„რედ ბული“ კერს-ზე ყოყმანობს
Red Bull Yet to Decide on KERS for China
14 აპრილი
„რედ ბულ რეისინგი“ და მისი სარბოლი მანქანა RB7 შესანიშნავ ფორმაში არიან, მაგრამ არის ერთი კომპონენტი, რომელმაც შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. ამ კომპონენტს კერს-ი - კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა ჰქვია. ავსტრიული გუნდის მანქანაზე სწორედ კერს-ი ჭირვეულობს, რის გამოც, ავსტრალიაში ორივე მანქანამ მის გარეშე იასპარეზა, მალაიზიაში კი მარკ უებერმა ცუდი სტარტი აიღო და ამის გამო, კვარცხლბეკს მიღმა დარჩა.
ჯერჯერობით, აეროდინამიკის წყალობით, „რედ ბული“ და მსოფლიოს ჩემპიონი სებასტიან ფეტელი უკონკურენციონი არიან. მაგრამ მალე დადგება მომენტი, როცა კერს-ის გარეშე, მოწინავე პოზიციის შენარჩუნება გაჭირდება. თუმცა, სანამ სისტემის დახვეწას შეძლებს, გუნდი იმაზე ფიქრობს, ღირს თუ არა ჩინეთში მისი გამოყენება.
„კერს-ს დიდი მნიშვნელობა აქვს და ახლა ჩვენი უპირველესი მიზანი ისაა, რომ სრულფასოვანი სისტემა გვქონდეს“, - შანჰაიში პრესკონფერენციაზე განაცხადა ფეტელმა, ვინც ხაზი გაუსვა, რომ შანჰაის გრძელ სწორ მონაკვეთებზე, ისევე როგორც მალაიზიაში, კერს-ს დიდი მნიშვნელობა აქვს.
მაგრამ სანამ კერს-ის გამოყენებასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, გუნდმა მისი გამართულობა თავისუფალ პრაქტიკაზე უნდა გამოსცადოს. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, ფეტელი და უებერი კვალიფიკაციასა და რბოლაში კერს-ით იასპარეზებენ, თუ მის გარეშე. „რა თქმა უნდა, პრაქტიკებზე მას გამოვიყენებთ, მაგრამ რა იქნება შემდეგ, ამას მოგვიანებით გადავწყვეტთ“, - დასძენს მსოფლიოს ჩემპიონი.
მალაიზიაში გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა ედრიან ნიუიმ განაცხადა, რომ კერს-თან დაკავშირებული პრობლემები სწრაფად ვერ მოგვარდება. სეზონისთვის „რედ ბულმა“ საკუთარი, კომპაქტური კერს-ი შეიმუშავა, თუმცა მისი სრულყოფა ვერ მოასწრო. ნიუის თქმით, „რედ ბულს“ ავტომობილების წარმოების გამოცდილება არ აქვს და პრობლემის ძირითადი მიზეზი სწორედ ესაა. სისტემის ჭკუაზე მოყვანას კი დრო დასჭირდება, თუმცა გუნდი ჩინეთში მის გამოყენებას მაინც აპირებს...
No comments:
Post a Comment