ძანარდი პარალიმპიური თამაშების მედალს უმიზნებს
Zanardi aims for Paralympic medal
24 მარტი
ფორმულა 1-ის და ინდი კარის ყოფილმა პილოტმა, იტალიელმა ალექს ძანარდიმ ახლახანს რომის მარათონი მოიგო, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ლონდონის 2012 წლის პარალიმპიურ თამაშებზე, ველორბოლაში მედლისთვის ბრძოლას აპირებს.
რომის მარათონი მან გასულ კვირას მოიგო. მის მიერ ნაჩვენები დრო (1 საათი 15 წუთი და 53 წამი) კი, რომლითაც უახლოესი მდევარი თითქმის ორი წუთით ჩამოიტოვა, საკმარისია იმისათვის, რომ ძანარდიმ ლონდონში მედლისთვის იბრძოლოს.
”რომში ასპარეზობა ძალიან სასიამოვნო იყო, გაცილებით სასიამოვნო იმ დროზე, როდესაც მანქანაში ვიჯექი და მწვანე სასტარტო შუქნიშანს ველოდი. შესაძლოა, ეს ცხოვრების წესის შეცვლის გამოა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა. როცა ხედავ, რომ ამდენი ადამიანი გამხნევებს და ასე გეხმარება, სულ სხვა, განსაკუთრებულ შეგრძნებას იწვევს. ასეთ მომენტს მთელი არსებით შეიცნობ და ეს მშვენიერია”, - ”გაძეტა დელო სპორტთან” საუბრისას განაცხადა ძანარდიმ, ვინც ხელის ველოსიპედზე გასული სეზონის შემდგ გადაინაცვლა, როდესაც ტურიზმის კლასის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა შეწყვიტა.
”თითქმის ყოველდღიურად, დაახლოებით 60 კილომეტრს გავდივარ, საკუთარი ამტანობის შესამოწმებლად კი ერთხელ 120 კილომეტრიც კი გავიარე. ამ ვარჯიშების შედეგი რომში ასპარეზობისას გამოჩნდა. გაცილებით სწრაფად ასპარეზობაც შემიძლია, მაგრამ აქაური გზა ძალიან რთულია, რბოლის ბოლოსკენ კი შემხვედრი ქარიც ხელს მიშლიდა. არ ვმალავ, რომ კონკრეტული მიზნები მაქვს. მათგან მთავარი კი ისაა, რომ ლონდოის 2012 წლის პარალიმპიურ თამაშებზე ვიასპარეზო და კვარცხლბეკისთვის ვიბრძოლო”, - დასძენს ძანარდი, ვინც ორივე ფეხი 2001 წელს, გერმანიის ლაუზიცრინგზე, საშინელ ავარიაში მიღებული უმძიმესი ტრავმების შედეგად დაკარგა.
2012 წლის პარალიმპიურ თამაშებს 29 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე უმასპინძლებს.
No comments:
Post a Comment