მონაკოში რეგულირებად ფრთებს აკრძალავენ
DRS could be banned in Monaco
23 აპრილი
არაა გამორიცხული, რომ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA), მონაკოს დიდი პრიზის დროს, რეგულირებადი უკანა ფრთის გამოყენება დროებით აკრძალოს. ამის საბაბი კი უსაფრთხოება იქნება - ქალაქ-სახელმწიფოს ვიწრო, მოსახვევებიან ქუჩებში, ასეთი ფრთის გამოყენება, ზოგიერთ მრბოლს სახიფათოდ მიაჩნია.
თუმცა, მათი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ მონაკოს ქუჩებში არაა საკმარისი სიგრძის სწორი მონაკვეთები, რომლებზეც შესაძლებელი იქნება ამ ელემენტის ეფექტურად გამოყენება. აქედან გამომდინარე, ის აზრს კარგავს. ესეც რომ არა, თავისუფალ პრაქტიკებსა და კვალიფიკაციაზე, რეგულირებადი უკანა ფრთა რბოლებს სახიფათოს გახდის.
საქმე ისაა, რომ მონაკოში დიდი მნიშვნელობა აქვს კვალიფიკაციაზე კარგი შედეგის ჩვენებას, რაც პილოტებს რბოლის უკეთესი პოზიციიდან დაწყების საშუალებას აძლევს. ამიტომ, მათ ექნებათ იმის ცდუნება, რომ რეგულირებადი უკანა ფრთა სწრაფ მოსახვევებში გამოიყენონ. მაგალითად, გვირაბში, რომელიც ერთ დიდ მარჯვენა მოსახვევს წარმოადგენს. გვირაბიდან გამოსვლის შემდგ კი მოკლე სწორია, რომელსაც პილოტები დასამუხრუჭებლად იყენებენ. ეს ტრასის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მონაკვეთია.
ამ თემაზე, FIA თურქეთის დიდი პრიზის დროს, გუნდებთან და მრბოლებთან კონსულტაციებს გამართავს, რომლების შემდეგაც, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა, FIA-ს ტექნიკური კომისიის თანამშრომლები ახლავე საუბრობენ იმაზე, რომ მონტე კარლოში, პილოტებს რეგულირებადი ფრთის გარეშე ასპარეზობა მოუწევთ.
No comments:
Post a Comment