”რენო” ”მაკლარენს” ახალი ”გამალებული შეიარაღების დაწყებაში ადანაშაულებს
Renault accuse McLaren of opening up new arms race
12 მარტი
ფორმულა 1-ის ახალი სეზონის დაწყების წინ, მეტოქე გუნდების პროტესტი ”მაკლარენის” აეროდინამიკურმა მოწყობილობამ გამოიწვია, რომელიც, ზოგიერთი გუნდის ხელმძღვანელთა განცხადებით, მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის დარღვევაა.
მაგრამ ბაჰრეინში, ინგლისური გუნდის მანქანებმა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ტექნიკური კომისიის ინსპექცია გაიარა, რომელმაც რეგლამენტის დარღვევა გამორიცხა. თუმცა ”რენოს” მმართველი დირექტორი ბობ ბელი აცხადებს, რომ ”მაკლარენმა” ახალი გამალებული შეიარაღება წამოიწყო, რაც მეტოქე გუნდების მხრიდან ანალოგიურ პასუხს გამოიწვევს, ამას კი მათი დანახარჯების ზრდა მოჰყვება.
”ფუნდამენტურად ნათელია, რომ ”მაკლარენის” უკანა ფრთის კონსტრუქცია რეგლამენტს არ შეესაბამება. მათ ახალი გამალებული შეიარაღება დაიწყეს, რაც ყველა დანარჩენ გუნდს ძვირად დაუჯდება. ვფიქრობ, ფედერაცია ასეთ საკითხებში უფრო მკაცრი უნდა იყოს”, - ამბობს ბელი.
”მაკლარენის” უკანა ფრთაზე გადადის ძრავის ხუფის ნაწილი, რომელშიც ავტომობილის კოკპიტის წინა ნაწილში არსებული ჰაერის ამღებით შეგროვილი ჰაერის ნაკადი მიემართება. რბოლის დროს, სწორი მონაკვეთების გავლისას, პილოტს ფეხით შეუძლია ამ ხვრელის დახურვა და ამგვარად, უკანა ფრთაზე მოქმედი ნაკადის დაწოლის ძალაც შემცირდება. ძრავის ხუფის უკანა, ზვიგენის ფარფლის ფორმის ნაწილი ფრთის გარკვეულ სეგმენტს ფარავს. როდესაც ჰაერის სადინარი დახურულია, ფრთის აღნიშნულ ნაწილზე დატვირთვა იხსნება, რაც მანქანის სიჩქარის ზრდას იწვევს. ნელ მოსახვევებში კი სადინარი ღიაა და ფრთაც სრულადაა დატვურთული. აღნიშნული ეშმაკობა, პილოტებს უკანა ფრთაზე დატვირთვის რეგულირების საშუალებას აძლევს.
ფორმულა 1-ის რეგლამენტში წერია, რომ აეროდინამიკური ელემენტების მექანიკური საშუალებებით მართვა აკრძალულია. ”მაკლარენში” კი მექანიკური საშუალების ნაცვლად, პილოტის სხეულის ნაწილს იყენებენ. ამის გამო, FIA-ს ტექნიკურმა და რბოლების დირექტორმა ჩარლი უაიტინგმა უოკინგელების ეს ეშმაკობა ლეგალურად სცნო.
”უილიამსის” ტექნიკური დირექტორი პატრიკ ჰედი თვლის, რომ ამგვარი მარტივი მოწყობილობით, ”მაკლარენის” პილოტები სწორ მონაკვეთზე დაახლოებით 5 კმ/სთ-ით მეტ სიჩქარეს განავითარებენ, ვიდრე მის გარეშე. ეს კი დიდი უპირატესობაა. და დასძენს, რომ სხვა გუნდებმაც ეს იდეა სასწრაფოდ უნდა აიტაცონ.
ამავე აზრს იზიარებს ”რედ ბულის” შეფი ქრისტიან ჰორნერიც, ვინც თვლის, რომ მსგავსი აეროდინამიკური ელემენტების შესაქმნელად, დანარჩენი გუნდები სასწრაფოდ დაიწყებენ მუშაობას.
სავარაუდოდ, აღნიშნული ელემენტი ”მაკლარენს” სეზონის ევროპულ ეტაპებამდე დაეხმარება. შემდეგ კი ის ალბათ სხვა გუნდების მანქანებზეც გამოჩნდება.
No comments:
Post a Comment