მალაიზიის დიდი პრიზი
პოული ისევ ფეტელისაა
Vettel storms to pole position in Malaysia
9 აპრილი
შარშანდელმა სეზონმა უკვე მიგვაჩვია იმას, რომ სებასტიან ფეტელი პოულებს იგებს. ეს ტრენდი ამ სეზონშიც გრძელდება და ის უფრო ძლიერ აღმავალი გახდა მას შემდეგ, რაც სეზონის გახსნით რბოლაში, „რედ ბულის“ აშკარა უპირატესობა გამოვლინდა. მელბურნის შემდეგ ყველა ფიქრობდა, რომ მალაიზიის პოულისთვის სწორედ ავსტრიული გუნდის პილოტები იბრძოლებდნენ.
მაგრამ ამაზე სულ სხვა მოსაზრება და განწყობა აქვს „მაკლარენს“, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია საქმის გამოსწორება და მოწინავეთა შორის ადგილის შენარჩუნება. მალაიზიური ეტაპის კვალიფიკაციამ ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა.
როდესაც კვალიფიკაციის მესამე, გადამწყვეტი ნაწილის ტაბლოზე ნულები დაიწერა, საუკეთესო შედეგი ჰამილტონს ჰქონდა, რომელმაც ამის შემდეგაც გააუმჯობესა თავისი დრო და თითქოს, პოულ პოზიციაც გაინაღდა. მაგრამ ამ დროს, ტრასაზე კვლავ რჩებოდა ფეტელი, რომელსაც ფინიშის ხაზი ბოლოს უნდა გადაეკვეთა. და მან თავისი საქმე ბრწყინვალედ შეასრულა - ჰამილტონის დროს 0.106 წამი მოაკლო...
„ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით. ამ ტრასაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სტარტზე გზის სუფთა მხარეს იდგე. მაგრამ ეს ჯერ არაფერს ნიშნავს. ხვალ დღევანდელ რბოლას არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება. გასავლელი ბევრი კილომეტრია. ძალიან მიკვირს, რომ აქამდე არ უწვიმია. ეს შეიძლება რბოლისას მოხდეს. ასე რომ, გარანტირებული ჯერ არაფერია“, - ნარბოლევს განაცხადა ფეტელმა.
უნდა ითქვას, რომ სტარტზე პირველ ორ რიგში სწორედ „რედ ბულის“ და „მაკლარენის“ პილოტები განლაგდებიან. თან, ორივე რიგში წინ ავსტრიული გუნდის პილოტები დგანან. მარკ უებერმა მესამე საუკეთესო შედეგი აჩვენა, თანაგუნდელს კი 0.309 წამით ჩამორჩა. ავსტრალიელზე მხოლოდ 0.021 წამით უარესი დრო ჰქონდა ჯენსონ ბატონს.
სხვათა შორის, მალაიზიაში მანქანაზე კერს-ის სისტემა „რედ ბულმაც“ დააყენა და უებერის განცხადებით, სწორედ ამის წყალობით გახდა შესაძლებელი მორიგი პოულის მოპოვება.
კვალიფიკაციის შედეგები
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:34.870
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:34.974
3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:35.179
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:35.200
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:35.802
6. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:36.124
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:36.251
8. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:36.324
9. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:36.809
10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:36.820
- - - - - - - - - -
11. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:37.035
12. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:37.160
13. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:37.347
14. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:37.370
15. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:37.496
16. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:37.528
17. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია) 1:37.593
- - - - - - - - - -
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:38.276
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:38.645
20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:38.791
21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:40.648
22. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:41.001
23. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 1:41.549
No comments:
Post a Comment