ჰამილტონი ”მაკლარენის” ტაქტიკას აკრიტიკებს
Hamilton criticises McLaren's strategy
28 მარტი
ჰამილტონი მეორე პიტ სტოპზე
.................................................................
ლუის ჰამილტონმა ავსტრალიის დიდ პრიზზე თავისი გამოსვლა შეაფასა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო თავის კარიერაში, თუმცა დასძინა, რომ ”მაკლარენის” ტაქტიკურმა შეცდომამ და მარკ უებერთან შეჯახებამ, მას კარგი შედეგის მიღწევაში ხელი შეუშალა.
მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონმა სტარტი მე-11 პოზიციიდან აიღო, თუმცა უკვე შუა დიასტანციაზე, მეორე ადგილისთვის რობერტ კუბიცას ებრძოდა. შემდეგ კი, გუნდმა ის მეორე პიტ სტოპზე იხმო. მისგან განსხვავებით, ბოქსში მეორედ შესვლისგან თავის შეკავება ამჯობინეს ჯენსონ ბატონმა, კუბიცამ, ფელიპე მასამ და ფერნანდო ალონსომ.
ბოქსებიდან დაბრუნებული ჰამილტონი მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა და მართალია, რბოლის მიწურულს ალონსოს დაეწია, მაგრამ მისი გასწრება ვერ შეძლო, ფინიშამდე ორი წრით ადრე კი მას მარკ უებერი დაეჯახა.
”შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო რბოლა იყო. მაგრამ გუნდის მიერ არჩეული არასწორი სტრატეგიის გამო, ლიდერებს ძალიან ჩამოვრჩი, შემდეგ კი უებერმა ტრასიდან გადამაგდო. ჩემი გამოსვლით ძალიან კმაყოფილი ვარ. გაცილებით მეტს ვიმსახურებდი, მაგრამ რას ვიზამ, ისღა დამრჩენია, შემდეგ რბოლას დაველოდო და იქ ვცადო ბედი”, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც სტრატეგიის გამო, თავისი უკმაყოფილება რადიოთი გუნდს მანამ ამცნო, სანამ უებერი დაეწეოდა.
”ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ ისაა, რომ ბიჭებმა შესანიშნავად იმუშავეს, მაგრამ არასწორმა სტრატეგიამ ეს შრომა წყალში ჩაგვიყარა. ჩემს წინ ვინც იყო, ბოქსში ყველა მხოლოდ ერთხელ შევიდა, მაგრამ რატომღაც, მე იქ ორჯერ შესვლა მომიწია”, - დასძენს ჰამილტონი და კითხვაზე, ვინ მიიღო მცდარი გადაწყვეტილება, განაცხადა: ”არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად გავარკვევ”.
თანაგუნდელისგან განსხვავებით, ერთადერთი პიტ სტოპი ჯენსონ ბატონის პირადი გადაწყვეტილება იყო: ”სლიკებზე ადრე გადასვლა მე თვითონ გადავწყვიტე. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე გადაწყვეტილებებს ბოქსში ღებულობენ, მაგრამ პილოტი ამის საჭიროებას ყველაზე უკეთ გრძნობს. რბოლის დასაწყისში, გარკვეული პრობლემები მანქანის ბალანსთან დაკავშირებით მქონდა, რის გამოც, რამდენიმე პოზიცია დავკარგე. მაგრამ შემდეგ გავიფიქრე, რომ ბოქსში შესვლის დრო იყო და ასეც მოვიქეცი. იმ დროს ტრასა უკვე გამშრალი იყო და სისველე მხოლოდ რამდენიმე ადგილას იყო შემორჩენილი”.
ტრასაზე დაბრუნებული ბატონი, როცა მისი საბურავები ჯერაც არ იყო გახურებული, მესამე მოსახვევში ტრასის მიღმაც კი აღმოჩნდა. მაგრამ შემდეგ რამდენიმე მეტოქის გასწრება შეძლო და ზედიზედ მეორედ მოიგო ავსტრალიის დიდი პრიზი.
No comments:
Post a Comment