”კამპოს მეტას” ნაცვლად ”ისპანია F1”
Campos to race under Hispania name
3 მარტი
ახალი სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ფორმულა 1-ის ახალბედა, ესპანური გუნდი ”კამპოს მეტა” სახელს იცვლის. ამიერიდან, მისი სრული სახელი ”ისპანია რეისინგ F1” იქნება. ეს გადაწყვეტილება გუნდმა დღეს დილით გამოაქვეყნა, ხვალ კი ოფიციალურ პრეზენტაციას ქალაქ მურსიაში გამართავს.
მოსალოდნელია, რომ ”ისპანია რეისინგი” მურსიაში თავისი პილოტების ვინაობასაც დაასახელებს. მათგან ერთტან - ბრაზილიელ ბრუნო სენასთან, კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. მეორე პილოტი კი ალბათ ინდოელი კარუნ ჩანდჰოკი გახდება. რაც შეეხება სათადარიგო პილოტს, ამ ადგილს ალბათ არგენტინელ ხოსე მარია ლოპესს ჩააბარებენ, რომელმაც არშემდგარ US F1-თან კონტრაქტი უკვე გაწყვიტა.
ინგლისურ გამოცემა ”ავტოსპორტის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ესპანური საჯინიბოს დამაარსებელი და ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი ადრიან კამპოსი, რომელმაც ახლახან თავისი გუნდის აქციები ესპანელ ხოსე რამონ კარაბანტეს მიჰყიდა, ”ისპანია რეისინგში” დარჩება და მისი აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს.
ჯერჯერობით, ”ისპანია რეისინგი” ქალაქ ალიკანტეს მახლობლად, ქალაქ ალსირაში გააგრძელებს მუშაობას, თუმცა მალე ის მურსიაში გადაბარგდება, სადაც ”კარაბანტეს” ერთ-ერთი კომპანია, ”ისპანია” მდებარეობს. გუნდს კი ისევ კოლინ კოლესი გაუძღვება, რომელიც გუნდის მმართველ დირექტორად ერთი თვის წინ დაინიშნა.
”გუნდის ახალი სახელი ფორმულა 1-ში ჩვენი ახალი ამბიციების გამოვლენაა. ამით დასრულდა ყველა ის წინააღმდეგობა, რაც მას დაარსებიდან მოყოლებული, დღემდე ჰქონია. ბაჰრეინში კი ჩვენი რეალური დებიუტის მომსწრენი გახდებით. ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ პადოკში ისეთი ლეგენდარული გუნდების გვერდით დავიკავებთ ადგილს, როგორებიც ”ფერარი”, ”მაკლარენი”, ”უილიამსი” და ”ლოტუსია”. შემდეგი სეზონების განმავლობაში კი ჩვენი რეპუტაციის დამკვიდრებას ვეცდებით”, - ნათქვამია კოლესის (სურათზე) განცხადებაში.
No comments:
Post a Comment