როსბერგი შუმახერისთვის დათმობას არ აპირებს
Rosberg sure he will match Schumacher
11 მარტი
ფორმულა 1-ის ახალი სეზონის დაწყებამდე, ყველას ის აინტერესებს, თუ როგორ იასპარეზებს მიხაელ შუმახერი, შეძლებს თუ არა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მერვე ტიტულისთვის ბრძოლას, გაუმკლავდება თუ არა ისეთ ძლიერ მეტოქეებს, როგორებიც ”მაკლარენის”, ”ფერარის” და ”რედ ბულის” პილოტები არიან. რატომღაც, ყველას ავიწყდება, რომ ფ1-ში ყველას უპირველესი მეტოქე თავისივე თანაგუნდელია.
შუმახერს კი ასეთი თანამემამულე ნიკო როსბერგი ჰყავს. მასზე არავინ არაფერს ამბობს. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ წითელი ბარონისთვის, ის ისეთივე ადვილი წინაღობა იქნება, როგორებიც მისი წინა თანაგუნდელები იყვნენ, როდესაც ”ბენეტონსა” თუ ”ფერარიში”, გერმანელი ავტომრბოლი გამოკვეთილი პირველი პილოტი იყო.
თავის შანსებზე ბევრს არც როსბერგი ლაპარაკობს. მაგრამ ბაჰრეინში ჩასული, პრესკონფერენციაზე მიიწვიეს, სადაც, რა თქმა უნდა, კითხვა თავის თანაგუნდელზეც დაუსვეს. როსბერგის პასუხები საკმაოდ ოპტიმისტური იყო:
”სეზონის წინ, ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ. W01-ის საჭესთან, თავს საკმაოდ თავდაჯერებულად და კომფორტულად ვგრძნობ. მაგრამ ისიც მესმის, რომ ადვილი ცხოვრება არ მელის, რადგან ძალიან ძლიერი თანაგუნდელი მყავს. ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია.
”მზად ვარ, შუმახერთან ნაყოფიერად ვიმუშაო. გუნდს მანქანის სრულყოფაში დავეხმარები - სწრაფი მანქანის გარეშე ხომ ვერაფერს მივაღწევთ. ვფიქრობ, ჩვენი საქმეები კარგად მიდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამუშაო არ გვაქვს. ბევრი გარჯა მოგვიწევს, რომ განვითარება გავაგრძელოთ.
პირველ რიგში, ყველა ჩემს თანაგუნდელს შემადარებს. ამიტომ, ამ სეზონში ჩემი მიზანი ის იქნება, რომ მის ფონზე, რაც შეიძლება, უკეთ გამოვიყურებოდე. რა თქმა უნდა, ამ სეზონში ბევრი რამის სწავლა მომიწევს, რადგან კონკურენტუნარიანი მანქანით პირველად ვიასპარეზებ. ჯერჯერობით, სრული თავდაჯერება არ გვაქვს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ის კონკურენტუნარიანი იქნება. ასე რომ, სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველი, რომლის დროსაც, მიხაელთან ტოლსწორი მეტოქეობა მექნება”.
No comments:
Post a Comment