”რედ ბულის” მექანიკოსები საბურავებს 2 წამში ცვლიან
Red Bull eyes sub-two second pitstops in 2010
8 მარტი
ფორმულა 1-ში რბოლის დროს საწვავის დამატება აიკრძალა, მაგრამ საბურავების შეცვლა არავის აუკრძალავს და ამდენად, პიტ სტოპზე მექანიკოსთა გარჯის სისწრაფეზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ეს პროცესი მაშინ იქნება, როდესაც პილოტებს ისეთ ტრასებზე მოუწევთ ასპარეზობა, სადაც გასწრება გაძნელებულია.
ამიტომ, გასაკვირი სულაც არაა, როცა გვესმის, რომ პილოტების გარდა, ახალი სეზონისთვის მექანიკოსებიც დიდი მონდომებით ემზადებიან. სეზონის წინა ტესტების დაწყებამდე, ”უილიამსში” ივარაუდეს, რომ რბოლების დროს, ზოგიერთი გუნდი საბურავებს 3 წამზე ნაკლებში შეცვლის, მაგრამ როგორც ჩანს, ესეც არ ყოფილა ზღვარი.
ასეა, რადგან ახლახანს, გაზეთ ”მირორისთვის” მიცემულ ინტერვიუში, ”რედ ბულ რეისინგის” შეფმა ქრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ მისი გუნდის მექანიკოსებმა, ვარჯიშის დროს, მანქანას საბურავების სრული კომპლექტი 1.8 წამში შეუცვალეს (!!!).
”ჩვენ საბურავებს ორ წამზე ნაკლებში ვცვლით. ბიჭები ელვასავით მუშაობენ. მათ სეზონის წინ სპეციალურად ვამზადებდით და ამ პროცესში, ყველამ წონაში მნიშვნელოვნად დაიკლო. ისინი ჯოჯოხეთურ სამუშაოს ასრულებდნენ. ნოემბრიდან მოყოლებული, ყოველდღიურად, დღეში მინიმუმ ოთხ საათს, სავარჯიშო დარბაზში ატარებენ. ისინი ნამდვილი ათლეტები არიან. პიტ სტოპებს ჩვენ ყოველთვის ძალიან სწრაფად ვასრულებდით, მაგრამ ახლა ამ საკითხს მეცნიერულად მივუდექით და ფანტასტიკურ შედეგებსაც ამის წყალობით მივაღწიეთ”, - ამბობს ჰორნერი.
თავისი პერსონალის გასაწვრთნელად, ”რედ ბულმა” ინგლისში სპორტული ცენტრი დაიქირავა, რაშიც დაახლოებით ნახევარი მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა. ჰორნერი თვლის, რომ ესოდენ დიდი ხარჯი გამართლებულია და ამ რისკის ნაყოფს მისი გუნდი რბოლების დროს მოიმკის.
No comments:
Post a Comment