ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Wednesday, March 31, 2010

მალაიზიის დიდი პრიზი: ერთი წრე მარკ უებერთან ერთად

Malaysian Grand Prix

31 მარტი

ავსტრალიის დიდი პრიზიდან ერთი კვირის შემდეგ, ფორმულა ერთის ქარავანს მალაიზია, მისი დედაქალაქ კუალა ლუმპურის გარეუბან სეპანგში არსებული თანამედროვე ავტოდრომი ეგებება, რომელზეც, ტრადიციულ მეგზურობას ”რედ ბულის” ავსტრალიელი პილოტი მარკ უებერი გაგვიწევს.

”მალაიზიის დიდი პრიზი. აქ ყოველთვის ცხელა და ძალიან ტენიანი ჰაერია. ხშირია წვიმები და პილოტებისთვის აქაური რბოლა დიდ ამტანობას მოითხოვს. ტრასის სიგრძე 5.5 კილომეტრია, წრეების რაოდენობა 56, რბოლის დისტანცია კი 310 კილომეტრი. ამ ტრასაზე მაქსიმალური სიჩქარე 297 კმ/სთ-ს აღწევს.

სტარტ-ფინიშის სწორი ძალიან ფართოა, მის ბოლოს ინტენსიური დამუხრუჭება გვიწევს. პირველი მოსახვევის შესასვლელში, ტრასას კარგი ჩაჭიდება აქვს. ბორბლებს თეთრ ზოლზე გავატარებ, რადგან ამ მოსახვევიდან გამოსვლისთანავე, მეორე მოსახვევი იწყება. აქ გზა ვიწროა და მოსახვევის გამოსასვლელი არ ჩანს. შემდეგ კი სწორი მონაკვეთია, სადაც აჩქარებას ვიწყებ და ჩქაროსნულ მარჯვენა მოსახვევში შევდივარ, რომელიც ოდნავ აღმართში გადის. ამას მოჰყვება კიდევ ერთი მკვეთრი შენელება, რის შემდეგაც კიდევ ერთი ვიწრო მოსახვევია, საიდან გამოსვლასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან შემდეგი სწორი მონაკვეთი აღმართზეა.

შემდეგ მოსახვევს კურსი მარცხნივ აქვს და ის საკმაოდ სწრაფია. მას ასევე სწრაფი, ოღონდ მარჯვენა მოსახვევი მოსდევს. მანქანაზე აქ ბევრი რამაა დამოკიდებული, ამის მიზეზი კი დიდი სიჩქარეა. აქაური ტრიბუნიდან რბოლის ყურება ძალიან საინტერესო უნდა იყოს, რადგან მაყურებელი კარგად ხედავს, თუ რა შეუძლია ფორმულა 1-ის მანქანებს. მე-9 მოსახვევამდე კიდევ ერთი სწორი მონაკვეთია. აქ ტრასის ორი მონაკვეთი იმდენად ახლოსაა ერთმანეთისგან, რომ შეგიძლია მეტოქეების დანახვა.

ისევ აჩქარება, მაგრამ აქ გზასთან ჩაჭიდულობა ყოველთვის არასაკმარისია და ეს ბევრ პრობლემას ქმნის. სამაგიეროდ, მაყურებლებისთვის ეს ადგილიც ძალიან საინტერესოა. აქ ტრიბუნა შემაღლებულზეა და ტრასის დიდი ნაწილი კარგად ჩანს. გავდივართ მარცხენა უმნიშვნელო ტეხილს, რომლის გავლაც ერთობ სასიამოვნოა. სამაგიეროდ, მომდევნო მონაკვეთი საკმაოდ რთულია - ბოლოსწინა მოსახვევის წინ, საკმაოდ ინტენსიური დამუხრუჭება გვიწევს. მთავარია, ამ მოსახვევიდან სუფთად გამოსვლა და შემდეგ სულის მოთქმის საშუალება გვეძლევა, რადგან მას საკმაოდ გრძელი, უკანა სწორი მონაკვეთი მოსდევს. აქ მარცხენა მხარეს, უზარმაზარი ტრიბუნა დაგვცქერის. სწორის ბოლოს ისევ მკვეთრი დამუხრუჭება და ბოლო მოსახვევში შევდივართ. ეს მოსახვევი გამოსასვლელში იშლება და სიჩქარეც თანდათან იზრდება. აქედან კარგად გამოსვლას დიდი მნიშვნელობა აქვს. შემდეგ გავდივართ სტარტ-ფინიშის ხაზს და წრეც დასრულებულია”.

Sunday, March 28, 2010

ჰამილტონი ”მაკლარენის” ტაქტიკას აკრიტიკებს

Hamilton criticises McLaren's strategy

28 მარტი

ჰამილტონი მეორე პიტ სტოპზე

.................................................................

ლუის ჰამილტონმა ავსტრალიის დიდ პრიზზე თავისი გამოსვლა შეაფასა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო თავის კარიერაში, თუმცა დასძინა, რომ ”მაკლარენის” ტაქტიკურმა შეცდომამ და მარკ უებერთან შეჯახებამ, მას კარგი შედეგის მიღწევაში ხელი შეუშალა.

მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონმა სტარტი მე-11 პოზიციიდან აიღო, თუმცა უკვე შუა დიასტანციაზე, მეორე ადგილისთვის რობერტ კუბიცას ებრძოდა. შემდეგ კი, გუნდმა ის მეორე პიტ სტოპზე იხმო. მისგან განსხვავებით, ბოქსში მეორედ შესვლისგან თავის შეკავება ამჯობინეს ჯენსონ ბატონმა, კუბიცამ, ფელიპე მასამ და ფერნანდო ალონსომ.

ბოქსებიდან დაბრუნებული ჰამილტონი მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა და მართალია, რბოლის მიწურულს ალონსოს დაეწია, მაგრამ მისი გასწრება ვერ შეძლო, ფინიშამდე ორი წრით ადრე კი მას მარკ უებერი დაეჯახა.

”შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო რბოლა იყო. მაგრამ გუნდის მიერ არჩეული არასწორი სტრატეგიის გამო, ლიდერებს ძალიან ჩამოვრჩი, შემდეგ კი უებერმა ტრასიდან გადამაგდო. ჩემი გამოსვლით ძალიან კმაყოფილი ვარ. გაცილებით მეტს ვიმსახურებდი, მაგრამ რას ვიზამ, ისღა დამრჩენია, შემდეგ რბოლას დაველოდო და იქ ვცადო ბედი”, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც სტრატეგიის გამო, თავისი უკმაყოფილება რადიოთი გუნდს მანამ ამცნო, სანამ უებერი დაეწეოდა.

”ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ ისაა, რომ ბიჭებმა შესანიშნავად იმუშავეს, მაგრამ არასწორმა სტრატეგიამ ეს შრომა წყალში ჩაგვიყარა. ჩემს წინ ვინც იყო, ბოქსში ყველა მხოლოდ ერთხელ შევიდა, მაგრამ რატომღაც, მე იქ ორჯერ შესვლა მომიწია”, - დასძენს ჰამილტონი და კითხვაზე, ვინ მიიღო მცდარი გადაწყვეტილება, განაცხადა: ”არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად გავარკვევ”.

თანაგუნდელისგან განსხვავებით, ერთადერთი პიტ სტოპი ჯენსონ ბატონის პირადი გადაწყვეტილება იყო: ”სლიკებზე ადრე გადასვლა მე თვითონ გადავწყვიტე. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე გადაწყვეტილებებს ბოქსში ღებულობენ, მაგრამ პილოტი ამის საჭიროებას ყველაზე უკეთ გრძნობს. რბოლის დასაწყისში, გარკვეული პრობლემები მანქანის ბალანსთან დაკავშირებით მქონდა, რის გამოც, რამდენიმე პოზიცია დავკარგე. მაგრამ შემდეგ გავიფიქრე, რომ ბოქსში შესვლის დრო იყო და ასეც მოვიქეცი. იმ დროს ტრასა უკვე გამშრალი იყო და სისველე მხოლოდ რამდენიმე ადგილას იყო შემორჩენილი”.

ტრასაზე დაბრუნებული ბატონი, როცა მისი საბურავები ჯერაც არ იყო გახურებული, მესამე მოსახვევში ტრასის მიღმაც კი აღმოჩნდა. მაგრამ შემდეგ რამდენიმე მეტოქის გასწრება შეძლო და ზედიზედ მეორედ მოიგო ავსტრალიის დიდი პრიზი.

ფეტელს მუხრუჭმა უმტყუნა

Vettel says failure robbed him of win

28 მარტი

”რედ ბულის” სებასტიან ფეტელმა ზედიზედ მეორე რბოლა წააგო და მეორედაც მას მანქანამ უმტყუნა. თუ ბაჰრეინულ რბოლაში მისი მარცხის მიზეზი ”რენოს” ძრავზე დაზიანებული სანთელი გახდა, მელბურნში მის მანქანას წინა მარცხენა მუხრუჭის დისკი დაეშალა, რის გამოც, გერმანელმა პილოტმა რბოლა ნაადრევად, გზის პირას დაასრულა.

თავად ფეტელი კი ამბობს და ამაში ალბათ ბევრი დაეთანხმება, რომ ის რბოლას მოიგებდა, მანქანას ბოლომდე გამართულად რომ ემუშავა. ისევე როგორც ბაჰრეინში, ავსტრალიის დიდ პრიზზეც ფეტელი სტარტიდან ნახევარ რბოლაზე მეტს ლიდერობდა, მაგრამ შემდეგ ის მოხდა, რისგანაც ფორმულა 1-ში დაზღვეული არავინაა.

”მწყობრიდან მუხრუჭი გამოვიდა. ინციდენტამდე ერთი წრით ადრე, მარცხენა წინა ბორბლიდან ვიბრაცია ვიგრძენი, მაგრამ ჩემზე არაფერი იყო დამოკიდებული. შემდეგ კი, მე-13 მოსახვევში შესვლამდე, მოულოდნელად მანქანაზე კონტროლი დავკარგე. სამწუხაროა - მანამდე ხომ თავისუფლად ვაკონტროლებდი რბოლის მსვლელობას და რომ არა ეს შემთხვევა, მისი მოგებაც შემეძლო”, - ამბობს ფეტელი და დასძენს:

”ყოველივე ჩემს თავდაჯერებულობაზე უარყოფითად მოქმედებს. ეს დაზიანებები არავის ბრალი არ ყოფილა. ჩვენ ყველანი მაქსიმუმს ვცდილობთ. ახლა მთავარია, რომ მალაიზიაში მაინც შევძლოთ ფინიშამდე მიღწევა”.

მთლიანობაში, ავსტრალიური დიდი პრიზი ”რედ ბულისთვის” მეტად წარუმატებელი გამოდგა. გუნდის ორივე პილოტმა რბოლა პირველი რიგიდან დაიწყო, მაგრამ მხოლოდ ორი ქულის მოპოვება შეძლო და ეს ქულები მას მარკ უებერმა მოუპოვა, რომელიც რბოლის დროს ორჯერ შეეჯახა ლუის ჰამილტონს.

ოღონდ, მანამდე მას გამშრალ ტრასაზე საწვიმარი საბურავებით ზედმეტი წრის გავლა მოუხდა, რაზეც დრო დაკარგა. შემდეგ, შუა რბოლაში, ის და ჰამილტონი ერთმანეთს პირველად დაეჯახნენ, რის შემდეგაც, ორივეს ბოქსებში, საბურავების გამოსაცვლელად უხმეს. ბოლოს კი, როცა ჰამილტონი ფერნანდო ალონსოს გასწრებას ლამობდა, უებერი მის ”მაკლარენს” დაეჯახა და ბოქსში შესვლამ კიდევ ერთხელ მოუწია.

ბატონმა მელბურნში გაინავარდა

Button a winner again in Australia

28 მარტი

წლევანდელი ჩემპიონატი რომ საინტერესო იქნება, ამაზე ავსტრალიის დიდი პრიზიც მეტყველებს. შეიძლება საუკეთესო მანქანა გყავდეს, მაგრამ გამარჯვების მისაღწევად ეს საკმარისი სულაც არაა. ამის დასტური ”რედ ბულის” პილოტების წარუმატებელი გამოსვლა გახდა - სებასტიან ფეტელმა ზედიზედ მეორე რბოლა დაიწყო პოულიდან, მაგრამ ერთხელაც ვერ მოიგო. სამაგიეროდ, მოქმედმა ჩემპიონმა, ვისგანაც მელბურნში გამარჯვებას ბევრი არავინ ელოდა, შესანიშნავად იასპარეზა და ისევე როგორც შარშან, ამჯერადაც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა.

სინოპტიკოსების პროგნოზი გამართლდა და რბოლის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გაწვიმდა, სველ ტრასაზე კი რბოლის დასაწყისშივე ინციდენტი მოხდა. ფეტელმა შესანიშნავი სტარტი აიღო და მას კვალში ფელიპე მასა მიჰყვა. მის თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოს კი მწვანე შუქზე ”ჩაეძინა” და ამ ჩავარდნის გამოსწორებას რომ ლამობდა, ბატონს დაეჯახა. ამან ესპანელი დააზარალა, რომელიც ჩემპიონის გარდა, მიხაელ შუმახერსაც დაეჯახა და თუ ბატონის მანქანა დაზიანებას გადაურჩა, გერმანელს ბოქსებში შესვლა და მანქანაზე დაზიანებული ცხვირის შეცვლა დასჭირდა, რამაც ის პელოტონის კუდში, მე-20 ადგილზე გადაანაცვლა. ალონსო კი მასზე ორი ადგილით წინ აღმოჩნდა.

წვიმამ მალე გადაიღო და პეისკარიც ტრასიდან მე-5 წრეზე გავიდა. ამ დროს ფეტელი ლიდერობდა, მას კი მასა და უებერი მიჰყვებოდნენ, რომელსაც რობერტ კუბიცა უტევდა. მე-6 წრეზე ლუის ჰამილტონმა შესანიშნავი მანევრით ბატონი ჩამოიტოვა, უებერმა კი მასას გაასწრო და მას მალე კუბიცაც კუდზე დააჯდა. აშკარა იყო, რომ ბრაზილიელის მანქანაზე უკანა საბურავები კარგად ვერ მუშაობდა.

მე-9 წრეზე ლიდერებმა ბოქსებს მიაშურეს - ტრასა გაშრა და შუალედი საწვიმარი საბურავები სათანადოდ ვეღარ მუშაობდა. ბოქსებიდან დაბრუნების შემდეგ, ბატონი ისევ ჰამილტონის წინ აღმოჩნდა და მან კუბიცას შეუტია. უებერმა კი შეცდომა დაუშვა და ბალახებში გაიარა. მე-15 წრეზე ისევ წვიმის წვეთები წამოვიდა. უებერმა მასას შეუტია და გაასწრო კიდეც, მაგრამ შეცდომა დაუშვა და ისევ ბალახებში აღმოჩნდა.

მე-19 წრეზე ალონსომ მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლა და ჰამილტონთან ჩამორჩენის შემცირება დაიწყო. თავის მხრივ, ბრიტანელი მასას უტევდა. ამ დროს კი შუმახერი ამაოდ ცდილობდა ხაიმე ალგერსუარის გასწრებას. 22-ე წრეზე მასა შეცდა, რითაც უმალ ისარგებლა ჰამილტონმა. ალონსოს კი უებერმა გაუარა. გასწრებისას, ჰამილტონს ფრთა დაუზიანდა, რის გამოც, გუნდმა ბოქსში შესვლა ურჩია, მაგრამ ბრიტანელმა ამაზე უარი თქვა.

26-ე წრეზე ჰამილტონმა როსბერგს გაასწრო. გერმანელმა იქვე სცადა პოზიციის დაბრუნება, მაგრამ ამ დროს მარშლებმა ყვითელი შუქი აანთეს, რითაც როსბერგმა გასწრების უფლება დაეკარგა. ყოველივეს მიზეზი კი ფეტელის ავარია გახდა. ლიდერს მოსახვევში შესვლის მომენტში მუხრუჭები დაუზიანდა, რამაც მისი მარცხენა ბორბალი გაჭედა და ლიდერმა რბოლა ტრასის მიღმა დაასრულა. მისი ადილი კი ბატონმა დაიკავა.

ჰამილტონმა კუბიცას შეუტია, მას კი უკან ორი ”ფერარი” მიჰყვებოდა, რომლებიც ერთმანეთთან ბრძოლას აშკარად არ აპირებდნენ. კუბიცასთან პაექრობისას, ჰამილტონს შეცდომა მოუვიდა და საბურავი დაუზიანდა. ამ დროს, უებერმა და როსბერგმა ბოქსებს მიაშურეს. ჰამილტონი ამაოდ ცდილობდა კუბიცას გასწრებას, მერე კი ბოქსებში შევიდა.

იქიდან გამოსულმა კი შესანიშნავი ტემპი განავითარა. უებერიც კუდში გაჰყვა და მალე ორივე ”ფერარის” წყვილს დაეწია, რომელთაგან წინ მასა იყო. კარგა ხანს, ალონსო ადვილად იგერიებდა ჰამილტონის შეტევებს, ფინიშამდე ორი წრით ადრე კი ბრიტანელმა მასზე გადამწყვეტი იერიში მიიტანა. ესპანელმა საკმაოდ გვიან დაამუხრუჭა და მანქანა მოუცურდა. ჰამილტონმა მოსახვევის შიდა რადიუსზე მიმართა მანქანა, მაგრამ ამ დროს, მას უკნიდან უებერი დაეჯახა. ალონსომ გზა გააგრძელა, უებერს მანქანის ცხვირი დაუზიანდა და ბოქსებში შევიდა. ჰამილტონმაც ბალახებში ”გასეირნების” შემდეგ, ტრასაზე დაბრუნება შეძლო.

სულ ეს იყო. ბაჰრეინისგან განსხვავებით, ავსტრალიური რბოლა გაცილებით საინტერესო გამოდგა, რასაც ხელი წვიმამაც შეუწყო. და, ყველაფრის მიუხედავად, აშკარაა, რომ წელს მანქანებს ერთმანეთის გასწრება ისე ძლიერ უჭირთ, როგორც არასდროს...

ავსტრალიის დიდი პრიზი

რბოლის შედეგები

ტრასის სიგრძე 5.303 კმ, 58 წრე, რბოლის დისტანცია 307.574 კმ

1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:33:36.531

2. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) +12.034

3. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 14.488

4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 16.304

5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 16.683

6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 29.898

7. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 59.847

8. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:00.536

9. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:07.319

10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:09.391

11. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:11.301

12. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:14.084

13. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 2 წრე

14. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 5 წრე

გ. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 17 წრე

გ. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 32 წრე

გ. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 33 წრე

. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 49 წრე

. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 49 წრე

. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 54 წრე

. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 58 წრე

. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 58 წრე

. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 58 წრე

. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 58 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: მარკ უებერი - 1:28.358, 47-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია

1. ფერნანდო ალონსო - 37 ქულა; 2. ფელიპე მასა - 33; 3. ჯენსონ ბატონი - 31; 4. ლუის ჰამილტონი - 23; 5. ნიკო როსბერგი - 20; 6. რობერტ კუბიცა - 18; 7. სებასტიან ფეტელი - 12; 8. მიხაელ შუმახერი - 9; 9. ვიტანტონიო ლიუცი - 8; 10. მარკ უებერი - 6; 11. რუბენს ბარიკელო - 5

კონსტრუქტორთა პირველობა

1. ფერარი - 70 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 54; 3. მერსედესი - 29; 4. რედ ბულ-რენო - 18; 4. რენო - 18; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 8; 7. უილიამს-კოსუორტი - 5

Saturday, March 27, 2010

ჰაერსადინარზე ”მერსედეს GP-ც” მუშაობს

Mercedes GP

27 მარტი

”მერსედეს GP-ს” შეფი როს ბრაუნი აცხადებს, რომ მისი გუნდის ინჟინრები გამალებით მუშაობენ იმგვარი აეროდინამიკური სისტემის შესაქმნელად, როგორიც პირველმა ”მაკლარენმა” შეიმუშავა და რომელმაც სეზონის დასაწყისში ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ”მაკლარენის” მანქანების წინა ნაწილის ზედა მხარეზე განლაგებულია ჰაერის ამღები, რომლის მიერ მიღებული ჰაერის ჭავლიც უკანა ფრთას მიეწოდება. რბოლის დროს, როდესაც სწორზე მოძრაობს, პილოტს ამ სადინარის მუხლით გადაკეტვა შეუძლია, რაც ფრთაზე დატვირთვის შემსუბუქებას იწვევს და შედეგად, ავტომობილის სიჩქარე იზრდება. მოსახვევების გავლისას კი ჰაერი ფრთას მიეწოდება, რომელიც მთელი ფართობით მუშაობს და მაქსიმალურად იტვირთება.

”ასეთი ელემენტით სოლიდური უპირატესობის მოპოვება შეიძლება. ის მოძრაობის დროს, უკანა ფრთის წინააღმდეგობის რეგულირების საშუალებას იძლევა. მაგრამ მსგავსი სისტემის უცებ შექმნა შეუძლებელია, რის მაგალითადაც ”ზაუბერის” მოყვანა შემიძლია, რომელსაც ჯერჯერობით არაფერი გამოსდის.

ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ, მაგრამ ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, როდის შევძლებთ მის გამოყენებას. იმ პირობებში, როდესაც სეზონის მსვლელობისას, ტესტები აკრძალულია, მსგავსი სიახლის სათანადოდ გამოცდა შეუძლებელია. ვეცდებით, მსგაცსი სისტემა, რაც შეიძლება სწრაფად შევქმნათ, მაგრამ როდის გამოვიყენებთ მას, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია”, - ჟურნალ ”ავტოსპორტთან” საუბრისას განაცხადა ბრაუნმა.

ის დასძენს, რომ შესაძლოა, სადინარის შექმნა და დანერგვა ესპანეთის დიდ პრიზამდე მოესწროს, როცა გერმანული გუნდი ტრასაზე თავისი ბოლიდის მნიშვნელოვნად მოდიფიცირებულ ვარიანტს გამოიყვანს. მაგრამ არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ეს უფრო გვიანაც მოხდეს.

”მაკლარენი” რეგულირებად საკიდარს ამზადებს

McLaren boss points finger at low-riding Red Bulls

27 მარტი

რედ ბულის საკიდარის რეგალურობამ ”მაკლარენის” შეფს ეჭვი აღუძრა
..............................................

”მაკლარენის” შეფი მარტინ უიტმარში დარწმუნებულია, რომ ”რედ ბულის” სარბოლი მანქანის საკიდარი, გზის საფართან დაშორების სარეგულირებელი სისტემითაა აღჭურვილი, რომელსაც არალეგალურად მიიჩნევს, თუმცა ამის მიუხედავად, მსგავსი სისტემის შექმნაზე მისი გუნდიც მუშაობს.

”ჩემი აზრით, ზოგიერთი გუნდი, გზის საფარიდან დაშორების სარეგულირებელ სისტემებს იყენებს. ეს რეგლამენტის დარღვევაა, თუმცა ფაქტია, რომ მას იყენებენ და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მსგავსი სისტემა შევიმუშაოთ. ვიმედოვნებ, ჩინეთის დიდი პრიზისთვის, ის მზად გვექნება”, - ამბობს უიტმარში.

მისგან ინტერვიუ ”მაკლარენის” და ”რედ ბულის” ყოფილმა პილოტმა, ამჟამად კი კომენტატორმა დევიდ კულტჰარდმა აიღო, ვინც იმავდროულად, ავსტრიული გუნდის კონსულტანტადაც მუშაობს. საუბრისას უიტმარშმა განაცხადა, რომ ”რედ ბულის” და ზოგიერთი სხვა გუნდის მანქანები კვალიფიკაციაზე ისევე დაწეულებია, როგორც რბოლის წინ, როდესაც მათი საწვავის ავზები სავსეა.

საკვალიფიკაციო რბოლების დროს, ბევრი კომენტატორი აღნიშნავს, რომ ”რედ ბულის” მანქანის ძირი ხშირად ეხება გზის საფარს. ეს კი იმის დამადასტურებელია, რომ მანქანა მეტისმეტად დაბლაა დაწეული, რაც მის აეროდინამიკასაც ამცირებს და სიმძიმის ცენტრსაც დაბლა სწევს. ყოველივე კი მის კონკურენტუნარიანობას აუმჯობესებს.

უიტმარშის აზრით, ”რედ ბულის” მანქანის საკიდარს აქვს მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც, გზის საფართან დაშორების სწრაფად რეგულირებაა შესაძლებელი. მისი მეშვეობით, კვალიფიკაციის წინ, მანქანას დაბლა სწევენ. ავზების ავსებამდე კი - მაღლა სწევენ. ამასთან, რბოლის მსვლელობისას, როდესაც მანქანა მსუბუქდება, პიტ სტოპის დროს, მას კვლავ დაბლა სწევენ.

ავტომატურად მოქმედი მსგავსი სისტემა, 1993 წელს პირველმა ”ლოტუსმა” შეიმუშავა, შემდეგ კი ”უილიამსმაც” დანერგა. მაგრამ მალე ის აიკრძალა. თუმცა, როგორც ჩანს, ”რედ ბული” საქმეს სხვაგვარად მიუდგა და მის მიერ შემუშავებული სისტემა რბოლის დროს გზასთან დაშორებას არ ცვლის. ეს კი რეგლამენტით აკრძალული არაა.

არსებობს ვარაუდი იმისა, რომ მანქანის სიმაღლის დაწევა ამორტიზატორებიდან აირის გარკვეული ნაწილის გამოშვებით ხდება. და პირიქით, როდესაც მანქანის აწევაა საჭირო, ამორტიზატორებს ჭარბი აირით ავსებენ.

რედ ბულის” საკვალიფიკაციო დუბლი

Red Bull hog front row at Melbourne (Reuters)

27 მარტი

”რედ ბულის” პილოტების - სებასტიან ფეტელისა და მარკ უებერის ტრიუმფით დასრულდა ავსტრალიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა, რომლის შედეგების მიხედვითაც, რბოლის სტარტზე პირველ რიგს ავსტრიული საჯინიბოს მანქანები დაიკავებენ.

ფეტელმა, რომელიც ჯერ მხოლოდ 22 წლისაა, თუმცა ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად ითვლება, თანაგუნდელს 0.126 წამით აჯობა და ზედიზედ მეორე რბოლას დაიწყებს პოულ პოზიციიდან. ხელმოცარული დარჩა მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი, რომელმაც კვალიფიკაციის დასკვნით სესიაზე გამოსვლის უფლებაც კი ვერ მოიპოვა. როგორც ჩანს, მასზე უარყოფითად იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ თავისუფალი პრაქტიკების შემდეგ, საგზაო წესების დარღვევის გამო, ის პოლიციელებს ჰყავდათ დაკავებული.

ფეტელი ასპარეზობისას

............................................

თუმცა, ნარბოლევს მან განაცხადა, რომ რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ბორბლების გზასთან არასაკმარისი ჩაჭიდების გამო, მხოლოდ მე-11 შედეგი აჩვენა. ყოველივეს მიუხედავად, ის იმედოვნებს, რომ რბოლას გაცილებით მაღალ დონეზე ჩაატარებს.

ფეტელს კი შესანიშნავი შანსი აქვს იმისა, რო სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვოს. მან აღნიშნა, რომ ბოლო წრე არცთუ საუკეთესოდ განვლო და ტრასიდან გავარდნის რეალური შანსიც ჰქონდა:

”უპირველეს ყოვლისა, ეს ჩვენი გუნდისთვის შესანიშნავი შედეგია. ბაჰრეინისგან განსხვავებით, უკან ორი ”ფერარი” არ მეყოლება. რაც შეეხება ჩემს გამოსვლას, მე-15 მოსახვევში ლამის მართვა დავკარგე, რაც იმის შედეგი იყო, რომ ძალიან გვიან დავამუხრუჭე. შეცდომის გამო, მოსახვევიდან გამოსვლაც ცუდი მქონდა. ასე რომ, ეს იდეალური წრე არ ყოფილა, თუმცა პოულის მოსაპოვებლად საკმარისი გამოდგა”.

მესამე სესიის დასაწყისში, საუკეთესო დრო უებერს ჰქონდა, მაგრამ შემდეგ მოწინავე პოზიცია თანაგუნდელს ჩააბარა და ამით ერთობ უკმაყოფილო დარჩა: ”ბედნიერი მაშინ ვიქნებოდი, პოული რომ მომეგო. თუმცა, ეს უკეთესია, ვიდრე ჩემი ბაჰრეინული შედეგი”.

რბოლას მესამე პოზიციიდან დაიწყებს სეზონის პირველი რბოლის მომგები, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო, მას კი გვერში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯენსონ ბატონი ამოუდგება.

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერს კვლავ მისმა თანაგუნდელმა ნიკო როსბერგმა აჯობა. ”მერსედესის” პილოტები რბოლას მესამე რიგიდან დაიწყებენ. შჲმახერმა განაცხადა, რომ თავისი სასტარტო პოზიციით კმაყოფილია, თუმცა აღნიშნა, რომ უკეთესი დროის ჩვენების საშუალება ნელმა მანქანებმა არ მისცეს.

კვალიფიკაციის შედეგები

1. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:23.919

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:24.035

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:24.111

4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:24.675

5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:24.837

6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:24.884

7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:24.927

8. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:25.217

9. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:25.372

10. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:26.036

11. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:25.184

12. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:25.638

13. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:25.743

14. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:25.747

15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:25.748

16. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:25.777

17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:26.089

18. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:26.471

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:28.797

20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:29.111

21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:29.592

22. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:30.185

23. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:30.526

24. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 1:30.613

Friday, March 26, 2010

ავსტრალიის დიდი პრიზი: თავისუფალი პრაქტიკები

Australian Grand Prix free practices

26 მარტი

რობერტ კუბიცა ასპარეზობისას

...................................................

ავსტრალიის დიდი პრიზის ორი თავისუფალი პრაქტიკის შემდეგ, საუკეთესო დრო ”მაკლარენის” ბრიტანელ ლუის ჰამილტონს აქვს. მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონმა ამჯერადაც აჯობა თავის თანაგუნდელსა და თანამემამულეს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ჯენსონ ბატონს, თუმცა პირველ პრაქტიკაზე მასზე ნელი იყო.

მეორე პრაქტიკა ახალი დაწყებული იყო, რომ გაწვიმდა, რის გამოც პილოტებმა ბოქსებს მიაშურეს და მანქანები საწვიმარ საბურავებზე გადაიყვანეს. წვიმა რომ შეწყდა, გამშრალ ტრასაზე საუკეთესო შედეგი ჰამილტონმა დააფიქსირა. მან თითქმის სამი მეათედი წამი მოაკლო ბატონის მანამდელ საუკეთესო შედეგს. ამან მოწინავე პოზიციის დაბრუნება სცადა, მაგრამ ისევ გაწვიმდა და ამის შემდეგ, ლიდერი აღარ შეცვლილა.

”წვიმის დროს ტრასაზე არც გამოვსულვარ. ამას არანაირი აზრი არ ჰქონდა. მართალია, მესამე პრაქტიკის წინ, მანქანაში ზოგიერთი რამის შეცვლა მოგვიწევს, მაგრამ საერთო ჯამში, ის შესანიშნავად მუშაობდა”, - განაცხადა ჰამილტონმა.

მეორე სესიის მიწურულს, წვიმა კვლავ შეწყდა და ამით უმალ ისარგებლა მიხალ შუმახერმა, რომელმაც მესამე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მაგრამ მალე მას ავსტრალიელმა მარკ უებერმა აჯობა. სესიის ამ მონაკვეთში ტრასაზე თითქმის ყველა პილოტი გამოვიდა, რამაც სწრაფ მანქანებს ბევრი პრობლემები შეუქმნა. მაგალითად, პედრო დე ლა როსას გასწრებისას, ორივე ”მაკლარენი” ძლივს გადაურჩა ხიფათს. ბოლო წამებზე კი სებასტიან ფეტელმა მართვა დაკარგა და ასპარეზობა ტრასის მიღმა დაასრულა. სხვათა შორის, სინოპტიკოსები წვიმას კვალიფიკაციისა და რბოლის დროსაც პროგნოზირებენ. ასე რომ, პილოტებს ხიფათები წინ ელით.

პირველ სესიაზე საუკეთესო პოლონელი რობერტ კუბიცა იყო, რომელიც მეორეზე მხოლოდ მე-11 შედეგს დასჯერდა. სამაგიეროდ, მის რუს თანაგუნდელ ვიტალი პეტროვს მეხუთე საუკეთესო დრო ჰქონდა.

კვლავ არ გაუმართლათ ”ისპანიას” წევრებს. ინდოელმა კარუნ ჩანდჰუკმა მეორე სესიაზე ერთი წრეც ვერ დაასრულა, მისი ბრაზილიელი თანაგუნდელი ბრუნო სენა კი ტრასაზე საერთოდ ვერ გამოვიდა. პირველ სესიაზე შედგა ”ფორს ინდიას” ტესტ პილოტ პოლ დი რესტას დებიუტი, რომელმაც მცირე ხნით, გერმანელი ადრიან სუტილი შეცვალა და მე-11 შედეგი აჩვენა. მეორე სესიაზე კი თავისი მონოპოსტი კვლავ სუტილმა დაიკავა.

პირველი სესიის მიწურულს, იაპონელი კამუი კობაიაშის ”ზაუბერს” ფრთა მოსწყდა, რის გამოც პილოტმა მართვა დაკარგა და ავარია მოუვიდა. საბედნიეროდ, ინციდენტი მისთვის ტრავმის გარეშე დასრულდა.

პირველი პრაქტიკის შედეგები

1. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:26.927

2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:27.126

3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:27.482

4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:27.511

5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:27.686

6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:27.747

7. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:27.793

8. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:28.014

9. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:28.114

10. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:28.192

11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:28.537

12. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:28.550

13. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:28.572

14. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:28.683

15. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:29.465

16. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:29.712

17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:30.249

18. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:31.588

19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:31.652

20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:31.654

21. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:32.831

22. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:33.401

23. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 1:34.251

24. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:34.925

მეორე პრაქტიკის შედეგები

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:25.801

2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:26.076

3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:26.248

4. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:26.511

5. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:26.732

6. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:26.832

7. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:26.834

8. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:26.835

9. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:26.904

10. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:26.956

11. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:27.108

12. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:27.108

13. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:27.455

14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:27.545

15. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:29.025

16. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:29.134

17. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:29.591

18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:29.860

19. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:30.510

20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:30.695

21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:32.117

22. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) დროის გარეშე

23. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) დროის გარეშე

24. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) დროის გარეშე

Thursday, March 25, 2010

”ვირჯინ რეისინგის” მანქანას მეტისმეტად პატარა ავზი აქვს

Virgin Racing

25 მარტი

გერმანულ ჟურნალ ”აუტო მოტორ უნდ შპორტის” ინფორმაციით, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ახალბედა ”ვირჯინ რეისინგს” სერიოზული პრობლემები შეექმნა. მანქანის დაპროექტების პროცესში, გათვლებისას დაშვებული უზუსტობის გამო, მისი საწვავის ავზი მეტისმეტად მცირე გამოდგა, რის გამოც, მასში რბოლის დასასრულებლად საჭირო რაოდენობის საწვავი ვერ ეტევა.

ამის გამო, თუ ინგლისური გუნდის პილოტებს, გერმანელ ტიმო გლოკს და ბრაზილიელ ლუკას დი გრასის ტექნიკური პრობლემები ხელს არ შეუშლის, მათ მაინც ძალიან გაუჭირდებათ რბოლების დასრულება. იმისათვის, რომ საწვავი დაზოგონ, ბოლო 10-15 წრეზე პილოტებს ძრავის რეჟიმის შეცვლა და გაღარიბებულ საწვავ ნარევზე გადასვლა მოუწევთ, რაც აგრეგატის ცვეთას და მისი დაზიანების ალბათობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

სავარაუდოდ, ”ვირჯინ VR-01-ის” საწვავის ავზი საჭიროზე დაახლოებით 10 ლიტრით მცირე მოცულობისაა. ცნობისათვის, სხვა მანქანებზე ავზების მოცულობა 220-დან 240 ლიტრამდეა. ”ვირჯინის” მანქანის ავზი კი კიდევ უფრო პატარაა. ფორმულა 1-ის რეგლამენტი გუნდებს შასის მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის უფლებას არ აძლევს. ამისათვის ინგლისურ გუნდს სპეციალური ნებართვის აღება დასჭირდება.

არაა გამორიცხული, რომ მან ეს უფლება მალევე მიიღოს, მაგრამ შასის მოდერნიზებას გარკვეული დრო მაინც დასჭირდება, რადგან ინჟინრებს მონოკოკის უფრო გრძელი ძირის, ძრავის გარსაცმის და არაერთი სხვა დეტალის შეცვლა მოუწევთ. ასე რომ, მთელი ამ სამუშაოს ჩატარება ესპანურ ეტაპამდეც რომ მოესწროს, ესეც გასაკვირი იქნება.

ეგ კიდევ არაფერი, გუნდის ინჟინრებს მანქანის სრულყოფის დრო აღარ დარჩებათ. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ”ვირჯინს” ჩემპიონატის მონაწილეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მცირე ბიუჯეტი აქვს და გამოვა, რომ ამ გუნდს სხვა ახალბედებთან პაექრობაც კი გაუჭირდება.

P.S. ავსტრალიის დიდი პრიზის დღეებში, ”ვირჯინმა” შასის მოდერნიზების უფლება მიიღო.

Wednesday, March 24, 2010

”ზაუბერი” პირველი მიბაძავს ”მაკლარენს”

BMW Sauber

24 მარტი

”მაკლარენის” აეროდინამიკური სიახლე, რომელმაც სეზონის დაწყებამდე, მეტოქე გუნდების მხრიდან, ბვრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, უკვე მიბაძვის საგანი ხდება. ეს ელემენტი სწორ მონაკვეთებზე მეტი სიჩქარის აკრეფის საშუალებას იძლევა, მოსახვევებში კი დამატებით ტვირთავს უკანა ერთას და მანქანას მდგრადობის შენარჩუნებაში ეხმარება.

პირველი გუნდი, რომელიც მსგავს სეროდინამიკურ საშუალებას გამოიყენებს, ”ზაუბერია”, რომელმაც ის უკვე მოამზადა და მელბურნული რბოლისთვის ამზადებს. მართალია, გუნდის ტექნიკური დირექტორი ვილი რამპფი ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებს, მაგრამ პადოკში უკვე ლაპარაკობენ იმაზე, რომ ავსტრალიის დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებზე, შვეიცარული გუნდის მანქანები ასეთი აეროდინამიკური ელემენტებით იქნება აღჭურვლი. გამოიყენებენ თუ არა მას ჰინვილელები კვალიფიკაციაზე და რბოლაში, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.

მელბურნში კი უკვე ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ ანალოგიურ ელემენტს მალე ”მერსედეს GP-ს” მანქანებზეც ვიხილავთ.

ავსტრალიის დიდი პრიზი: ერთი წრე მარკ უებერთან ერთად

One lap by Mark Webber

24 მარტი

ავსტრალიის დიდი პრიზის წინ, ”რედ ბულ რეისინგი” და მისი ავსტრალიელი პილოტი მარკ უებერი მელბურნ პარკის ერთი წრის გავლის შესახებ გვიყვებიან:

”ავსტრალიის დიდი პრიზი ჩემთვის მეგობრების მონახულების შესანიშნავი საშუალებაა. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს საშინაო რბოლაა და ყოველთვის ვცდილობ თავის გამოჩენას. ტრასის სიგრძე 5.3 კილომეტრია, რბოლა 58 წრისგან შედგება, სულ კი გასავლელი 308 კილომეტრია. აქ ექვსი ჩქაროსნული მონაკვეთი, ორი ნელი მოსახვევი და გასწრებისთვის სამი იდეალური ადგილია. მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ-ს აღწევს.

მაშ ასე, ”რედ ბულის” სიმულატორის მეშვეობით, გავიაროთ მელბურნ პარკის ერთი წრე. პირველი წრე ის ადგილია, სადაც ადრე ბევრი ავარია მომხდარა. აქ ინტენსიურად ვამუხრუჭებთ, გამოსასვლელში კი სწრაფად ავჩქარდებით. ამ სეგმენტში, მაყურებელს მანქანების გარჩევის კარგი საშუალება აქვთ.

პადოკს გავცდებით და მესამე მოსახვევის წინ, მკვეთრად ვამუხრუჭებთ. აქ გასწრება შეიძლება და ამიტომ, ამ მოსახვევში ადრე არაერთი ბრძოლა გაჩაღებულა. შემდეგ სექციაში კი საჭირო რიტმის პოვნას დიდი მნიშვნელობა აქვს. აქ ბორდიურებზე გავლაც გვიწევს და თანაბრად აჩქარებასაც ვიწყებთ. ამ მოსახვევს ძალიან სწრაფი ტეხილი მოსდევს, რომელსაც თითქმის არ აქვს უსაფრთხოების ზონები.

შემდეგი მოსახვევის წინ, ძალიან ინტენსიურად დამუხრუჭება გვიწევს, მთავარი კი ისაა, რომ იქიდან შეცდომის გარეშე გამოვიდეთ. ამას მოჰყვება ჩქაროსნული მონაკვეთი, რომელიც ტბის პირას გადის. შემდეგ კი ისევ ინტენსიური დამუხრუჭება და გავდივართ მოსახვევს, რომელშიც გზის საფარი საკმაოდ დაბორცვილია. აქაც დიდი მნიშვნელობა აქვს გამოსასვლელში სწორად გავლას, რადგან აქედან უკანა სწორზე გავდივართ და იქ სასტარტო სიჩქარეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ სწორი მონაკვეთის მარჯვნივ პალმებია ჩამწკრივებული, რომლებიც სიჩქარის აღქმაში გვეხმარება. ამას მოჰყვება მარჯვენა მოსახვევი და S-ფორმის სექცია, რომელიც ყველა პილოტს მოსწონს. ვუახლოვდებით ბოლო სექციას, რომელიც ორი მარჯვენა მოსახვევით იწყება. პირველის წინ ძლიერი დამუხრუჭებაა საჭირო, რასაც აჩქარება მოჰყვება. მეორეს წინ კი უმნიშვნელო დამუხრუჭებაა საჭირო. ამ მოსახვევიდან გამოსვლისას, სიჩქარე საკმაოდ მაღალია. ეს არის ბოლოდან მესამე მოსახვევი, რომელსაც მაღალი სიჩქარით გავდივართ.

შემდეგ მარცხენა მოსახვევია, რომლიდან კარგად გამოსვლასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მოსახვევში დიდი მნიშვნელობა აქვს ბორბლების გზასთან ჩაჭიდებას. მაყურებლებისთვის ეს მოსახვევიც ძალიან საინტერესოა. შემდეგ ისევ ბოლო მოსახვევი და ფინიშის ხაზი. იმედია, კარგი დრო ვაჩვენე”...

ძანარდი პარალიმპიური თამაშების მედალს უმიზნებს

Zanardi aims for Paralympic medal

24 მარტი

ფორმულა 1-ის და ინდი კარის ყოფილმა პილოტმა, იტალიელმა ალექს ძანარდიმ ახლახანს რომის მარათონი მოიგო, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ლონდონის 2012 წლის პარალიმპიურ თამაშებზე, ველორბოლაში მედლისთვის ბრძოლას აპირებს.

რომის მარათონი მან გასულ კვირას მოიგო. მის მიერ ნაჩვენები დრო (1 საათი 15 წუთი და 53 წამი) კი, რომლითაც უახლოესი მდევარი თითქმის ორი წუთით ჩამოიტოვა, საკმარისია იმისათვის, რომ ძანარდიმ ლონდონში მედლისთვის იბრძოლოს.

”რომში ასპარეზობა ძალიან სასიამოვნო იყო, გაცილებით სასიამოვნო იმ დროზე, როდესაც მანქანაში ვიჯექი და მწვანე სასტარტო შუქნიშანს ველოდი. შესაძლოა, ეს ცხოვრების წესის შეცვლის გამოა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა. როცა ხედავ, რომ ამდენი ადამიანი გამხნევებს და ასე გეხმარება, სულ სხვა, განსაკუთრებულ შეგრძნებას იწვევს. ასეთ მომენტს მთელი არსებით შეიცნობ და ეს მშვენიერია”, - ”გაძეტა დელო სპორტთან” საუბრისას განაცხადა ძანარდიმ, ვინც ხელის ველოსიპედზე გასული სეზონის შემდგ გადაინაცვლა, როდესაც ტურიზმის კლასის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა შეწყვიტა.

”თითქმის ყოველდღიურად, დაახლოებით 60 კილომეტრს გავდივარ, საკუთარი ამტანობის შესამოწმებლად კი ერთხელ 120 კილომეტრიც კი გავიარე. ამ ვარჯიშების შედეგი რომში ასპარეზობისას გამოჩნდა. გაცილებით სწრაფად ასპარეზობაც შემიძლია, მაგრამ აქაური გზა ძალიან რთულია, რბოლის ბოლოსკენ კი შემხვედრი ქარიც ხელს მიშლიდა. არ ვმალავ, რომ კონკრეტული მიზნები მაქვს. მათგან მთავარი კი ისაა, რომ ლონდოის 2012 წლის პარალიმპიურ თამაშებზე ვიასპარეზო და კვარცხლბეკისთვის ვიბრძოლო”, - დასძენს ძანარდი, ვინც ორივე ფეხი 2001 წელს, გერმანიის ლაუზიცრინგზე, საშინელ ავარიაში მიღებული უმძიმესი ტრავმების შედეგად დაკარგა.

2012 წლის პარალიმპიურ თამაშებს 29 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე უმასპინძლებს.

”რენოს” ტოპ ოთხეულთან მეტოქეობის იმედი აქვს

Renault hopeful of challenging top four

24 მარტი

”რენოს” მთავარი სარბოლო ინჟინერი ალან პერმანი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ამ სეზონშივე შეუძლია მოწინავე ოთხეულის დაწევა და მათთვის კონკურენციის გაწევა. ამის იმედს კი მას ბაჰრეინის რბოლაში პოლონელი პილოტის, რობერტ კუბიცას კარგი გამოსვლა აძლევს.

კუბიცამ კვალიფიკაციაზე მეცხრე ადგილი დაიკავა, რბოლა კი მე-11 ადგილზე დაასრულა. არადა, პირველივე მოსახვევში, მას შეჯახება ”ფორს ინდიას” გერმანელ ადრიან სუტილთან მოუვიდა. მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებული მანქანის შესაკეთებლად ბოქსებში ნაადრევად შესვლა მოუხდა, კუბიცამ მაინც შეძლო ქულების ზონასთან მიახლოება.

რაც მთავარია, რბოლის მსვლელობისას, პოლონელს შესანიშნავი გრაფიკი ჰქონდა, რაც პერმანს ოპტიმისტურად განაწყობს. მას სჯერა, რომ ფრანგული გუნდის R30 მალე კონკურენციას თვით ”მაკლარენსა” და ”მერსედესს” გაუწევს.

”სახირზე რობერტმა შესანიშნავად იასპარეზა. სტარტზე მომხდარი ინციდენტის მიუხედავად, შუა რბოლაში ის უკვე მე-11 იყო. თან, წრეებს ისევე სწრაფად გადიოდა, როგორც ორივე ”მერსედესი” და ბატონის ”მაკლარენი”. აშკარაა, რომ ”ფერარისა” და ”რედ ბულივით” სწრაფი მანქანა არ გვყავს, მაგრამ ბაჰრეინის რბოლა იმის იმედს მაძლევს, რომ ამ სეზონში საკმაო ქულების დაგროვებას შევძლებთ”, - ამბობს პერმანი.

ისევე როგორც ბევრი სხვა გუნდი, ”რენოც” მელბურნისთვის რამდენიმე აეროდინამიკური სიახლის გამოყენებას აპირებს. პერმანი ამბობს, რომ ავსტრალიის დიდ პრიზზე, ორივე მანქანა კვალიფიკაციის მესამე სესიაზე გამოსვლისთვის იბრძოლებს, რბოლაში კი ქულების იმედი აქვს.

”მელბურნში ჩვენ რამდენიმე აეროდინამიკურ სიახლეს გამოვიყენებთ და ვფიქრობ, მათი მეშვეობით, ჩვენ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანები გავხდებით. წინა ფრთა სრულიად ახალია, უკანას კი რამდენიმე ახალი ნაწილი ექნება. ყველაფერმა კი ავტომობილის გზასთან ჩაჭიდება უნდა გააუმჯობესოს. ჩვენ მანქანის კომპლექსურ გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საქმეში მთავარი გზასთან ჩაჭიდებაა. გარდა ამისა, ზოგიერთი მექანიკური პრობლემის მოგვარებაც გვიწევს, მაგრამ ეს უფრო ხანგრძლივი პროექტია და მისი შედეგები მოგვიანებით გამოჩნდება. პირველ რიგში, სიახლეები საკიდარს შეეხება. ვფიქრობ, ავსტრალიის რბოლის კვალიფიკაციის მესამე სესიაზე ორივე მანქანით გასვლა მიღწევადი მიზანია. თუ ეს შევძელით, მაშინ ორივე პილოტი ქულბისთვის იბრძოლებს”, - ამბობს პერმანი.