2011 წლის სეზონისთვის FIA ახალ გუნდებს იწვევს
FIA invites would-be new teams to apply for 2011
20 მარტი
იმ გუნდბისთვის, რომლებსაც 2011 წლის სეზონიდან ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში ჩაბმა სურთ, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) განაცხადების შეტანის ბოლო ვადად 15 აპრილი დაასახელა. პარალელურად, თითოეულ განმცხადებელ გუნდს, საადმინისტრაციო გადასახადის სახით, 1000 ევროს გადახდაც მოუწევს.
როგორც ცნობილია, ახალი წესებით, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის სულ 13 გუნდი დაიშვება. ამ სეზონში მონაწილეობის განაცხადი 13 გუნდს ჰქონდა შეტანილი, მაგრამ ამერიკულმა USF1-მა ჩემპიონატისთვის მომზადება ვერ შეძლო და მისი ადგილი ვაკანტურად გამოცხადდა. მართალია, ამ ვაკანსიის შევსება სერბულ ”სტეფან GP-ს” შეეძლო, მაგრამ FIA თავისივე რეგლამენტი არ დაარღვია და სერბულ გუნდს პროცედურის სრულად დაცვა მოსთხოვა. არადა, ”სტეფან GP-მ” გასული სეზონის ბოლოს, ”ტოიოტასგან” მთელი ეკიპირება, მათ შორის, პრაქტიკულად დასრულებული ახალი ბოლიდი გამოისყიდა და იაპონური კომპანიისგან ტექნოლოგიური მხარდაჭერის პირობაც მიიღო და ამ სეზონისთვისაც მზად იყო.
გარდა იმისა, რომ დარჩენილი ვაკანსიის შევსება სურს, FIA ასევე გეგმავს ოფიციალური სარეზერვო გუნდების დასახელებას. ეს იმ შემთხვევისთვის კეთდება, თუ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის დაშვებული გუნდებიდან ერთი, ან უფრო მეტი, მომავალ სეზონში ასპარეზობას ვერ შეძლებს, ან ჩემპიონატს მისი მსვლელობისას გამოაკლდება.
იმ გუნდებს, რომლების განაცხადებსაც FIA ოფიციალურად მიიღებს, შემდგომი პროცედურების გავლა და მორიგი გადასახადის გადახდა მოუწევთ. პირველ რიგში, ფედერაციის კომოსია შეისწავლის, თუ ფინანსურად რამდენად მდგრადია განაცხადის შემტანი საჯინიბო, რამდენად გამართული სტრუქტურა და რამდენად შეესაბამება მისი ტექნიკური შესაძლებლობები ფორმულა 1-ის მოთხოვნებს. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ექნება განმცხადებელი გუნდების გამოცდილებას.
No comments:
Post a Comment