მალაიზიის დიდი პრიზი: ერთი წრე მარკ უებერთან ერთად
Malaysian Grand Prix
31 მარტი
ავსტრალიის დიდი პრიზიდან ერთი კვირის შემდეგ, ფორმულა ერთის ქარავანს მალაიზია, მისი დედაქალაქ კუალა ლუმპურის გარეუბან სეპანგში არსებული თანამედროვე ავტოდრომი ეგებება, რომელზეც, ტრადიციულ მეგზურობას ”რედ ბულის” ავსტრალიელი პილოტი მარკ უებერი გაგვიწევს.
”მალაიზიის დიდი პრიზი. აქ ყოველთვის ცხელა და ძალიან ტენიანი ჰაერია. ხშირია წვიმები და პილოტებისთვის აქაური რბოლა დიდ ამტანობას მოითხოვს. ტრასის სიგრძე 5.5 კილომეტრია, წრეების რაოდენობა 56, რბოლის დისტანცია კი 310 კილომეტრი. ამ ტრასაზე მაქსიმალური სიჩქარე 297 კმ/სთ-ს აღწევს.
სტარტ-ფინიშის სწორი ძალიან ფართოა, მის ბოლოს ინტენსიური დამუხრუჭება გვიწევს. პირველი მოსახვევის შესასვლელში, ტრასას კარგი ჩაჭიდება აქვს. ბორბლებს თეთრ ზოლზე გავატარებ, რადგან ამ მოსახვევიდან გამოსვლისთანავე, მეორე მოსახვევი იწყება. აქ გზა ვიწროა და მოსახვევის გამოსასვლელი არ ჩანს. შემდეგ კი სწორი მონაკვეთია, სადაც აჩქარებას ვიწყებ და ჩქაროსნულ მარჯვენა მოსახვევში შევდივარ, რომელიც ოდნავ აღმართში გადის. ამას მოჰყვება კიდევ ერთი მკვეთრი შენელება, რის შემდეგაც კიდევ ერთი ვიწრო მოსახვევია, საიდან გამოსვლასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან შემდეგი სწორი მონაკვეთი აღმართზეა.
შემდეგ მოსახვევს კურსი მარცხნივ აქვს და ის საკმაოდ სწრაფია. მას ასევე სწრაფი, ოღონდ მარჯვენა მოსახვევი მოსდევს. მანქანაზე აქ ბევრი რამაა დამოკიდებული, ამის მიზეზი კი დიდი სიჩქარეა. აქაური ტრიბუნიდან რბოლის ყურება ძალიან საინტერესო უნდა იყოს, რადგან მაყურებელი კარგად ხედავს, თუ რა შეუძლია ფორმულა 1-ის მანქანებს. მე-9 მოსახვევამდე კიდევ ერთი სწორი მონაკვეთია. აქ ტრასის ორი მონაკვეთი იმდენად ახლოსაა ერთმანეთისგან, რომ შეგიძლია მეტოქეების დანახვა.
ისევ აჩქარება, მაგრამ აქ გზასთან ჩაჭიდულობა ყოველთვის არასაკმარისია და ეს ბევრ პრობლემას ქმნის. სამაგიეროდ, მაყურებლებისთვის ეს ადგილიც ძალიან საინტერესოა. აქ ტრიბუნა შემაღლებულზეა და ტრასის დიდი ნაწილი კარგად ჩანს. გავდივართ მარცხენა უმნიშვნელო ტეხილს, რომლის გავლაც ერთობ სასიამოვნოა. სამაგიეროდ, მომდევნო მონაკვეთი საკმაოდ რთულია - ბოლოსწინა მოსახვევის წინ, საკმაოდ ინტენსიური დამუხრუჭება გვიწევს. მთავარია, ამ მოსახვევიდან სუფთად გამოსვლა და შემდეგ სულის მოთქმის საშუალება გვეძლევა, რადგან მას საკმაოდ გრძელი, უკანა სწორი მონაკვეთი მოსდევს. აქ მარცხენა მხარეს, უზარმაზარი ტრიბუნა დაგვცქერის. სწორის ბოლოს ისევ მკვეთრი დამუხრუჭება და ბოლო მოსახვევში შევდივართ. ეს მოსახვევი გამოსასვლელში იშლება და სიჩქარეც თანდათან იზრდება. აქედან კარგად გამოსვლას დიდი მნიშვნელობა აქვს. შემდეგ გავდივართ სტარტ-ფინიშის ხაზს და წრეც დასრულებულია”.
No comments:
Post a Comment