ჰაერსადინარზე ”მერსედეს GP-ც” მუშაობს
Mercedes GP
27 მარტი
”მერსედეს GP-ს” შეფი როს ბრაუნი აცხადებს, რომ მისი გუნდის ინჟინრები გამალებით მუშაობენ იმგვარი აეროდინამიკური სისტემის შესაქმნელად, როგორიც პირველმა ”მაკლარენმა” შეიმუშავა და რომელმაც სეზონის დასაწყისში ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ”მაკლარენის” მანქანების წინა ნაწილის ზედა მხარეზე განლაგებულია ჰაერის ამღები, რომლის მიერ მიღებული ჰაერის ჭავლიც უკანა ფრთას მიეწოდება. რბოლის დროს, როდესაც სწორზე მოძრაობს, პილოტს ამ სადინარის მუხლით გადაკეტვა შეუძლია, რაც ფრთაზე დატვირთვის შემსუბუქებას იწვევს და შედეგად, ავტომობილის სიჩქარე იზრდება. მოსახვევების გავლისას კი ჰაერი ფრთას მიეწოდება, რომელიც მთელი ფართობით მუშაობს და მაქსიმალურად იტვირთება.
”ასეთი ელემენტით სოლიდური უპირატესობის მოპოვება შეიძლება. ის მოძრაობის დროს, უკანა ფრთის წინააღმდეგობის რეგულირების საშუალებას იძლევა. მაგრამ მსგავსი სისტემის უცებ შექმნა შეუძლებელია, რის მაგალითადაც ”ზაუბერის” მოყვანა შემიძლია, რომელსაც ჯერჯერობით არაფერი გამოსდის.
ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ, მაგრამ ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, როდის შევძლებთ მის გამოყენებას. იმ პირობებში, როდესაც სეზონის მსვლელობისას, ტესტები აკრძალულია, მსგავსი სიახლის სათანადოდ გამოცდა შეუძლებელია. ვეცდებით, მსგაცსი სისტემა, რაც შეიძლება სწრაფად შევქმნათ, მაგრამ როდის გამოვიყენებთ მას, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია”, - ჟურნალ ”ავტოსპორტთან” საუბრისას განაცხადა ბრაუნმა.
ის დასძენს, რომ შესაძლოა, სადინარის შექმნა და დანერგვა ესპანეთის დიდ პრიზამდე მოესწროს, როცა გერმანული გუნდი ტრასაზე თავისი ბოლიდის მნიშვნელოვნად მოდიფიცირებულ ვარიანტს გამოიყვანს. მაგრამ არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ეს უფრო გვიანაც მოხდეს.
No comments:
Post a Comment