”მერსედესი” ბაჰრეინში გამარჯვებას უმიზნებს
Mercedes targets victory in Bahrain
6 მარტი
ბარსელონას ტესტების მესამე დღეს, როსბერგს ტრასის აბსოლუტურად საუკეთესო დრო ჰქონდა, რომელიც მეოთხე დღეს მხოლოდ ლუის ჰამილტონმა გააუმჯობესა
....................................................
”მერსედეს GP-ს” შეფი როს ბრაუნი აცხადებს, რომ მართალია, მისი გუნდი ახალ სეზონს ისეთი მომზადებული ვერ ხვდება, როგორსაც ის ისურვებდა, თუმცა ჩემპონატის პირველივე რბოლაში გამარჯვებისთვის ბრძოლას აპირებს.
”უპირველესად, ჩვენი მიზანი ბაჰრეინში გამოსვლაა. მერე კი, როდესაც ვნახავთ, ვინ რა დონეზეა, მიზანს უფრო გარკვვით ჩამოვაყალიბებთ. თუმცა, ჩვენი მიზანი ყოველთვის არის და იქნება შემდეგი რბოლის მოგება. შემდეგი რბოლა კი ბაჰრეინში გვაქვს”, - ამბობს ბრაუნი.
ის ასევე დასძენს, რომ მისი გუნდი სეზონს 100 პროცენტით მომზადებული ვერ ხვდება, რადგან სეზონისთვის მზადების პროცესში, უამრავი პრობლემის მოგვარება მოუხდა. თუმცა, ეს მის ოპტიმიზმს მაინც ვერ აკნინებს:
”ჩვენ ისეთი მომზადებულები ვერ ვართ, როგორც ვისურვებდი, მაგრამ ყურების ჩამოყრას არ ვაპირებთ. ძალიან ძნელი ზამთარი გვქონდა. ჩვენი შტატი 700-დან 450-მდე შემცირდა. შტატის ნაკლებობა რამდენიმე კუთხით იგრძნობოდა. თუმცა, მანქანით კმაყოფილი ვარ და ამის მიზეზი მაქვს. ის ძალიან პერსპექტიული ჩანს. ახლა მთავარია, რომ განვითარების ტემპი გავზარდოთ და ველაფერი კარგად იქნება”.
მართალია, გერმანული გუნდის ბრიტანელი მენეჯერი აღიარებს, რომ მისი გუნდი ლიდერებს ცოტათი ჩამორჩება, თუმცა იქვე დასძენს, რომ ეს სრულებითაც არ აშინებს და რა თქმა უნდა, განწყობაც საბრძოლო აქვს:
”არა მგონის, რომ ”ფერარის” და ”მაკლარენს” წამით ჩამოვრჩეთ. მთავარია ის, რისი გაკეთებაც მოვასწარით. როდესაც მანქანა საწვავით სრულად იყო გაწყობილი და მას რბოლის იმიტაციისას ვცდიდით, ის სრულიად კონკურეტუნარიანად გამოიყურებოდა. მთავარია, კონკრეტული ტრასისთვის მანქანა შესაბამისად მოვმართოთ. მიხაელს საკვალიფიკაციო რეჟიმში არ უვარჟიშია. სამაგიეროდ, ნიკოს მსუბუქი ავზებით კარგი დრო ჰქონდა. ბარსელონას ტესტების მესამე დღეს, მან საუკეთესო შედეგი აჩვნა. ამიტომ, არ მიმაჩნია, რომ სხვებს წამით ჩამოვრჩებით”.
”როგორც ვთქვი, უკეთესად მომზადებას ვისურვებდი, მაგრამ მიზანი მოძრავია და ჩვენც მის გადაადგილებას ზუსტად მივყვებით. ასეთია ჩვენი საქმის თავისებურება. ლიდერი გუნდი ყოველთვის მეტოქეთა სამიზნეა. ლიდერი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს. დანარჩენები კი ყოველთვის მდევრის როლში არიან. ჩვენ ყველა ფაზა გავიარეთ იმისათვის, რომ ლიდერობამდე მიგვეღწია. ახლაც იგივე ფაზებს გავდივართ და სულაც არ ვდარდობ ამაზე”.
და, რაც მთავარია, ბრაუნი გვპირდება, რომ ბაჰრეინში, მისი გუნდი გაუმჯობესებულ მანქანას გამოიყვანს:
”ბაჰრეინისთვის რამდენიმე სიახლე გვაქვს. მათი გამოყენება ბარსელონაშივე შეგვეძლო, მაგრამ ასე არ მოვიქეცით. ჩვენ მანქანის ზოგიერთი ელემენტის გამოუცდელად სრულყოფა შეგვიძლია და ამ შესაძლებლობას ვიყენებთ. როდესაც სეზონის განმავლობაში, ტესტირების უფლება არ გვაქვს, ბევრ სიახლეს სწორედ გამოუცდელად ვნერგავთ და ეს ჩვენს ინჟინრულ უნარს ავითარებს. რა თქმა უნდა, სიახლეები ბარსელონაშიც გვქონდა, მაგრამ მთავარი სახლეები ბაჰრეინისთვის შემოვინახეთ”.
No comments:
Post a Comment