შასის მიიღებს, რაც გუნდის შეფ მარტინ უიტმარშს იმედს აძლევს, რომ მისი პილოტები ბუდაპეშტში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

”გუნდმა გერმანიაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უნგრეთში კიდევ უფრო წინ წაიწიოს. რა თქმა უნდა, მუდამ გამარჯვებისთვის ვართ განწყობილნი, მაგრამ მანქანა ამის საშუალებას ყოველთვის არ გვაძლევს. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ უნგრეთში მანქანა გამარჯვებაში ხელს შეგვიწყობს. მას სწორედ ამისათვის ვამზადებთ”, - ამბობს უიტმარში და დასძენს:

”ამ სეზონში ტიტულისთვის ვეღარ ვიბრძოლებთ, მაგრამ მერმის გაცილებით კონკურენტუნარიანები ვიქნებით. გუნდმა ახალი მანქანის მზადებისთვის შარშანდელზე მეტ რესურსს მოუყარა თავი. თუმცა, MP4-24-ის განვითარებაზეც ვმუშაობთ. რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი გვაქვს გასაცემი. მაგალითად, ვასწავლეთ თუ არა ამ მანქანას გამარჯვებისთვის ბრძოლა? ამ ეტაპზე შემიძლია ვუპასუხო, რომ ჯერ ვერა. გვაქვს თუ არა პროგრესი? რა თქმა უნდა. მივაგენით მიდგომას, რომელიც მომავალ სეზონში მეტს მიგვაღწევინებს? ვფიქრობ, მივაგენით და ახლა სწორედ ეს უნდა გამოვიყენოთ”.

უიტმარში ამბობს, რომ გუნდმა რადიკალურად შეცვალა მანქანის აეროდინამიკური ფილოსოფია, რის შემდეგაც, მის გარშემო მოძრავი ჰაერის ნაკადი სულ სხვაგვარად მუშაობს და მანქანის უკეთეს დინამიკურ მახასიათებლებს განაპირობებს. აეროდინამიკის დიდი სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ვხედავ, რომ პროგრესი აშკარააო - ამბობს გუნდის შეფი.

”ფაქტობრივად, საქმის ნულიდან დაწყება მოგვიხდა. მაგრამ სამაგიეროდ, ახლა განვითარებისთვის სოლიდური ბაზისი გვაქვს და ვიცით, რა მიმართულებით უნდა წავიდეთ. ამიტომ, მანქანა სეზონის მეორე ნაწილში გაცილებით სწრაფი და კონკურენტუნარიანი გახდება”.

”შემდეგი მანქანა კი სრულიად სხვანაირი იქნება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ რბოლის დროს საწვავის შევსება იკრძალება და საწვავის გაცილებით დიდი ავზი დაგვჭირდება, რაც შასის კონსტრუქციას ძირეულად შეცვლის. მეორეც, ახლა ვიცით, რომ ის სრულიად სხვანაირი უნდა იყოს. გაკვეთილი ამ სეზონის დასაწყისში მივიღეთ და მის გამოყენებას ვეცდებით. საერთოდ, როცა სეზონის დასაწყისში მეტოქეები შენზე სწრაფები არიან, რადიკალურ ქმედებებზე მიდიხარ, რათა მათ სასწრაფოდ დაეწიო. და თუ სეზონის დასაწყისში კონკურენტუნარიანი ხარ, მაშინ მისი მოდერნიზაციისას ფრთხილობ. თუმცა, ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება - მერმის სრულიად ახალი მანქანით გამოვალთ”, - ამბობს უიტმარში.

No comments:

Post a Comment