”რენოს” ძრავის მოდერნიზების უფლება მისცეს
Renault allowed to make engine changes
20 მარტი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) გადაწყვეტილებით, ”რენოს” ძრავის მოდერნიზების უფლება მიეცა. ოღონდ, ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ ელემენტებს, რომლებიც ძრავის წარმოების გაიაფებას და საიმედოობის გაუმჯობესებას გამოიწვევს. ამასთან, ფრანგულ კომპანიას უარი უთხრეს იმ ცვლილებებზე, რომლებსაც შეიძლებოდა ძრავის გაძლიერება გამოეწვია.
ფრანგულმა კომპანიამ ფედერაციას ძრავის მოდერნიზების თხოვნით ჯერ კიდევ გასული სეზონის მიწურულს მიმართა, მაგრამ მაშინ გადაწყდა, რომ შეთანხმებისთვის გუნდებს უნდა მიეღწიათ. თან, მთავარი მოთხოვნა ის იყო, რომ სხვა კომპანიებს თავიანთი ძლიერი ძრავები შეესუსტებინათ და არა პირიქით.
მაშინ შეთანხმება ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც ”რენომ” სხვა ხერხს მიმართა და თავისი მოთხოვნა სხვაგვარად ჩამოაყალიბა. კერძოდ, მოდერნიზების მიზნად ძრავის საიმედოობის გაუმჯობესება და გაიაფება დასახელდა, რამაც მაშინვე გაჭრა. რა თქმა უნდა, ეჭვიც არავის ეპარება იმაში, რომ ფრანგული კომპანია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მისმა ძრავმა საჭირო ცხენის ძალები მიიღოს.
სხვათა შორის, ”რენომ” ფედერაციას წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ძრავს რა ტიპის მოდერნიზაციას ჩაუტარებს. ამასთან, კომისიამ ზოგიერთი პუნქტი დაიწუნა, რომლებსაც, ექსპერტების აზრით, ძრავის გაძლიერება შეუძლია.
მას შემდეგ, რაც ძრავს მოდერნიზაცია ჩაუტარდება, მას გამოსაცდელად FIA-ს კომისიას გადაეცემა, რომელიც ტესტირებას ჩაუტარებს. დადგენილი პროცედურის გავლის შემდეგ კი, ”რენოს” და ”რედ ბულს” ახალი ძრავის გამოყენების უფლება მიეცემათ.
No comments:
Post a Comment