ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, July 12, 2009

ჰამილტონი: მაკლარენი მალე ისევ მოიგებს

Hamilton: McLaren will win again soon

12 ივლისი

გერმანიის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე მეხუთე შედეგის ჩვენების შემდეგ, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ლუის ჰამილტონს ოპტიმიზმი მოეძალა და განაცხადა, რომ ახლა უკვე დროის ამბავია, თუ როდის დაიწყებს მისი გუნდი გამარჯვებებს.

”ამ შედეგმა ჩვენი, გუნდური სულისკვეთება გააუმჯობესა. ჩემთვის, როგორც მრბოლისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს იმის ცოდნას, რომ ბრძოლა შემიძლია. ეს მე ოპტიმისტურად განმაწყობს. გუნდს თავი არ დაუზოგავს, რომ ჩემთვის კონკურენტუნარიანი მანქანა მოემზადებინა. თანაც, ეს მხოლოდ დასაწყისია. მანქანა კიდევ უფრო სწრაფი იქნება, როდესაც მის ახალ მოდიფიკაციას მოვამზადებთ. ამჯერად კი მასზე სპონტანურად რამდენიმე ახალი დეტალი დავაყენეთ. თუმცა, ჯერაც დიდი გზა გვაქვს გასავლელი იმისათვის, რომ ლიდერებს დავეწიოთ. ჩემი დღევანდელი შედეგი ცვალებადმა ამინდმაც განაპირობა. თუმცა, ახლა თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ მომდევნო რბოლებზე კიდევ უფრო სწრაფები ვიქნებით”, - ამბობს ჰამილტონი, ვინც წინა ოთხი ეტაპი უქულოდ დაასრულა, ამჟამად კი მის ანგარიშზე მხოლოდ 9 ქულა ირიცხება.

”ამ ეტაპზე, ჩვენ მხოლოდ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ. გამარჯვებაზე კი რა გითხრათ. დარწმუნებული ვარ, მალე ჩვენ ისევ დავიწყებთ მოგებისთვის ბრძოლას. მე ვამაყობ იმით, რასაც ასეთ მოკლე დროში გუნდმა მიაღწია. მთელი სეზონის განმახლობაში, ოდნავაც არ მოვდუნებულვართ. ბიჭები თავაუღებლად მუშაობენ. ისინი გაძლების ზღვარზე არიან, მათი გარჯის შედეგი კი მართლაც ფანტასტიურია. ისინი რომ არა, აქ ახალი დეტალები არ გვექნებოდა, მათ გარეშე კი წინსვლა წარმოუდგენელი იყო. აქამდე ჩვენ მაჩანჩალები ვიყავით. ახლა კი სწორ გზაზე გამოვედით და ამ ახალი გამზირის შესწავლას ვიწყებთ. თითებგადაჯვარედინებული ვიტყვი, რომ გვირაბის მეორე ბოლოში სინათლე გამოჩნდა და მჯერა, რომ რბოლებში წარმატებები ჯერაც წინ გვაქვს”, - დასძენს ფ1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი.

ჰამილტონის თქმით, იმას, რომ მანქანას აშკარა წინსვლა აქვს, ჯერ კიდევ თავისუფალი პრაქტიკების დროს მიხვდა: ”ჩემი თავდაჯერებულობა თანდათან იზრდებოდა, როცა ვაცნობიერებდი, რომ მანქანის უკანა ბორბლები მოსახვევში გზას ადრინდელივით აღარ სწყდებოდა. წინა რბოლებში, მანქანა მოსახვევებს ძლივს გადიოდა, მუდამ გზიდან გადასვლას ლამობდა. ახლა კი საბურავები ისე მუშაობს, როგორც ჩვენ გვჭირდება. ცოტა დრო გვჭირდება და კიდევ უფრო მეტი წინსვლა გვექნება”.

ცნობისათვის, გერმანიის დიდ პრიზს ორი ნელი ეტაპი მოჰყვება ბუდაპეშტსა (უნგრეთი) და ვალენსიაში (ესპანეთი). ნელი ტრასა კი ”მაკლარენს” კარგი შედეგის ჩვენების საშუალებას მისცემს. ამასთან, გარდა იმისა, რომ გუნდი MP4-24-ის სრულყოფაზე ინტენსიურად მუშაობს, უნგრული ეტაპის შემდეგ, ახალი, სამერმისო ბოლიდის შემუშავებასაც დაიწყებს.

No comments:

Post a Comment