„რედ ბულს“ ჰამილტონის გადაბირება სურს
Red Bull Confirm Interest in Hamilton for 2012
1 აპრილი
ლუის ჰამილტონს არაერთხელ უთქვამს, რომ „მაკლარენიდან“ არსად წასვლას არ აპირებს. ახლა კი, როცა აშკარა გახდა, რომ ახალი სეზონისთვისაც გუნდმა კონკურენრუნარიანი მანქანა მოამზადა, სხვაგან მისი გადასვლა მით უფრო არარეალურად მოჩანს. თუმცა, როგორც ირკვევა, მის გადაბირებას მაინც ცდილობს „რედ ბულ რეისინგი“, რომელსაც გადასაწყვეტი აქვს, დაიტოვოს მარკ უებერი, თუ ის სხვა პილოტით შეცვალოს.
ავსტრალიელ პილოტს ავსტრიულ გუნდთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურება. დატოვებენ თუ არა, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ იასპარეზებს სეზონის პირველ ნახევარში. სწორედ ასე ხდება ბოლო სამი სეზონის განმავლობაში და თუ უებერი ისევ „რედ ბულის“ ბოლიდებით ასპარეზობს, ეს მისივე დამსახურებაა.
მაგრამ თუ ამ სეზონში ჩავარდნა ექნა, მაშინ „რედ ბული“ მის შენარჩუნებას აღარ ეცდება და შემცვლელის ძებნას დაიწყებს. ასეთად კი საუკეთესო ვარიანტი ჰამილტონია, რომლის ფორმულა 1-ში მოყვანაც „მაკლარენის“ შეფის, რონ დენისის დამსახურებაა.
„ჯერ უნდა ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს სეზონი მარკისთვის, რას გადაწყვეტს თავად. რაც შეეხება ჰამილტონს, ის აგრესიული, ძალიან სწრაფი პილოტია და მისი გადაბირება ნებისმიერ გუნდს სურს. ჩვენი ფილოსოფია ხომ ისაა, რომ ური უსწრაფესი პილოტი გვყავდეს“, - ამბობს „რედ ბულის“ მოტორსპორტის საქმეთა მრჩეველი ჰელმუტ მარკო, ვინც ავსტრიული კომპანიის დამაარსებლისა და მფლობელის, დიტრიხ მატეშიცის მეგობარი და მარჯვენა ხელია.
სხვათა შორის, ახლახანს ჯენსონ ბატონმა ჰამილტონს ურჩია, არსად გადავიდეს და თავადაც თქვა, რომ საკუთარი კარიერის „მაკლარენში“ დასრულებას აპირებს. სამაგიეროდ, ფ1-ის კომერციულ უფლებათა ბატონ-პატრონი ბერნი ეკლსტოუნი ოცნებობს, რომ ჰამილტონი და ფეტელი (ფოტოზე) ერთ გუნდში იხილოს. „ორივენი ფორმულა ერთისთვის ნამდვილი საჩუქრები არიან და ასე იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ გუნდში იქნებიან“, - ნათქვამი აქვს ბერნის.
არსებობს ერთი გარემოება, რომელიც მომავალ სეზონში ამ საოცნებო დუეტის ხილვის საშუალებას არ მოგვცემს - ჰამილტონს „მაკლარენტან“ კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს უმთავრდება...
No comments:
Post a Comment