ჰამილტონმა ფეტელის გამარჯვებათა სერია შეწყვიტა
Hamilton ends Vettel's winning streak
17 აპრილი
ლუის ჰამილტონია ის მრბოლი, რომელმაც ფეტელისა და „რედ ბულ რეისინგის“ ტრიუმფული სვლა შეაჩერა. ბრიტანელმა პილოტმა, სტარტიდან ფინიშამდე, შესანიშნავად ჩაატარა რბოლა და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი, რითაც კარიერაში მე-15 გამარჯვება იზეიმა. თანაც, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, რბოლის მიწურულს, ფეტელს შესანიშნავი მანევრით აუარა გვერდი.რა თქმა უნდა, აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ჰამილტონს და „მაკლარენს“, ძლევამოსილი გერმანულ-ავსტრიული დუეტის დამარცხებაში, ხელი სწორმა სარბოლო სტრატეგიამ შეუწყო, რომლის წყალობითაც, რბოლის მიწურულს, მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონს უფრო ახალი საბურავები ჰქონდა, ვიდრე ფეტელს. და გასწრებაც ამის წყალობით შესძლო...
ისიც უნდა ითქვას, რომ სამპიტსტოპიანი ტაქტიკა რომ არა, ჰამილტონს და „მაკლარენს“ ფეტელის და „რედ ბულის“ დამარცხება გაუჭირდებოდათ. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ უებერმა, ვინც სტარტი მე-18 ადგილიდან აიღო, სწორედ სამ სტოპიანი ტაქტიკით შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. თანაც, ფინიშთან ფეტელს 2 წამზე ოდნავ მეტით ჩამორჩა. და ვინ იცის, რბოლის პირველ ნახევარში მას არაერთი, გაცილებით ნელი მეტოქე რომ არ ჰყოლოდა წინ, იქნებ გამარჯვებულის საპატივცემულოდ ბრიტანეთის კი არა, ავსტრალიის ჰიმნი აჟღერებულიყო...
რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ გასახურებელ წრეზე წასვლის წინ, ჰამილტონს სერიოზული ტექნიკური პრობლემები შეექმნა - მისმა მექანიკოსებმა ძლივს მოახერხეს მანქანის ძრავის გაშვება. და ეს რომ დროულად არ გაეკეთებინათ, ჰამილტონს სტარტის ბოქსებიდან აღება მოუწევდა - მისმა მანქანამ პიტლეინი, მის დახურვამდე 29 წამით ადრე დატოვა...
სხვათა შორის, ჰამილტონი პირველი მრბოლია, ვინც ჩინური დიდი პრიზი მეორედ მოიგო. ეს ეტაპი ფ1-ის კალენდარში 2004 წელს გამოჩნდა და აქამდე მას სულ სხვადასხვა პილოტები იგებდნენ. ისიც საინტერესოა, რომ ჰამილტონმა შანჰაიში პირველი გამარჯვება 2008 წელს მოიპოვა, იმ სეზონში, რომელიც ტიტულის მოპოვებით დააგვირგვინა.
„ვულოცავ ლუისს და „მაკლარენს“. მათ შესანიშნავად იმუშავეს. ფინიშამდე შვიდი წრით ადრე მივხვდი, რომ მის შეტევებს დიდხანს ვერ გავუძლებდი. მეორე ადგილითაც არ ვარ უკმაყოფილო... როგორც ჩანს, დღეს გამარჯვება შეუძლებელი იყო“, - განაცხადა ფეტელმა, ვისაც ჩინეთის შემდეგ, 68 ქულა დაუგროვდა და ადვილად შეინარჩუნა ლიდერობა.
მაგრამ პიტსტოპების მეორე სერიის შემდეგ, ჰამილტონმა დანაკარგების ანაზღაურება შეძლო - ჯერ ბოქსში ადრეული ვიზიტის წყალობით, მასა ჩამოიტოვა, 36-ე წრეზე კი თანაგუნდელ ბატონსაც გაასწრო. მალევე ისინი მესამედ შევიდნენ ბოქსში, საიდან დაბრუნებულებიც, როსბერგის უკან აღმოჩნდნენ. თუმცა, ჰამილტონმა მალევე გაასწრო თავის გერმანელ მეგობარს.
ჩინეთის დიდი პრიზი
შანჰაი. ტრასის სიგრძე 5.451 კმ, დისტანცია 305.066 კმ (56 წრე)
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:36:58.226
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) +00:05.198
3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:07.555
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:10.000
5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:13.448
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:15.840
7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:30.622
8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 00:31.026
9. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 00:57.404
10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 01:03.273
11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 01:08.757
12. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 01:12.739
13. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 01:30.189
14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 01:30.671
15. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია) 1 წრე
16. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1 წრე
17. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1 წრე
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1 წრე
19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1 წრე
20. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 2 წრე
21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 2 წრე
22. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 2 წრე
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 2 წრე
გ. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 47 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: მარკ უებერი - 1:38.993, 42-ე წრე
პილოტების კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 68 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 47; 3. ჯენსონ ბატონი - 38; 4. მარკ უებერი - 37; 5. ფერნანდო ალონსო - 26; 6. ფელიპე მასა - 24; 7. ვიტალი პეტროვი - 17; 8. ნიკ ჰაიდფელდი - 15; 9. ნიკო როსბერგი - 10; 10. კამუი კობაიაში - 7; 11. მიხაელ შუმახერი - 6; 12. სებასტიან ბუემი - 4; 13. ადრიან სუტილი - 2; 14. პოლ დი რესტა - 2
კონსტრუქტორთა პირველობა
No comments:
Post a Comment