ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Tuesday, July 28, 2009

მასას მდგომარეობა უმჯობესდება

Felipe Massa

28 ივლისი

უნგრეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციის დროს დაშავებული ბრაზილიელი ფელიპე მასას მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება. ექიმებმა ის უკვე გამოიყვანეს ხელოვნური კომიდან და სასუნთქი აპარატიდანაც მოხსნეს. უფრო მეტიც, ის უკვე ექიმებთან და ოჯახის წევრებთან მინიმალურ ურთიერთობასაც ახერხებს.

”მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ის ახლა მთვლემარედაა, მაგრამ კითხვებზე რეაგირებს და კიდურებსაც ამოძრავებს. ის უკვე სასუნთქი აპარატიდან მოვხსენით და აღარც დასამშვიდებელ საშუალებებს ვაძლევთ”, - სპეციალურად მოწყობილ პრესკონფერენციაზე განაცხადა უნგრეთის თავდაცვის ძალების მთავარმა ექიმმა ლაიოშ ჟიროშმა.

ექიმები ასევე ამბობენ, რომ ახლა ყველაზე მეტად მასას ტრავმირებული თვალის მდგომარეობა აშფოთებთ, რომელზეც ნერვული დაბოლოებაა დაზიანებული, თუმცა მიაჩნიათ, რომ მისი სრულად განკურნბა შესაძლებელია. ლაპარაკია იმაზეც, რომ ამ კვირის ბოლოს შესაძლებელი იქნება მსოფლიოს ვიცე ჩემპიონის ბუდაპეშტიდან პარიზის პიტი-სალპეტრიერის კლინიკაში გადაყვანა. ამ კლინიკაში მასას გადაყვანას ”ფერარის” ყოფილი შეფი, ჟან ტოდტი მოითხოვს, ვინც წელს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს. სხვათა შორის, პიტი-სალპეტრიერის კლინიკას პროფესორი ჟერარ სელანი ხელმძღვანელობს, ვინც FIA-ს ინტიტუტის ვიცე პრეზიდენტია.

მასას პირადი ფიზიოთერაპევტის თქმით, ბრაზილიელი მრბოლი ხშირად ინტერესდება, თუ რა მოუვიდა. ის ამბობს, რომ პილოტის ოჯახის წევრები კმაყოფილნი არიან სამხედრო კლინიკის მომსახურების დონით. ამიტომ, სხვაგან მისი გადაყვანა საჭიროდ არ მიაჩნიათ.

ქირურგი რობერტ ვერეში, ვინც მასას ოპერაცია ჩაუტარა, ამბობს, რომ ჯერ ძნელია იმაზე საუბარი, თუ რამდენად სწრაფად მოხდება ტრავმირებულის სრული გამოჯანმრთელება. სამაგიეროდ, ის ვარაუდობს, რომ მასა ამ სეზონის დარჩენილ რბოლებში მონაწილეობას ვერ შეძლებს. პროგნოზისგან თავს ჟიროშიც იკავებს, თუმცა დასძენს, რომ ასეთი ტრავმისგან სრულად განკურნება თეორიულად შესაძლებელია.

ჟიროშის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, თუ რამდენად სერიოზულადაა დაზიანებული მასას მარცხენა თვალი. ის ამბობს, რომ დაახლოებით ათი დღის შემედეგ შესაძლებელი იქნება ტრავმის შედეგების შეფასება. სწორედ ამის შემდეგ დაისახება მიზნობრივი მკურნალობის და რეაბილიტაციის გეგმა.

დაშავებული პილოტი ბუდაპეშტის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა ”ფერარის” პრეზიდენტმა ლუკა დი მონტეძემოლომ, ვისი თქმითაც, მას ახლა პირველ რიგში, მასას გამოჯანმრთელება აინტერესებს, მის შემცვლელზე კი გუნდი მოგვიანებით იფიქრებს.

”ახლა მთავარი ისაა, რომ ფელიპე სრულად გამოჯანმრთელდეს. ის არამერტო ”ფერარის” გუნდის, არამედ მთლიანად ”ფერარის” ოჯახის მნიშვნელოვანი წევრია. ახლა მთავარი მისი ფეხზე დაყენებაა. შემდეგ კი მის დროებით შემცვლელზეც უფრო მშვიდ ვითარებაში ვიფიქრებთ”, - ამბობს დი მონტეძემოლო.

რაც შეეხება პილოტს, ვინც მასას ამ სეზონის ბოლომდე შეცვლის, ის შეიძლება მიხაელ შუმახერიც იყოს. ამაზე ავტოსპორტული მედია ბრაზილიელი პილოტის ავარიის მომენტიდან ლაპარაკობს. ”ფერარი” კი ჯერჯერობით, გარკვეული პასუხისგან თავს იკავებს. ”ამ ეტაპზე, არასწორი იქნებოდა, რომ შუმახერთან დაკავშირებით, დადებითი, ან უარყოფითი პასუხი გაგცეთ”, - განუცხადა გერმანულ გაზეთ ”დერ ტაგესშპიგელს” ”ფერარის” საჯინიბოს შეფმა სტეფანო დომენიკალიმ.

ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი დაბრუნებაზე ფიქრობს, თუმცა ამასთან დაკავშირებით, იტალიური გაზეთი ”კორიერე დელო სპორტი” აღნიშნავს, რომ მოტოავარიის შემდეგ, შუმი ჯერაც ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა.

მასას სხვა შესაძლო შემცვლელთა შორის ასევე განიხილებიან: ფერნანდო ალონსო, გერმანელი ნიკო ჰულკენბერგი, ფრანგი სებასტიან ბურდე, ბრაზილიელი ნესინიუ პიკე და ”ფერარის” ტესტ პილოტები - ესპანელი მარკ ჟენე და იტალიელი ლუკა ბადოერი.

No comments:

Post a Comment