ფეტელი შუმახერის და ასკარის რეკორდებს ემუქრება
Vettel Goes for Schumacher, Ascari Records in F1
13 აპრილი
ახალი სეზონის დაწყებიდან, ჯერ მხოლოდ ორი ეტაპი ჩატარდა და ორივე „რედ ბულ რეისინგის“ გერმანელი სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა. თანაც, ორივე პოულიდან მოიგო. ეგ კიდევ არაფერი, ბევრი ვარაუდობს, რომ ავსტრიულ გუნდს თავისი შესაძლებლობები სრულად ჯერ არ გამოუვლენია. და თუ მართლა ასეა, მაშინ მსოფლიოს ჩემპიონს ყველა შანსი აქვს იმისა, რომ რეკორდების დამყარებაზე იზრუნოს.
პირველი რეკორდი კი, რომლის გამეორების შანსი გაუჩნდა, ზედიზედ მოგებული რბოლების რაოდენობაა, რომელიც იტალიელ ალბერტო (მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი) ასკარის და გერმანელ მიხაელ შუმახერს (შვიდგზის ჩემპიონი) ეკუთვნით. ორივე პილოტს, „ფერარის“ ბოლიდებით ასპარეზობისას, ზედიზედ 7-7 რბოლა აქვს მოგებული. თანაც, შუმახერმა 2004 წელს ერთ სეზონში გააკეთა.
ფეტელს უკვე ზედიზედ ოთხი რბოლა აქვს მოგებული. ამათგან ორი გასული სეზონის ბოლო ეტაპები - ბრაზილიისა და აბუ დაბის დიდი პრიზებია, დანარჩენი ორი კი - მიმდინარე სეზონის ავსტრალიისა და მალაიზიის დიდი პრიზები. თანამედროვე ფორმულა 1-ში არსებული დიდი კონკურენციის მიუხედავად, ფეტელს რეალური შანსი აქვს იმისა, რომ მომდევნო სამი (ან მეტი) რბოლაც მოიგოს.
ცნობისთვის, შუმახერმა თავისი რეკორდი 2004 წელს დაამყარა, როცა მაისსა და აგვისტოს შორის, ზედიზედ 7 რბოლა მოიგო. ასკარის კი უფრო ადრე, იგივე მიღწევისთვის ორი - 1952 და 1953 წლების სეზონები დასჭირდა. სხვათა შორის, მაში სეზონში სულ 8 რბოლა ტარდებოდა და გასაკვირიც არ უნდა იყოს ის, რომ ჩემპიონატში თითქმის ყველა რბოლის მოგება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მსოფლიოს მეორე ჩემპიონმა 1952 წლის სეზონში ბოლო ეტაპი და მომდევნო სეზონის პირველი ექვსი ეტაპი მოიგო და ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
მალაიზიაში გამარჯვების შემდეგ, ფეტელს შეახსენეს, რომ ამ ორი პილოტის მიღწევის გამეორების და გაუმჯობესების შანსი აქვს, რაზეც მან გაკვირვებით და ხუმრობით უპასუხა: „მართლა? მხოლოდ შვიდი რბოლა?“ ის ან ხუმრობს, ან ზედიზედ რვა რბოლის მოგებას სრულიად შესაძლებლად მიიჩნევს. და თუ ეს მართლაც შეძლო, მიმდინარე ჩემპიონატი ყოველგვარ ინტერესს დაკარგავს.
სხვათა შორის, სეზონის მესამე ეტაპი ჩინეთში ტარდება. შანჰაი ის ადგილია, სადაც ფეტელმა „რედ ბულის“ მანქანით თავისი პირველი გამარჯვება იზეიმა. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ 2004 წლიდან, რაც ჩინეთის დიდი პრიზი ტარდება, ეს რბოლა ორჯერ მოგებული არავის აქვს...
No comments:
Post a Comment