ფეტელს მუხრუჭმა უმტყუნა
Vettel says failure robbed him of win
28 მარტი
”რედ ბულის” სებასტიან ფეტელმა ზედიზედ მეორე რბოლა წააგო და მეორედაც მას მანქანამ უმტყუნა. თუ ბაჰრეინულ რბოლაში მისი მარცხის მიზეზი ”რენოს” ძრავზე დაზიანებული სანთელი გახდა, მელბურნში მის მანქანას წინა მარცხენა მუხრუჭის დისკი დაეშალა, რის გამოც, გერმანელმა პილოტმა რბოლა ნაადრევად, გზის პირას დაასრულა.
თავად ფეტელი კი ამბობს და ამაში ალბათ ბევრი დაეთანხმება, რომ ის რბოლას მოიგებდა, მანქანას ბოლომდე გამართულად რომ ემუშავა. ისევე როგორც ბაჰრეინში, ავსტრალიის დიდ პრიზზეც ფეტელი სტარტიდან ნახევარ რბოლაზე მეტს ლიდერობდა, მაგრამ შემდეგ ის მოხდა, რისგანაც ფორმულა 1-ში დაზღვეული არავინაა.
”მწყობრიდან მუხრუჭი გამოვიდა. ინციდენტამდე ერთი წრით ადრე, მარცხენა წინა ბორბლიდან ვიბრაცია ვიგრძენი, მაგრამ ჩემზე არაფერი იყო დამოკიდებული. შემდეგ კი, მე-13 მოსახვევში შესვლამდე, მოულოდნელად მანქანაზე კონტროლი დავკარგე. სამწუხაროა - მანამდე ხომ თავისუფლად ვაკონტროლებდი რბოლის მსვლელობას და რომ არა ეს შემთხვევა, მისი მოგებაც შემეძლო”, - ამბობს ფეტელი და დასძენს:
”ყოველივე ჩემს თავდაჯერებულობაზე უარყოფითად მოქმედებს. ეს დაზიანებები არავის ბრალი არ ყოფილა. ჩვენ ყველანი მაქსიმუმს ვცდილობთ. ახლა მთავარია, რომ მალაიზიაში მაინც შევძლოთ ფინიშამდე მიღწევა”.
მთლიანობაში, ავსტრალიური დიდი პრიზი ”რედ ბულისთვის” მეტად წარუმატებელი გამოდგა. გუნდის ორივე პილოტმა რბოლა პირველი რიგიდან დაიწყო, მაგრამ მხოლოდ ორი ქულის მოპოვება შეძლო და ეს ქულები მას მარკ უებერმა მოუპოვა, რომელიც რბოლის დროს ორჯერ შეეჯახა ლუის ჰამილტონს.
ოღონდ, მანამდე მას გამშრალ ტრასაზე საწვიმარი საბურავებით ზედმეტი წრის გავლა მოუხდა, რაზეც დრო დაკარგა. შემდეგ, შუა რბოლაში, ის და ჰამილტონი ერთმანეთს პირველად დაეჯახნენ, რის შემდეგაც, ორივეს ბოქსებში, საბურავების გამოსაცვლელად უხმეს. ბოლოს კი, როცა ჰამილტონი ფერნანდო ალონსოს გასწრებას ლამობდა, უებერი მის ”მაკლარენს” დაეჯახა და ბოქსში შესვლამ კიდევ ერთხელ მოუწია.
No comments:
Post a Comment