ჰამილტონი: ძალთა განლაგება სეპანგში გამოჩნდება
Sepang Will Show F1 Order - Hamilton
1 აპრილი
მართალია, ბევრი თვლის, რომ ავსტრალიის დიდი პრიზის რბოლაში გამოჩნდა, რომელი გუნდია სეზონისთვის უკეთ მომზადებული და რომელი - არა, მაგრამ „მაკლარენის“ ლუის ჰამილტონს (ფოტოზე) მიაჩნია, რომ ძალთა განლაგება უკეთ სეპანგში, მალაიზიის დიდ პრიზზე გამოჩნდება.
ამ ორ ტრასას შორის დიდი განსხვავებაა. უპირველესად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მალაიზიაში კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემას (კერს-ს) უფრო მნიშვნელოვანი როლი მიენიჭება, რადგან სეპანგის ტრეკს გაცილებით გრძელი სწორი მონაკვეთები აქვს, ვიდრე მელბურნის ალბერტ პარკს.
სხვათა შორის, „მაკლარენს“ საუკეთესო კერს-ი აქვს შემუშავებული, „რედ ბულმა“ კი ეს სისტემა ავსტრალიაში არ გამოიყენა და ამის მიზეზად მისი არასაიმედობა დაასახელა. მართალია, მალაიზიაში ავსტრიული საჯინიბო კერს-ის გამოყენებას აპირებს, მაგრამ სავარაუდოა, რომ ამ ასპექტში „მაკლარენს“ უპირატესობა მაინც ექნება. ყოველ შემთხვევაში, ჰამილტონს სწორედ ამის იმედი აქვს.
„ალბერტ პარკი შესანიშნავი ტრეკია, მაგრამ სეპანგზე მანქანების შესაძლებლობებს შორის სხვაობა უფრო გამოიკვეთება. მალაიზიაში კერს-საც და რეგულირებად ფრთასაც უფრო რეალური გავლენის მოხდენა შეუძლია. ამაში კვალიფიკაციაზევე დარწმუნდებით“, - ამბობს ჰამილტონი, ვინც ავსტრალიაში მეორე ადგილს დასჯერდა.
No comments:
Post a Comment