უებერმა მალაიზიაში კერს-ის გარეშე იასპარეზა
Webber Ran Without KERS in Malaysia
11 აპრილი
მარკ უებერისთვის (ფოტოზე) მიმდინარე სეზონი წეარუმატებლად დაიწყო - ჯერ იყო და, ავსტრალიაში მისი მანქანის შასიზე პრობლემები წარმოიქმნა, რამაც ოზ მრბოლს თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა. ახლახანს კი, მალაიზიაში, მის მანქანაზე კერს-მა არ იმუშავა. ამის შედეგი კი კვლავ გაწბილება იყო - უებერმა სტარტზევე რამდენიმე ადგილი დაკარგა, მერე კი, დაკარგული პოზიციების დაბრუნებას მეტისმეტად დიდი დრო მოანდომა.
კერს-ი (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) პილოტს რბოლისას დამატებითი ენერგიის გამოყენების საშუალებას აძლევს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ „რენოს“ ძრავი კონკურენტებისაზე სუსტია, გამოდის, რომ მთელი დისტანციის განმავლობაში, უებერი სიმძლავრის მნიშვნელოვან დეფიციტს განიცდიდა.
სწორედ ამიტომ იყო, რომ სტარტზე დაკარგული პოზიციების დაბრუნებისთვის მას ბევრი დრო დაეკარგა. სწორედ კერსის გამო იყო, რომ როცა ვინმეს გაასწრებდა, მალევე მისგან კონტრმანევრის მოგერიება უჭირდა.
„ძალიან ძნელი რბოლა იყო. გრძელ სწორ მონაკვეთებზე, კერს-ის გარეშე, პოზიციის დაცვა ძალიან მიჭირდა. პირველ სამ-ოთხ წრეზე, წინ წასულების გასწრებას ვცდილობდი, მაგრამ თითქმის ყოველთვის, ისინი საპასუხო გასწრებას ახერხებდნენ. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო რბოლა გამოვიდა. რას ვიზამ, ისევ არ გამიმართლა. იმედია, მომავალში პრობლემები აღარ შემექმნება და ჩემი უნარის სრულად გამოვლენას შევძლებ“, - განაცხადა 34 წლის ავსტრალიელმა.
საბოლოოდ, უებერმა მაინც შეძლო მეოთხე პოზიციამდე დაწინაურება, თუმცა ეს ფერნანდო ალონსოსა და ლუის ჰამილტონს შორის მომხდარი ინციდენტის წყალობით მოხდა. ამ ინციდენტის გამო, ალონსოს „ფერარის“ წინა ფრთა დაუზიანდა, ჰამილტონს კი უკანა საბურავები გაუხდა შესაცვლელი. ნარბოლევს კი ორივე სტიუარდებმა 20 წამით დააჯარიმეს. რბოლის მიწურულს, ავსტრალიელი ნიკ ჰაიდფელდსაც დაეწია, მაგრამ კერს-ის უქონლობის გამო, მისი გასწრება ვეღარ შეძლო.
სხვათა შორის, უებერი ერთადერთი არ იყო, რომლის მანქანაზეც კერს-მა არ იმუშავა. ამ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები მის თანაგუნდელ სებასტიან ფეტელსაც შეექმნა. მის მანქანაზე კერს-მა გადახურება დაიწყო, რის გამოც, რადიოთი მითითება მიიღო, სისტემა აღარ გამოეყენებინა. ამის მიუხედავად, ფეტელმა მაინც შეძლო სტარტზე მოპოვებული უპირატესობის ბოლომდე შენარჩუნება.
No comments:
Post a Comment