ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, April 29, 2011

ფორმულა 1-ში უდიდესი ბიუჯეტი „ფერარის“ აქვს

Ferrari Have Biggest Budget in F1

29 აპრილი

ესპანურმა ყოველდღიურმა გაზეთმა „ეკ მუნდო დეპორტივომ“ გამოაქვეყნა ანალიტიკურ კომპანია „ბიზნეს ბუკ GP-ს“ მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები, რომლის შესაბამისადაც, მიმდინარე სეზონში, ყველაზე დიდი ბიუჯეტი „ფერარის“ აქვს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ამ სეზონში იტალიური გუნდის ბიუჯეტი 199 მილიონი ევროა. ეს კი ყველაზე ღარიბი გუნდის - „ისპანია რეისინგის“ ბიუჯეტზე თითქმის ექვსჯერ მეტია. ამ უკანასკნელს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისა და სარბოლი მანქანის სრულყოფისთვის, მხოლოდ 34 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი.

სამწუხაროდ, ამაზე მეტ ინფორმაციას ესპანური გამოცემა არ ავრცელებს. თუმცა, მასში ხაზგასმულია, რომ წინა წლებთან შედარებით, ფ1-ის გუნდების ბიუჯეტები მნიშვნელოვნადაა შემცირებული. კერძოდ, თუ 2009 წლის სეზონში, გუნდების საშუალო ბიუჯეტი 209 მილიონი ევრო იყო, შარშან ეს მაჩვენებელი 119 მილიონამდე შემცირდა. ამ სეზონში კი 113 მილიონამდე შემცირდება.

როგორც ჩანს, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ყოფილ პრეზიდენტ მაქს მოსლის გეგმა, რომელიც ფ1-ის გუნდების ბიუჯეტების შეკვეცას ითვალისწინებდა, წარმატებით ხორციელდება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩემპიონატში ყველაზე დიდი მხარჯველები - „ტოიოტა“ და „ბეემვე“ აღარ მონწაილეობენ. ამასთან, „რენომ“ თავისი ყოფილი გუნდის ფინანსური მხარდაჭერა შეწყვიტა. იმის გარდა, რომ ასპარეზი დიდმა კომპანიებმა დატოვეს, დიდი პრიზების ცირკს სამი პატარა გუნდი - „ტიმ ლოტუსი“, „ვირჯინი“ და „ისპანია“ შეუერთდა, რომლებსაც დაბალი ბიუჯეტები აქვთ.

სხვათა შორის, იმ დროს, როდესაც დიდი გუნდები ხარჯებს ამცირებენ, პატარები პირიქით - ზრდიან. ესპანური გამოცემის ინფორმაციით, გასულ სეზონთან შედარებით, ბიუჯეტი „ტიმ ლოტუსმა“, „ვირჯინმა“ და „ზაუბერმა“ გაზარდეს.

Thursday, April 28, 2011

დი მონტეძემოლო: ჩვენ მანქანებს ვაკეთებთ და არა თვითმფრინავებს

Ferrari Boss: We're Building Cars, Not Airplanes

28 აპრილი

„ფერარის“ პრეზიდენტი ლუკა დი მონტეძემოლო არ იღლება იმაზე ლაპარაკით, რომ დროა, ფორმულა ერთის წესები რადიკალურად შეიცვალოს, რის შემდეგაც, საუკეთესო გუნდებს, სტარტზე სამი მანქანის გამოყვანის საშუალება მიეცემათ. დარდა ამისა, აქცენტი უნდა გაკეთდეს ძრავების სრულყოფაზე და არა აეროდინამიკის განვითარებაზე.

უკვე რამდენიმე წელია, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) ძრავების რეგლამენტი გაყინა და ამ აგრეგატების სრულყოფის პროცესი ხელოვნურად შეაჩერა. ამ ნაბიჯის მთავარი მიზანი, დანახარჯების შემცირება და გუნდების მეტნაკლები გათანაბრება იყო.

ყოველივეს გამო, ყველა გუნდმა, თავისი სარბოლი ტექნიკის განვითარების ახალი სტრუქტურა შეიმუშავა, რომელიც ძირითადად, მანქანის აეროდინამიკის განვითარებაზეა მომართული. შესაბამისად, მათი რესურსების დიდი ნაწილი სწორედ ამ ამაზეა მიმართული. თუ ადრე ფ1-ის ბოლიდების ძირითადი ნაწილი ძრავი იყო, ახლა მისი სრულყოფა პრაქტიკულად შეჩერებულია და გუნდების მთავარ საზრუნავს აეროდინამიკა წარმოადგენს. და როგორც ჩანს, ამ საქმეში „ფერარი“ ისეთი ძლიერი არაა, როგორიც ძრავების თავისუფლად სრულყოფის ეპოქაში იყო.

„ფორმულა ერთი სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება აეროდინამიკაზე. ისეთი განცდა მაქვს, რომ თვითმფრინავებს ვაკეთებთ და არა მანქანებს“, - გერმანულ ჟურნალ „აუტო მოტორ უნდ შპორტთან“ საუბრისას ამბობს ბრაზმორეული დი მონტეძემოლო.

არადა, არცთუ დიდი ხნის წინ, „ფერარი“ ტიტულებს ისე ხშირად იგებდა, იფიქრებდით, მსოფლიო ჩემპიონატში უკანასკნელად გამოდისო. ბოლო ტიტული იტალიურმა გუნდმა 2008 წელს მოიპოვა, როცა ჩემპიონი ფინელი კიმი რაიკონენი გახდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც სეზონის განმავლობაში, მანქანის ტესტირება აიკრძალა, მარანელოელები მუდმივად მდევრის როლში არიან. მართალია, ეს დევნა შარშან ლამის ფერნანდო ალონსოს ჩემპიონობით დასრულდა, მაგრამ ეს ტიფოზების გულებს მალამოდ არ ედება. და ლუკაც უკმაყოფილოა.

ყველაფერთან ერთად, დი მონტეძემოლო FIA-ს იმასაც ურჩევს, რომ შეცვალოს ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც, 2013 წლიდან, ახლანდელ V8 ძრავებს, 1.6-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ტურბო აგრეგატები შეცვლის.

„კიდევ ერთი არასწორი ნაბიჯი ცილინდრების შემცირებაა. ჩვენ ხომ მოტოვიკლებს არ ვაწარმოებთ. ასე ფ1-ის დნმ-ს დავკარგავთ. უფრო საინტერესო გამოწვევა იქნებოდა, თუ რვა, ან თორმეტცილინდრიან, ეკონომიურ ძრავებს ვაწარმოებთ“, - დასძენს დი მონტეძემოლო.

ასეა თუ ისე, მალე გუნდებს ახალი თანხმობის ხელშეკრულების გაფორმება მოუწევთ და მოსალოდნელია, რომ მარანელოელები ფედერაციაზე ზეწოლას ეცდებიან...

137 გასწრება სეზონის პირველ 3 რბოლაში

137 Overtaking Maneuvers in First 3 Races of 2011

28 აპრილი

ბერნი ეკლსტოუნს შეუძლია, კმაყოფილმა იფშვნიტოს ხელები - მისი მცდელობით ფორმულა ერთის რეგლამენტში შეტანილი ყველა ცვლილება ზუსტად ისე მუშაობს, როგორც დიდი პრიზების ცირკის პრომოუტერს სურდა. რბოების დროს, გასწრებათა რიცხვი საგრძნობლად გახშირდა. შესაბამისად, მალე ამ ფაქტორის გამო, რბოლებზე დასწრება და ტელეაუდიენცია უნდა გაიზარდოს, რაც სემოსავლების გაზრდას გამოიწვევს.

განსაკუთრებით გამოიკვეთა საბურავების ფაქტორი - „პირელის“ ადვილად ცვეთად რეზინს, რბოლებში ქაოსი შეაქვს, რაც მათ არაპროგნოზირებადს ხდის. საბურავების სწრაფად ცვეთას ორი პირდაპირი შედგი აქვს - გასწრებათა რიცხვის ზრდა და ბოქსებში პილოტების ხშირი ვიზიტები.

გერმანულ ჟურნალ „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ რეპორტიორებმა დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ სეზონის პირველ სამ რბოლაში, სულ გასწრების 137 მანევრი შესრულდა. ამასთან, გასწრებათა რიცხვი, ყოველ შემდგომ რბოლაში მატულობს. არადა, სეზონის პირველ რბოლაში, რომელსაც ავსტრალიის მელბურნმა უმასპინძლა, მხოლოდ 24 გასწრება დაფიქსირდა. მალაიზიაში გასწრებით 45 მანევრი დასრულდა, ყველაზე მეტი გასწრებით კი მაყურებელი ჩინეთის რბოლამ მოხიბლა, რომელზეც 68 შედეგიანი მანევრი განხორციელდა.

მელბურნში ყველაზე მეტ, 8 მეტოქეს „უილიამსის“ ბრაზილიელმა რუბენს ბარიკელომ გაასწრო, მალაიზიაში გერმანელმა ადრიან სუტილმა (ფორს ინდია) და ავსტრალიელმა მარკ უებერმა ყველაზე მეტი - 7-7 გასწრება განახორციელეს, შანჰაიში კი ამ მხრივ, ყველაზე შედეგიანი ისევ უებერი (13) იყო. ეს გასაკვირიც არ იქნება, თუ გავიხსენებთ, რომ „რედ ბულის“ პილოტმა რბოლა მე-18 პოზიციიდან დაიწყო და მესამეზე დაასრუა.

საბურავების გარდა, გასწრებათა რიცხვის ზრდა კერს-მა (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) და რეგულირებადმა უკანა ანტი ფრთამაც განაპირობა.

შუმახერი სარბოლი კარიერის შემდეგაც „მერსედესში“ დარჩება

Schumacher plans to fulfil contract

28 აპრილი

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი თავის სახელოვან სარბოლ კარიერას „მერსედეს ბენცში“ დაასრულებს, თუმცა ამის შემდგაც, გერმანულ გუნდში დარჩება. დიდი პრიზების ცირკში დაბრუნების შემდეგ, შუმახერმა სამქიმიანებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც მომავალი სეზონის ბოლოს დაასრულებს.

„ჩემი საკონტრაქტო ვალდებულებების ბოლომდე შესრულებას ვაპირებ, შემდეგ კი გუნდში დავრჩები და მარკა „მერსედესს“ საერთაშორისო მასშტაბით წარმოვადგენ“, - გერმანულ გამოცემა „ბუნტესთან“ საუბრისას განაცხადა შუმახერმა, რომელსაც მიმდინარე სეზონის პირველი სამი ეტაპის შემდეგ, მხოლოდ 6 ქულა აქვს, რითაც კლასიფიკაციაში მე-11 ადგილი უკავია.

მისთვის შარშანდელი სეზონიც მეტად წარუმატებელი გამოდგა - მხოლოდ 72 ქულა დააგროვა, თითქმის ორჯერ ნაკლები, ვიდრე მისმა თანაგუნდელმა და თანამემამულე ნიკო როსბერგმა. გასული სეზონი შუმიმ მეცხრე ადგილზე დაასრულა, რაც მის კარიერაში, ყველაზე უარესი შედეგია.

„მიხაელი ახლაც ძალიან ძლიერია და ის უმაღლეს დონზეე ასპარეზობს. მის საჯობნად, მაქსიმალურად გარჯა მიწევს. დამიჯერეთ, ეს ადვილი არაა. თანაც, ამ სეზონში ის გაცილებით სწრაფია, ვიდრე შარშან იყო. თუმცა ეს მის შედეგებზე ყოველთვის არ აისახება“, - ასე აფასებს თავის სახელოვან თანაგუნდელს როსბერგი.

მიხაელ შუმახერმა 2000-2004 წლებში, „ფერარისთან“ ერთად, მსოფლიო ჩემპიონის 5 ტიტული მოიპოვა (მანამდე, ბენეტონში კიდევ ორი ჰქონდა მოპოვებული), 2006 წელს კი კარიერა დაასრულა. თუმცა, იტალიურ გუნდში კონსულტანტად დარჩა და პარალელურად, სერიულ სპორტულ ავტომობილებს ცდიდა. დაბრუნბაზე ის 2009 წელსაც დაფიქრდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უნგრეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე მომხდარ ინციდენტისას, მძიმედ დაშავდა „ფერარის“ ბრაზილიელი პილოტი ფელიპე მასა. მაშინ შუმახერს მასას შეცვლა სურდა, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და ამის მიზეზად, მოტოავრიისას დაზიანებული კისრის მალები დაასახელა.

თუმცა, როგორც ჩანს, შუმის დაბრუნბა მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ოღონდ ეს „ფერარისთან“ ერთად კი არა, სამქიმიანებთან ერთად გააკეთა. თუმცა, რბილად რომ ითქვას, მოლოდინს ვერ ამართლებს...

Wednesday, April 27, 2011

ბერნის თურქული ეტაპი არ ეთმობა

Ecclestone Will Push for Turkish GP Revival in 2012

27 აპრილი

თურქეთის დიდი პრიზის ორგანიზატორები და ფორმულა 1-ის კომერციულ უფლებათა განმკარგველი ბერნი ეკლსტოუნი, მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპის ჩატარებისთვის საჭირო გადასახადის მოცულობაზე ვერ შეთანხმდნენ. ამის გამო, თურქულ რბოლას კალენდრიდან ამოვარდნის საშიშროება დაემუქრა.

ბერნიმ თურქებს გადასახადის გაორმაგება მოსთხოვა, თუმცა რბოლის ორგანიზატორებმა ამაზე მტკიცე უარი შეუთვალეს და პრინციპში, ამით თავიანთი ასპარეზობა რისკის ქვეშ დააყენეს. ბევრი თურქეთის დიდ პრიზს უკვე დაემშვიდობა კიდეც. მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

უფრო მეტიც, ბოლო ცნობები ცხადყოფს, რომ ბერნი მზადაა, დათმობაზე წავიდეს და თურქებს გადასახადი არ გაუზარდოს. უფრო მეტიც, ის იმედოვნებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში, თურქული ეტაპი კიდვ არაერთი სეზონით დარჩება. უფრო მეტიც, ის თვლის, რომ ისტანბულ პარკის ავტოდრომი, მსოფლიოში საუკეთესოა.

„ამ რბოლას უამრავი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. მისი წყალობით, ქალაქში ვაჭრობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდა, რეკლამას ფასი დაედო, ისტანბულის მნახველი ტურისტების რიცხვიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. გული დამწყდა მის გამო, რომ ჩვენმა თურქმა პარტნიორებმა, კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვეს. თუმცა ვიმედოვნებ, რომ შეთანხმებას მაინც მივაღწევთ“, - ამბობს ეკლსტოუნი.

თურქეთის დიდი პრიზი ფ1-ის კალენდარში პირველად 2005 წელს გამოჩნდა და დებიუტისთანავე, მისი ორგანიზატორები პრობლემებს წააწყდნენ. პილოტების უმეტესობას, ისტანბულ პარკის ტრასა ძალიან მოსწონს, თუმცა რბოლას ყოველთვის ცოტა მაყურებელი ჰყავს, რის გამოც, ის წამგებიანია.

„ეს არ არის მომგებიანი შეჯიბრი. ბევრი ფულია საჭირო იმისათვის, რომ ამ სისტემამ იმუშაოს. მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა, რომელიც ყველაფერს გასაგებს ხდის - თურქებში რბოლები პოპულარობით არ სარგებლობს“, - ამბობს ისტანბულის მერი კადირ ტოპბასი.

იმ სიტუაციაში, როდესაც რბოლის ორგანიზატორები, გაწეული ხარჯების ანაზღაურებას ვერ ახერხებენ, გადასახადის გაორმაგება გაკოტრების ტოლფასი იქნებოდა. თურქებმა ფ1-ზე უარი სწორედ ამიტომ თქვეს. მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბერნი თურქული ეტაპის ერთ-ერთი ორგანიზატორია. და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ კალენდარში მისი დიდი ხნით შენარჩუნება სურს...

„ტიმ ლოტუსი“ სახელის შეცვლას არ ჩქარობს

Team Lotus Yet to Decide on Name Change

27 აპრილი

მართალია, ფორმულა 1-ის ბრიტანულ-მალაიზიურმა გუნდმა „ტიმ ლოტუსმა“ დაადასტურა, რომ სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია „კატერჰემი“ შეისყიდა, მაგრამ ისიც გამოაცხადა, რომ გუნდისთვის სახელის შეცვლას არ ჩქარობს და ამასთან დაკავშირებით, ლონდონის უმაღლესი სასამართლოს დადგენილებას დაელოდება.

არადა, ბევრი ელოდა, რომ „ტიმ ლოტუსმა“ „კატერჰემი“ იმისათვის შეიძინა, რათა ეს სახელი სასამართლოში კონკურენტ „ლოტუს რენოსთან“ და სპორტული ავტომობილების მწარმოებელ ბრიტანულ კომპანია „ლოტუსთან“ (რომელიც მალაიზიურ საავტომობილო კომპანია პროტონს ეკუთვნის) საქმის წაგების შემთხვევაში გამოიყენოს.

„ასე იმის გამო არ მოვქცეულვართ, რომ სასამართლოში საქმის წაგების შემთხვევაში, გუნდს სახელი გადავარქვათ. მე და გუნდის აქციონერები სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდებით და სამოქმედო გეგმას მხოლოდ ამის შემდეგ შევიმუშავებთ“, - ამბობს „ტიმ ლოტუსის“ და ავიაკომპანია „ეარეიჟას“ მფლობელი ტონი ფერნანდესი.

ლონდონის უმაღლეს სასამართლოში მხარეთა მოსმენები უკვე დასრულებულია. საბოლოო გადაწყვეტილება მალეა მოსალოდნელი. და როგორც ჩანს, ყველაფერი თურქეთის დიდ პრიზამდე გაირკვევა. თუმცა არაა გამორიცხული, რომ ისტანბულში ორივე გუნდმა ისევ „ლოტუსის“ იასპარეზოს.

ჰოლანდიურმა ვებგვერდმა „ფ1თუდეიმ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფერნანდეს და კომპანიამ უკვე ორი ახალი ინტერნეტ დომენი (sonangolcaterhamf1.com და sonangolcaterhamteamlotus.com) დაარეგისტრირეს. ამასთან, გუნდს მალე სპონსორობას ანგოლური ნავთობკომპანია „სონანგოლი“ გაუწევს, რომლისს ახელი ასევე შესულია დომენის სახელწოდებაში. ამიტომ, ახლავე შეიძლევა იმის ვარაუდი, რომ ჯგუფ „ლოტუსთან“ საქმის წაგების შემთხვევაში, გუნდს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატში „ტიმ ლოტუსის“ სახელით ასპარეზობს, „სონანგოლ კატერჰემ F1“ დაერქმევა.

Sunday, April 24, 2011

კუბიცამ ჰოსპიტალი დატოვა

Kubica leaves Italian hospital

24 აპრილი

„რენოს“ პოლონელი მრბოლი რობერტ კუბიცა იტალიის ქალაქ სანტა კორონას ჰოსპიტალიდან გამოეწერა, სადაც, რალის რბოლაში მომხდარი ავარის შემდეგ, 11 კვირა გაატარა. გამოწერის მიუხედავად, ჯერ ცნობილი არაა, შეძლებს თუ არა თავისი სარბოლი კარიერის გაგრძელებას.

„რობერტ კუბიცამ პიეტრა ლიგურეს სანტა კორონას ჰოსპიტალი დატოვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და ახლა რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დაწყება შეუძლია, რისთვისაც ჰოსპიტალში მისი დარჩენა საჭირო არ იყო. თუმცა, მისი მკურნალი ექიმები კვლავაც მიაქცევენ ყურადღებას“, - ნათქვამია ჰოსპიტალის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ავარიაში კუბიცამ მარჯვენა ხელის და ფეხის მრავალჯერადი მოტეხილობები მიიღო. განსაკუთრებით კი მარჯვენა ხელის იდაყვი დაუზიანდა. ჰოსპიტალის დატოვებამდე პოლონელმა განაცხადა, რომ სანამ რეაბილიტაციის ახალ კურსს დაიწყებდეს, ცოტას დაისვენებს.

„ჰოსპიტალს დავტოვებ თუ არა, შინ, მონაკოში გავემგზავრები და ცოტა ხნით დავისვენებ. შემდეგ კი იტალიაში, დოქტორ რიკარდო ჩეკარელის სამკურნალო ცენტრში გავემგზავრები და რეაბილიტაციის საფუძვლიან კურსს ჩავიტარებ დავე მსუბუქად ვარჯიშსაც შევუდგები. ოღონდ, ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ პირველი პროცედურების შემდეგ, ექიმები ვარჯიშის დაწყებას უსაფრთხოდ მიიჩნევენ“, - ამბობს კუბიცა.

დოქტორი ჩეკარელი კი ამბობს, რომ მხოლოდ აგვისტოში იქნება შესაძლებელი იმის თქმა, შეძლებს თუ არა პოლონელი პილოტი თავისი კარიერის გაგრძელებას და თუ შეძლებს, როდის შეიძლება დაუბრუნდეს სარბოლი ავტომობილის საჭეს.

Saturday, April 23, 2011

მონაკოში რეგულირებად ფრთებს აკრძალავენ

DRS could be banned in Monaco

23 აპრილი

არაა გამორიცხული, რომ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA), მონაკოს დიდი პრიზის დროს, რეგულირებადი უკანა ფრთის გამოყენება დროებით აკრძალოს. ამის საბაბი კი უსაფრთხოება იქნება - ქალაქ-სახელმწიფოს ვიწრო, მოსახვევებიან ქუჩებში, ასეთი ფრთის გამოყენება, ზოგიერთ მრბოლს სახიფათოდ მიაჩნია.

თუმცა, მათი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ მონაკოს ქუჩებში არაა საკმარისი სიგრძის სწორი მონაკვეთები, რომლებზეც შესაძლებელი იქნება ამ ელემენტის ეფექტურად გამოყენება. აქედან გამომდინარე, ის აზრს კარგავს. ესეც რომ არა, თავისუფალ პრაქტიკებსა და კვალიფიკაციაზე, რეგულირებადი უკანა ფრთა რბოლებს სახიფათოს გახდის.

საქმე ისაა, რომ მონაკოში დიდი მნიშვნელობა აქვს კვალიფიკაციაზე კარგი შედეგის ჩვენებას, რაც პილოტებს რბოლის უკეთესი პოზიციიდან დაწყების საშუალებას აძლევს. ამიტომ, მათ ექნებათ იმის ცდუნება, რომ რეგულირებადი უკანა ფრთა სწრაფ მოსახვევებში გამოიყენონ. მაგალითად, გვირაბში, რომელიც ერთ დიდ მარჯვენა მოსახვევს წარმოადგენს. გვირაბიდან გამოსვლის შემდგ კი მოკლე სწორია, რომელსაც პილოტები დასამუხრუჭებლად იყენებენ. ეს ტრასის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მონაკვეთია.

ამ თემაზე, FIA თურქეთის დიდი პრიზის დროს, გუნდებთან და მრბოლებთან კონსულტაციებს გამართავს, რომლების შემდეგაც, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა, FIA-ს ტექნიკური კომისიის თანამშრომლები ახლავე საუბრობენ იმაზე, რომ მონტე კარლოში, პილოტებს რეგულირებადი ფრთის გარეშე ასპარეზობა მოუწევთ.

საერთო ჯამში, პილოტების და სპეციალისტების უმეტესობა, რეგულირებად უკანა ფრთას დადებითად აფასებს. ისინი თვლიან, რომ ამ ელემენტის წყალობით, რბოლები სანახაობრივად უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდა. მას თურქული ეტაპის დროსაც გამოიყენებენ. მისი აქტივაციის ადგილად კი მე-1 და მე-12 მოსახვევებს შორის არსებული გრძელი სწორი მონაკვეთები შეარჩიეს. თუმცა, ჯერ განსაზღვრული არაა, თუ რა სიგრძე ექნება ფრთის აქტივაციის ზონებს.

Wednesday, April 20, 2011

„რედ ბული“ თურქეთისთვის კერს-ის გაუმჯობესებას გეგმავს

Red Bull plans KERS upgrade for Turkey

20 აპრილი

თურქული ეტაპისთვის, „რედ ბულ რეისინგი“ კერს-ის გაუმჯობესებულ ვერსიას მოამზადებს, რათა ამ სისტმამ გუნდს პილოტებს - სებასტოან ფეტელს და მარკ უებერს რბოლების დროს, წარმატებაში ხელი აღარ შეუშალოს. კერს-ის გაუმართაობა პირველ სამ რბოლაში, „რედ ბულის“ მთავარი პრობლემა იყო. ორ პიტსტოპიანი სტრატეგიის გარდა, კერს-იც იყო იმის მიზეზი, რომ ფეტელმა ზედიზედ მესამე რბოლის მოგება ვერ შეძლო.

კერს-თან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად, გუნდს ბევრი ტექნიკური საკითხის გადაჭრა მოუწევს, თუმცა მისი შეფი ქრისტიან ჰორნერი დარწმუნებულია, რომ ტექნიკური პერსონალი სამუშაოს დროულად შეასრულებს და თურქეთიდან მოყოლებული, RB7-ზე ეს სისტემაც გამართულად იმუშავებს.

„ყოველი რბოლის შემდეგ, ჩვენ ამ სისტემის გასაუმჯობესებლად ვმუშაობთ. თურქეთისთვის მას კიდევ ერთხელ ერულვყოფთ. რაც დრო გადის, ამ სისტემის მუშაობას სულ უფრო უჯეთ ვსწავლობთ. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, მალე ის ჩვენი მანქანის სუსტი წერტილი აღარ იქნება“, - ამბობს ჰორნერი.

გავრცელებული ინფორმაციით, „რედ ბულის“ კერს-ის მთავარი პრობლემა, მისი აკუმულატორის გაგრილების სისტემის არაეფექტურობაა. სისტემა მეტად მჭიდრო სივრცეშია მოტავსებული, რათა მან არ გააუარესოს ავტომობილის აეროდინამიკური მახასიათებლები. ამის მიზეზი ისაა, რომ გუნდმა კერს-ი თავის მანქანაზე სეზონისწინა ტესტების მიწურულს დააყენა და ამიტომ, მისი ჯეროვანი ტესტირება ვერ მოასწრო.

„თანამედროვე ფორმულა ერთში, კერს-ს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტო გასაკვირი სულაც არ უნდა იყოს, რომ ჩვენ პირველ რიგში, მის სრულყოფას ვცდილობთ. „მაკლარენს“ და „მერსედესს“ ამ სისტემის შემუშავების უზარმაზარი გამოცდილება აქვთ და ეს იმაშიც გამოიხატება, რომ მათ საუკეთესო კერს-ი აქვთ, ამიტო, დაუღალავად უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ მათ დავეწიოთ“, - ამბობს უებერი (ფოტოზე, რბოლისას).

ავსტრალიელმა მრბოლმა აღნიშნა, რომ ჩინური როლის დღეებში, სწორედ კერს-ის გამო, მისი მანქანა ოთხჯერ დაშალეს, რაც მისი რიგიანად მომართვის საქმეში ხელის შემშლელი გარემოება იყო, რადგან მანქანის დაშლის დროს, შეცდომის დაშვება ადვილია.

„მაკლარენი“ ჩინეთში ორ პიტ სტოპს გეგმავდა

McLaren planned two stops for China

20 აპრილი

შეცდომამდე, ბატონი რბოლის ლიდერი იყო...

..............................

დღეს ყველამ იცის, რომ ჩინეთში „მაკლარენმა“ და ლუის ჰამილტონმა, „რედ ბულისა“ და სებასტიან ფეტელის ტანდემი სამ პიტსტოპიანი სტრატეგიის წყალობით დაამარცხეს. მაგრამ როგორც ირკვევა, რბოლის წინ, მათაც ბოქსში მხოლოდ ორჯერ შესვლა ჰქონიათ დაგეგმილი.

ჰამილტონმა ამ სეზონში პირველი გამარჯვება იმის წყალობით მოიპოვა, რომ ბოქსში მესამე ვიზიტის შემდეგ, მისი საბურავები ფეტელისაზე უკეთეს მდგომარეობაში იყო. სწორედ ამით ისარგებლა და გერმანელს, ვინც ბოქსში მხოლოდ ორჯერ შევიდა, ფინიშამდე ხუთიოდ წრით ადრე გაასწრო.

„მაკლარენის“ მთავარი სარბოლი ინჟინერი ფილ პრიუ ამბობს, რომ მან ჰამილტონსაც და ჯენსონ ბატონსაც ბოქსში ორ-ორი ვიზიტი დაუგეგმა. თუმცა რბოლის დროს გაირკვა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ რეზინს მესამედაც შეცვლიდნენ.

„წინ ბევრი მანძილი იყო გასავლელი. და ვიფიქრეთ, რომ კარგს ვიზამდით, თუ ტაქტიკას შევცვლიდით. ჩვენ სწრაფად გავაკეთეთ ანალიზი და ჩავთვალეთ, რომ კარგი იქნებოდა, თუ ბიჭებს მესამედაც შემოვიყვანდით. ანალიზმა აჩვენა, რომ ახალი რეზინით ისინი უფრო სწრაფები იქნებოდნენ. ამაში თავად ლუისი და ჯენსონიც დაგვეთანხმნენ. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საბურავების კიდევ ერთხელ შეცვლით, ბიჭები უფრო სწრაფად ივლიდნენ“, - ამბობს პრიუ და დასძენს, რომ როცა მესამე პიტ სტოპის გადაწყვეტილება მიიღეს, დარწმუნებულებიც არ იყვნენ იმაში, რომ ორი სტოპის შემთხვევაში, საბურავები ფინიშამდე გაძლებდა.

გუნდის შეფმა მარტინ უიტმარშმა განცხადა, რომ პირველი პიტ სტოპის დროს, ბატონის მიერ დაშვებული შეცდომა პილოტს გაცილებით ძვირად დაუჯდა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონი „რედ ბულის“ ბოქსის წინ გაჩერდა. უფრო მეტიც, ის დარწმუნებულია, რომ ორივე პილოტი ერთი წრით ადრე უნდა გაჩერებულიყო. მაგრამ რამდენადაც თავიდან ბოქსში მხოლოდ ორჯერ შესვლა იგეგმებოდა, პირველი პიტი ერთი წრით გადაიდო, რამაც ორივეს დრო დააკარგვინა.

„პირველი პიტ სტოპის წინ, პირველი ორი პოზიცია გველავა, ტრასაზე დაბრუნების შემდეგ კი მეხუთე და მეექვსე ადგილებზე აღმოვჩნდით. ეს ფაქტი შემდეგში ანალიზის დროს გამოვიყენეთ, რომელმაც გვიკარნახა, რომ რეზინის მესამედ შეცვლა აუცილბელი იყო. ჯენსონს შეცდომა მინიმუმ ორი წამის ფასად დაუჯდა, დაახლოებით ამდნივე დაკარგა იმის გამო, რომ ბოქსში ერთი წრით ადრე არ შემოვიდა. იგივე ითქმის ლუისზეც. იმ განსხვავებით, რომ მას შეცდომა არ დაუშვია. თუმცა ამის გამო, მას მასამ გაასწრო“, - ამბობს უიტმარში.

„ფერარი“ პრობლემების სწრაფ მოგვარებას არ ელის

Ferrari sees no quick fix for car woes

20 აპრილი

„ფერარი“ აღიარებს, რომ თავისი მანქანის აეროდინამიკური პრობლემების სწარაფ მოგვარებას არ მოელის. უფრო მეტიც, მარანელოელები ამბობენ, რომ ჯერ თავიანთი მანქანის არაკონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებით, არანაირი პასუხები არ აქვთ. და ბუნებრივია, არც ის იციან, თუ სად ეძებონ რთული სიტუაციიდან გამოსავალი.

იტალიური გუნდის ინჟინრებს უკვირთ, რომ სეზონის დაწყებამდე, მათ მიერ შემუშავებული ზოგიერთი აეროდინამიკური დეტალი არ მუშაობს. არადა, აეროდინამიკურ მილში ჩატარებული ტესტები აჩვენებდა, რომ მათ მანქანის გზის საფართან ჩაჭიდება უნდა გაეუმჯობესებინათ. ახლა გუნდი სწორედ ამ საკითხითაა დაკავებული და სანამ პრობლემის არსს გაარკვევს, არანაირი სიახლის შემუშავება არ იგეგმება. ეს კი ნიშნავს, რომ „ფერარი“ საკუთარი მანქანის სრულყოფის გრაფიკს ჩამორჩება.

კითხვაზე, რა არის იმის მიზეზი, რომ აეროდინამიკური მილისა და სატრეკო ტესტების შედეგებს შორის ასეთი სხვაობაა, საჯინიბოს შეფი სტეფანო დომენიკალი პასუხობს: „ამ ეტაპზე, სწორედ ესაა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. მანქანა ჯერ იმ დონეზე არაა, ჩვენ რომ ვისურვებდით. მე პრაგმატული ადამიანი ვარ და ვიცი, რომ ჩვენს ინჟინრებს დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევთ, მაგრამ პრობლემა სწრაფად მოგვარებადი არაა. თურქეთში სასწაულს არ ველი, რადგან ვიცი, რომ ასეთ მოკლე ვადაში, საქმეს ვერ გამოვასწორებთ“.

„ფერარის“ ბოლიდი განსაკუთრებით სუსტად კვალიფიკაციების დროს მუშაობს. დომენიკალი თვლის, რომ მანქანის საკვალიფიკაცის შესაძლებლობები მიუღებელია. რბოლაში ის შედარებით უკეთესია, თუმცა, „რედ ბულთან“ და „მაკლარენთან“ მიახლოებასაც ვერ ახერხებს. ეს ჩინეთშიც გამოჩნდა, სადაც ფელიპე მასას (ფოტოზე) კვარცხლბეკისთვის ბრძოლის შანსი მიეცა, თუმცა რბოლის მიწურულს, საბურავების გამო, ეს შანსი ხელიდან გაუშვა.

ჩინეთში თავისი გუნდის გამოსვლით, დომენიკალი უკმაყოფილოა: „რა თქმა უნდა, ჩვენ ამ რბოლის შედეგით გაწბილებული ვართ, სხვაგვარად ვერ ვიტყვით. მაგრამ რბოლა გაანალიზებას მოითხოვს. ბევრი თვლის, რომ ორ პიტსტოპიანი სტრატეგია შეცდომა იყო. მგრამ შეხედეთ პირველი ექვსი მანქანის შედგებს, ისინი ფინიშთან საკმაოდ მცირე სხვაობით მივიდნენ. მცირე ცვლილება და რბოლის ბოლო ნაწილი სრულიად განსხვავებული იქნებოდა. ფერნანდოზე შემიძლია ვთქვა, რომ მას არ გაუმართლა, რადგან დიდხანს შუმახერის უკან იყო და მას ამაოდ უტევდა, რამაც მისი საბურავები ადრე დააზიანა. რაც შეეხება ფელიპეს, რბოლის დიდი ნაწილი მან მოწინავეთა შორის გაატარა, მაგრამ ბოლოს მისი მყარი საბურავები მწყობრიდან იმაზე ადრე გამოვიდა, ვიდრე ველოდით“.

Tuesday, April 19, 2011

წამის მეხუთედის ფასი

Ogier pips Latvala to Jordan win in closest ever finish

19 აპრილი

რალის ისტორიაში ყველაზე მჭიდრო ფინიშით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მხუთე ეტაპი - იორდანიის რალი. ფრანგმა სებასტიან ოჟიემ სულ რაღაც 0.2 წამით აჯობა ფინლ იარი-მატი ლატვალას, რომელმაც ბოლო სპეცმონაკვეთის წინ, ლიდერობა იგდო ხელთ, თუმცა მისი შენარჩუნება ვერ შეძლო.

ასპარეზობის ბოლო დღის დაწყებამდე, ლატვალა ოჟიეს 33.1 წამით ჩამორჩებოდა, თუმცა შემდგომ სპეცმონკვეთებზე იმდენი შეძლო, რომ დაწინაურება შეძლო. მაგრამ ფრანგმა როგორღაც შეძლო მობილიზება და ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა.

„განსაკუთრებული, განსაკუთრებული დღეა. ბოლომდე ჯოჯოხეთურ ტემპში რბოლა მიწევდა. იარი-მატი ძალიან სწრაფი იყო და რისკის ზღვარზე მიწევდა ასპარეზობა იმისათვის, რომ ფინიშთან პირველი ვყოფილიყავი“, - ნარბოლევს განაცხადა „სიტროენის“ მრბოლმა.

აქამდე ყველაზე მჭიდრო ფინიში 2007 წლის ახალი ზელანდიის რალიზე დაფიქსირდა, რომლის ფინიშზეც, ფინელმა მარკუს გრონჰოლმმა 0.3 წამით აჯობა მსოფლიოს აწ უკვე შვიდგზის ჩემპიონ სებასტიან ლოებს, რომელიც ამჯერად მესამე ადგილს დასჯერდა, თუმცა დღის დასაწყისში მეორე იყო.

ამის მიუხედავად, ლოებმა ჩემპიონატში ლიდერობა შეინარჩუნა. მას 74 ქულა აქვს და 5 ქულით ჩამორჩება ფინლი მიკო ჰირვონენი, რომელიც იორდანიაში მეოთხე ადგილს დასჯერდა. 66 ქულით მესამე ადგილზე ლატვალაა.

მსოფლიო ჩემპიონატის მორიგ ეტაპს იტალიის კუნძული სარდინია უმასპინძლებს.

იორდანიის რალის შედეგები

1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 2:48:28.200

2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) +00:00.200

3. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 00:27.700

4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 02:44.700

5. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 05:44.900

6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) 06:14.900

7. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) 09:18.700

8. ხალიდ ალ ყასიმი (ემირატები, ფორდი) 09:43.700

9. დენის კუიპერსი (ჰოლანდია, ფორდი) 14:27.500

10. ბერნარდო სოუზა (პორტუგალია, ფორდი) 15:05.500

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. სებასტიან ლოები - 74 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი - 72; 3. სებასტიან ოჟიე - 69; 4. იარი-მატი ლატვალა - 66; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სოლბერგ რალი) - 31; 6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდ) - 28; 7. მეტიუ უილსონი - 22; 8. კიმი რაიკონენი - 18; 9. ფედერიკო ვილაგრა - 12; 10. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) - 10

კონსტრუქტორთა პირველობა

1. სიტროენ ტოტალ WRT - 130 ქულა; 2. ფორდ აბუ დაბი WRT - 130; 3. M-შპორტ სტობარტ ფორდ WRT - 43; 4. აის 1 რეისინგ - 26; 5. პეტერ სოლბერგ WRT - 22; 6. მუნჩი’ს ფორდ WRT - 20; 7. ტიმ აბუ დაბი - 13; 8. ფერმ პაუერტულზ WRT - 10; 9. მონსტერ WRT - 6

Sunday, April 17, 2011

ჰამილტონმა ფეტელის გამარჯვებათა სერია შეწყვიტა

Hamilton ends Vettel's winning streak

17 აპრილი

ლუის ჰამილტონია ის მრბოლი, რომელმაც ფეტელისა და „რედ ბულ რეისინგის“ ტრიუმფული სვლა შეაჩერა. ბრიტანელმა პილოტმა, სტარტიდან ფინიშამდე, შესანიშნავად ჩაატარა რბოლა და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი, რითაც კარიერაში მე-15 გამარჯვება იზეიმა. თანაც, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, რბოლის მიწურულს, ფეტელს შესანიშნავი მანევრით აუარა გვერდი.
რა თქმა უნდა, აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ჰამილტონს და „მაკლარენს“, ძლევამოსილი გერმანულ-ავსტრიული დუეტის დამარცხებაში, ხელი სწორმა სარბოლო სტრატეგიამ შეუწყო, რომლის წყალობითაც, რბოლის მიწურულს, მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონს უფრო ახალი საბურავები ჰქონდა, ვიდრე ფეტელს. და გასწრებაც ამის წყალობით შესძლო...
ისიც უნდა ითქვას, რომ სამპიტსტოპიანი ტაქტიკა რომ არა, ჰამილტონს და „მაკლარენს“ ფეტელის და „რედ ბულის“ დამარცხება გაუჭირდებოდათ. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ უებერმა, ვინც სტარტი მე-18 ადგილიდან აიღო, სწორედ სამ სტოპიანი ტაქტიკით შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. თანაც, ფინიშთან ფეტელს 2 წამზე ოდნავ მეტით ჩამორჩა. და ვინ იცის, რბოლის პირველ ნახევარში მას არაერთი, გაცილებით ნელი მეტოქე რომ არ ჰყოლოდა წინ, იქნებ გამარჯვებულის საპატივცემულოდ ბრიტანეთის კი არა, ავსტრალიის ჰიმნი აჟღერებულიყო...
რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ გასახურებელ წრეზე წასვლის წინ, ჰამილტონს სერიოზული ტექნიკური პრობლემები შეექმნა - მისმა მექანიკოსებმა ძლივს მოახერხეს მანქანის ძრავის გაშვება. და ეს რომ დროულად არ გაეკეთებინათ, ჰამილტონს სტარტის ბოქსებიდან აღება მოუწევდა - მისმა მანქანამ პიტლეინი, მის დახურვამდე 29 წამით ადრე დატოვა...

სხვათა შორის, ჰამილტონი პირველი მრბოლია, ვინც ჩინური დიდი პრიზი მეორედ მოიგო. ეს ეტაპი ფ1-ის კალენდარში 2004 წელს გამოჩნდა და აქამდე მას სულ სხვადასხვა პილოტები იგებდნენ. ისიც საინტერესოა, რომ ჰამილტონმა შანჰაიში პირველი გამარჯვება 2008 წელს მოიპოვა, იმ სეზონში, რომელიც ტიტულის მოპოვებით დააგვირგვინა.

შეგახსენებთ, რომ შანჰაიმდე, ფეტელს ზედიზედ ოთხი რბოლა ჰქონდა მოგებული (მათგან ამ სეზონში ორი) და ჩინური ეტაპის კვალიფიკაციაც დიდი უპირატესობით მოიგო. როგორც ჩანს, ის იმდენად იყო დარწმუნებული თავის უპირატესობაში (უებერი ხომ სტარტზე ძალიან შორს იდგა), რომ ორპიტსტოპიანი ტაქტიკა აირჩია და შეცდა კიდეც - ფინიშამდე 7 წრით ადრე, ჰამილტონი დაეწია და ბევრი მცდელობა არც დასჭირვებია, საკმაოდ იოლად გაუარა.

„ვულოცავ ლუისს და „მაკლარენს“. მათ შესანიშნავად იმუშავეს. ფინიშამდე შვიდი წრით ადრე მივხვდი, რომ მის შეტევებს დიდხანს ვერ გავუძლებდი. მეორე ადგილითაც არ ვარ უკმაყოფილო... როგორც ჩანს, დღეს გამარჯვება შეუძლებელი იყო“, - განაცხადა ფეტელმა, ვისაც ჩინეთის შემდეგ, 68 ქულა დაუგროვდა და ადვილად შეინარჩუნა ლიდერობა.

სტარტზე ფეტელს ჰამილტონმა და ბატონმა ერთად გაუარეს. გერმანელმა რომ დაინახა, ბატონის შეკავებას ვეღარ ახერხებდა, ჰამილტონის ჩაკეტვა სცადა და საკმაოდ მკვეთრი მანევრიც შეასრულა, თუმცა ბრიტანელი არ შედრკა და ბოლო მომენტამდე, გაზიდან ფეხი არ აუღია. უფრო მეტიც, ფეტელს ნიკო როსბერგმაც შეუტია და თითქოს, გასწრებისთვის ხელსაყრელ პოზიციაშიც აღმოჩნდა, თუმცა ჩემპიონმა მისი შეკავება მაინც მოახერხა. თავის მხრივ, როსბერგს ფელიპე მასამ შეუტია, რომელსაც ფერნანდო ალონსო უტევდა. მაგრამ საბოლოოდ, ოთხივემ თავ-თავისი პოზიციის შენარჩუნება შეძლო.

ბატონმა პიტსტოპების პირველ სერიამდე შეძლო ლიდერობის შენარჩუნება, ბოქსებში კი დასანანი შეცდომა დაუშვა - „რედ ბულის“ ბოქსთან გაჩერდა, რომელიც ფეტელის მოლოდინში იყო. ბატონი თავის შეცდომას გვიან მიხვდა და სანამ თავის ბოქსთან მიაღწევდა, „რედ ბულის“ მექანიკოსებს ფეტელისთვის რეზინის შეცვლა უკვე დაწყებული ჰქონდათ. მოკლედ, ბატონმა ფეტელს გასწრების საშუალება მისცა და გერმანელმა ეს შანსი შესანიშნავად გამოიყენა. სხვათა შორის, სანამ ბოქსში შევიდოდა, ფეტელმა ჰამილტონის გასწრებაც მოასწრო. მოგვიანებით კი, პიტსტოპების პირველი სერიის შემდეგ, ჰამილტონს მასამაც გაასწრო. წინ კი როსბერგი აღმოჩნდა, რომელმაც იმით იხეირა, რომ რეზინი სხვებზე ადრე შეცვალა.

მაგრამ პიტსტოპების მეორე სერიის შემდეგ, ჰამილტონმა დანაკარგების ანაზღაურება შეძლო - ჯერ ბოქსში ადრეული ვიზიტის წყალობით, მასა ჩამოიტოვა, 36-ე წრეზე კი თანაგუნდელ ბატონსაც გაასწრო. მალევე ისინი მესამედ შევიდნენ ბოქსში, საიდან დაბრუნებულებიც, როსბერგის უკან აღმოჩნდნენ. თუმცა, ჰამილტონმა მალევე გაასწრო თავის გერმანელ მეგობარს.

ამ დროს ლიდერი ფეტელი იყო, ვისაც არც ისე შორს მისდევდა მასა. ორივე ორპიტსტოპიანი ტაქტიკით ასპარეზობდა. 45-ე წრეზე ჰამილტონმა მასას გაასწრო, უებერმა კი მეხუთე ადგილიდან ალონსო ჩამოაქვეითა. მასას ჩამოტოვების შემდეგ, ჰამილტონი ფეტელსაც მალე დაეწია და ერთი-ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, საკმაოდ იოლად გაუარა. უებერმა კი, ვინც ამ დროს ტრასაზე ყველაზე სწრაფი იყო, ერთმანეთის მიყოლებით, ჯერ როსბერგი, შემდეგ კი ბატონიც ჩამოიტოვა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. სამწუხაროდ, დრო აღარ დარჩა, თორემ ავსტრალიელი თანაგუნდელზეც მიიტანდა იერიშს...


ჩინეთის დიდი პრიზი

შანჰაი. ტრასის სიგრძე 5.451 კმ, დისტანცია 305.066 კმ (56 წრე)

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:36:58.226

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) +00:05.198

3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:07.555

4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:10.000

5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:13.448

6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:15.840

7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:30.622

8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 00:31.026

9. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 00:57.404

10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 01:03.273

11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 01:08.757

12. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 01:12.739

13. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 01:30.189

14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 01:30.671

15. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია) 1 წრე

16. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1 წრე

17. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1 წრე

18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1 წრე

19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1 წრე

20. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 2 წრე

21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 2 წრე

22. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 2 წრე

23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 2 წრე

გ. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 47 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: მარკ უებერი - 1:38.993, 42-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი - 68 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 47; 3. ჯენსონ ბატონი - 38; 4. მარკ უებერი - 37; 5. ფერნანდო ალონსო - 26; 6. ფელიპე მასა - 24; 7. ვიტალი პეტროვი - 17; 8. ნიკ ჰაიდფელდი - 15; 9. ნიკო როსბერგი - 10; 10. კამუი კობაიაში - 7; 11. მიხაელ შუმახერი - 6; 12. სებასტიან ბუემი - 4; 13. ადრიან სუტილი - 2; 14. პოლ დი რესტა - 2

კონსტრუქტორთა პირველობა

1. რედ ბულ-რენო - 105 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 85; 3. ფერარი - 50; 4. რენო - 32; 5. მერსედესი - 16; 6. ზაუბერ-ფერარი - 7; 7. ფორს ინდია-მერსედესი - 4; 8. ტრორო როსო-ფერარი - 4

Saturday, April 16, 2011

ფეტელმა პოულების ჰეთ-თრიკი შეასრულა

Vettel on pole position in China

16 აპრილი

მარცხნიდან: ჰამილტონი, ფეტელი და ბატონი

..............................

სებასტიან ფეტელი ისევ პოულ პოზიციაზეა - ჩინეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლის სხვაგვარად დასრულებას არც არავინ ელოდა. გერმანელმა პილოტმა ამ სეზონში სამივე, გასული სეზონიდან მოყოლებული კი, ზედიზედ მეოთხე პოული მოიპოვა.

ამჯერად, მასთან ერთად, პირველ რიგში „მაკლარენის“ ჯენსონ ბატონი დადგება, რომელმაც შარშანაც სტარტი მეორე პოზიციიდან აიღო, თუმცა ფინიშთან პირველი მიიჭრა. სხვათა შორის, შარშანა პოულზე ფეტელი იდგა. ბატონი ფეტელს ამჯერად 0.715 წამით ჩამორჩა. სამაგიეროდ, ბატონმა თავის თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს 0.042 წამი მოუგო.

ნარბოლევს ჰამილტონმა განაცხადა, რომ მან შეგნებულად არ გამოიდო თავი და კვალიფიკაციის გადამწყვეტ, მესამე ნაწილში, მხოლოდ ერთი სწრაფი წრე გაიარა, რათა საბურავები დაეზოგა. და იმედოვნებს, რომ ამ საბურავებს უფრო ეფექტურად რბოლისას გამოიყენებს.

ვიტალი პეტროვმა მესამე სესიაზე ტრასაზე გამოსვლაც კი ვერ შეძლო

..............................

მეოთხე შედეგი აქვს „მერსედესის“ ნიკო როსბერგს, ვინც უკან მოიტოვა „ფერარის“ ორი პილოტი - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო და ფელიპე მასა. სამაგიეროდ, ხელი მოეცარა ფეტელის თანაგუნდელ მარკ უებერს, რომელმაც კვალიფიკაციის პირველივე სესიის შემდეგ შეწყვიტა ასპარეზობა, რადგამ ამ სესიაზე მე-18 შედეგი ჰქონდა. უებერს მესამე თავისუფალ პრაქტიკაზე კერს-თან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, რის გამოც, მან მხოლოდ ერთი სწრაფი წრის გავლა შესძლო. კვალიფიკაციაზე მისი კრახის მიზეზი კი უვარგისი საბურავი გახდა.

ფეტელმა აღიარა, რომ ყოველ შემდგომ ეტაპზე, კვალიფიკაციაში გამარჯვება სულ უფრო ძნელდება. თუმცა საბოლოო შედეგების მიხედვით, ეს თითქმის არ იგრძნობა. რაც შეეხება უებერს, მას შეეძლო, პირველი სწრაფი წრის შემდეგ, რბილი საბურავი დაეყენებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა და ხახამშრალიც დარჩა. თავის მხრივ, გუნდის შეცდომა აღიარა „რედ ბულის“ შეფმა ქრისტიან ჰორნერმა.

სებასტიან ფეტელი რბოლისას

..............................

ხელი მოეცარა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმიხაელ შუმახერსაც, რომელმაც მეორე სესიის შემდეგ შეწყვიტა ასპარეზობა. ამჯერად ის მე-14 შედეგს დასჯერდა. ძნელი სათქმელია, შეძლებდა თუ არა შუმი მესამე სესიაზე ასპარეზობის უფლების მოპოვებას, რომ არა ინციდენტი, რომლის გამოც, მეორე სესია, მის დასრულებამდე ორიოდ წუთით ადრე შეწყდა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ვიტალი პეტროვის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი გაიჭედა, რუსი პილოტი კი შუა გზაზე ჩარჩა და თან ისე, რომ ტრასის მომსახურე პერსონალმა მანქანა ადგილიდანაც კი ვერ დაძრა. ამის შემდეგ, ყველა პილოტს თითო სწრაფი წრის გავლის საშუალებაღა მიეცა. რუსმა კი, მართალია მეორე სესია მოწინავე ათეულში დაასრულა, მაგრამ მესამეზე ტრასაზე გამოსვლაც კი ვერ შეძლო.

ჩინეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაციის შედეგები

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:33.706

2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:34.421

3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:34.463

4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:34.670

5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:35.119

6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:35.145

7. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:36.158

8. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:36.190

9. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:36.203

10. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) დროის გარეშე

- - - - - - - - - -

11. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია) 1:35.874

12. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:36.053

13. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:36.236

14. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:36.457

15. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:36.465

16. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:36.611

17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:36.956

- - - - - - - - - -

18. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:36.468

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:37.894

20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:38.318

21. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:39.119

22. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:39.708

23. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 1:40.212

24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:40.445