„ფერარი“ პრობლემების მალაიზიამდე მოგვარებას ცდილობს
Ferrari Vow to Resolve Problems by Malaysia
1 აპრილი
„ფერარისთვის“ ავსტრალიის დიდი პრიზი წარუმატებელი გამოდგა - გუნდის პილოტებმა, ესპანელმა ფერნანდო ალონსომ და ბრაზილიელმა ფელიპე მასამ შესაბამისად, მეოთხე და მეშვიდე ადგილები დაიკავეს და ვერ გაამართლეს ის მოლოდინი, რომელიც მათთან დაკავშირებით, სეზონის დაწყებამდე არსებობდა.
მათ რომ პრობლემა ჰქონდათ, ეს ჯერ კიდევ კვალიფიკაციაზე გამოჩნდა, როცა ვერაფრით ახერხებდნენ საბურავების ოპტიმალურ რეჟიმში გაცხელებას, ეს კი მათს შედეგებზე უარყოფითად აისახა. ალონსომ მე-5 სასტარტო პოზიციის მოპოვება შეძლო, რაც მარანელოელებისთვის აშკარა გაწბილება იყო. და მან რომ რბოლა მეოთხე ადგილზე დაასრულა, ეს მხოლოდ იმის დამსახურებაა, რომ პიტსტოპების სწორი სტრატეგიით იასპარეზა.
მელბურნის შემდეგ, „ფერარის“ შეფმა სტეფანო დომენიკალიმ განაცხადა, ინჟინრები ახლა ამ წარუმატებლობის მიზეზებს იკვლებენ და რომ ყველაფერს იღონებენ იმისათვის, რომ მალაიზიისთვის ეს პრობლემები აღმოფხვრილი იყოს:
„ახლა მთავარია გავიგოთ, რამ გამოიწვია ასეთი ჩავარდნა. ცვენ აქ გაცილებით უკეთეს შედეგს ველოდით, მაგრამ ასე არ მოხდა. ჯერ ამის მიზეზი გვაქვს დასადგენი და მერე მის გამოსწორებაზეც უნდა ვიზრუნოთ და ვიმედოვნებ, რომ მალაიზიამდე ამას შევძლებთ. რა თქმა უნდა, ავსტრალიაში უკეთესი შედეგისთვის ჩავედით, მაგრამ ისიც ფაქტია, რბოლაში ყველაფერი ვიღონეთ საუკეთესო შესაძლებელი შედეგის მისაღწევად. პირველი წრის შემდეგ, ფერნანდო მეცხრე ადგილზე იყო და ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. მაგრამ მან შესანიშნავად ირბოლა და გამართული სტრატეგიის წყალობით, მეოთხე ადგილამდე წამოიწია. დარწმუნებული ვარ, რომ არა სასტარტო ჩავარდნა, სულ სხვა შედეგი გვექნებოდა“, - ამბობს დომენიკალი.
სხვათა შორის, ბევრი პილოტი აღიარებს, რომ ავსტრალიაში „პირელიმ“ იმისგან ძლიერ განსხვავებული საბურავები ჩაიტანა, ვიდრე ტესტების დროს ამზადებდა. ამიტომ, სწორი სტრატეგიის შერჩევა ბევრმა ვერ მოახერხა და საბოლოოდ, მოგებული ის დარჩა, ვინც სხვებზე მეტად გარისკა. რა ტქმა უნდა, ეს „რედ ბულს“ და სებასტიან ფეტელს არ ეხება...
No comments:
Post a Comment