დენისის აზრით, ფეტელს სხვა პრობლემა ჰქონდა
Ron Dennis
21 მარტი
”მაკლარენის” შეფი რონ დენისი დარწმუნებულია, რომ ბაჰრეინის რბოლის დროს, სებასტიან ფეტელს სიჩქარე ძრავის გაუმართაობის გამო არ დაუგდია. მას მისჩნია, რომ ”რედ ბულის” სარბოლ ავტომობილ RB6-ს მცირე მოცულობის საწვავის ავზი აქვს, ”რენოს” ძრავი კი არც ისე ეკონომიურია, როგორც ადრე მიაჩნდათ. ასე რომ, დენისის აზრით, შუა რბოლაში გერმანელ პილოტს საწვავის ხარჯის პრობლემა ჰქონდა და შანსი იმისა, რომ ის ფინიშს ვერ მიაღწევდა, საკმაოდ დიდი იყო.
ამის გამო, იმისათვის, რომ საწვავის ხარჯი შეემცირებინათ, გუნდის ინჟინრებმა ძრავი მუშაობის ეკონომიურ რეჟიმზე გადაიყვანეს, რამაც მანქანის სიჩქარეზე უარყოფითად იმოქმედა. ყოველივეს შედეგი კი ის იყო, რომ ამის შემდეგ, ფეტელს უახლოესი მდევრები წრეზე 3 და მეტ წამსაც კი უგებდნენ.
დენისი კარგად იცნობს ”რედ ბულ რეისინგის” მთავარ ინჟინერსა და ტექნიკურ დირექტორ ედრიან ნიუის, რომელმაც მის გუნდში რამდენიმე სეზონი გაატარა და ”მაკლარენს” და მის ფინელ პილოტ მიკა ჰაკინენს ორი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.
”ჩემი აზრით, ”რედ ბულის” პრობლემა მანქანის შექმნისას, მისი კონსტრუქციის შემუშავების დროს დაშვებულ შეცდომებშია. მანქანას ან მეტისმეტად პატარა ავზი აქვს, ან მისი ძრავი მოსალოდნელზე მეტად ხარჯიანია”, - კიოლნურ გაზეთ ”ექსპრესთან” საუბრისას განაცხადა დენისმა.
სხვათა შორის, სეზონის დაწყებამდე ყველა ლაპარაკობდა იმაზე, რომ ”რენოს” (სწორედ მის ძრავებს იყენებს რედ ბული) ყველაზე ეკონომიური ძრავები აქვს. არაა გამორიცხული, რომ ამ ვარაუდს საფუძველი არ ჰქონდა. თუმცა, უფრო სარწმუნოდ ჩანს ის ვარაუდი, რომლის მიხედვითაც, ფეტელის სარბოლმა ინჟინერმა გიომ როკელენმა შეცდომა დაუშვა, როდესაც რბოლისთვის საჭირო საწვავის რაოდენობა გათვალა.
No comments:
Post a Comment