დი მონტეძემოლო: ჩვენ მანქანებს ვაკეთებთ და არა თვითმფრინავებს
Ferrari Boss: We're Building Cars, Not Airplanes
28 აპრილი
„ფერარის“ პრეზიდენტი ლუკა დი მონტეძემოლო არ იღლება იმაზე ლაპარაკით, რომ დროა, ფორმულა ერთის წესები რადიკალურად შეიცვალოს, რის შემდეგაც, საუკეთესო გუნდებს, სტარტზე სამი მანქანის გამოყვანის საშუალება მიეცემათ. დარდა ამისა, აქცენტი უნდა გაკეთდეს ძრავების სრულყოფაზე და არა აეროდინამიკის განვითარებაზე.
უკვე რამდენიმე წელია, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) ძრავების რეგლამენტი გაყინა და ამ აგრეგატების სრულყოფის პროცესი ხელოვნურად შეაჩერა. ამ ნაბიჯის მთავარი მიზანი, დანახარჯების შემცირება და გუნდების მეტნაკლები გათანაბრება იყო.
ყოველივეს გამო, ყველა გუნდმა, თავისი სარბოლი ტექნიკის განვითარების ახალი სტრუქტურა შეიმუშავა, რომელიც ძირითადად, მანქანის აეროდინამიკის განვითარებაზეა მომართული. შესაბამისად, მათი რესურსების დიდი ნაწილი სწორედ ამ ამაზეა მიმართული. თუ ადრე ფ1-ის ბოლიდების ძირითადი ნაწილი ძრავი იყო, ახლა მისი სრულყოფა პრაქტიკულად შეჩერებულია და გუნდების მთავარ საზრუნავს აეროდინამიკა წარმოადგენს. და როგორც ჩანს, ამ საქმეში „ფერარი“ ისეთი ძლიერი არაა, როგორიც ძრავების თავისუფლად სრულყოფის ეპოქაში იყო.
„ფორმულა ერთი სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება აეროდინამიკაზე. ისეთი განცდა მაქვს, რომ თვითმფრინავებს ვაკეთებთ და არა მანქანებს“, - გერმანულ ჟურნალ „აუტო მოტორ უნდ შპორტთან“ საუბრისას ამბობს ბრაზმორეული დი მონტეძემოლო.
არადა, არცთუ დიდი ხნის წინ, „ფერარი“ ტიტულებს ისე ხშირად იგებდა, იფიქრებდით, მსოფლიო ჩემპიონატში უკანასკნელად გამოდისო. ბოლო ტიტული იტალიურმა გუნდმა 2008 წელს მოიპოვა, როცა ჩემპიონი ფინელი კიმი რაიკონენი გახდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც სეზონის განმავლობაში, მანქანის ტესტირება აიკრძალა, მარანელოელები მუდმივად მდევრის როლში არიან. მართალია, ეს დევნა შარშან ლამის ფერნანდო ალონსოს ჩემპიონობით დასრულდა, მაგრამ ეს ტიფოზების გულებს მალამოდ არ ედება. და ლუკაც უკმაყოფილოა.
ყველაფერთან ერთად, დი მონტეძემოლო FIA-ს იმასაც ურჩევს, რომ შეცვალოს ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც, 2013 წლიდან, ახლანდელ V8 ძრავებს, 1.6-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ტურბო აგრეგატები შეცვლის.
„კიდევ ერთი არასწორი ნაბიჯი ცილინდრების შემცირებაა. ჩვენ ხომ მოტოვიკლებს არ ვაწარმოებთ. ასე ფ1-ის დნმ-ს დავკარგავთ. უფრო საინტერესო გამოწვევა იქნებოდა, თუ რვა, ან თორმეტცილინდრიან, ეკონომიურ ძრავებს ვაწარმოებთ“, - დასძენს დი მონტეძემოლო.
No comments:
Post a Comment