”ვირჯინ რეისინგის” მანქანას მეტისმეტად პატარა ავზი აქვს
Virgin Racing
25 მარტი
გერმანულ ჟურნალ ”აუტო მოტორ უნდ შპორტის” ინფორმაციით, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ახალბედა ”ვირჯინ რეისინგს” სერიოზული პრობლემები შეექმნა. მანქანის დაპროექტების პროცესში, გათვლებისას დაშვებული უზუსტობის გამო, მისი საწვავის ავზი მეტისმეტად მცირე გამოდგა, რის გამოც, მასში რბოლის დასასრულებლად საჭირო რაოდენობის საწვავი ვერ ეტევა.
ამის გამო, თუ ინგლისური გუნდის პილოტებს, გერმანელ ტიმო გლოკს და ბრაზილიელ ლუკას დი გრასის ტექნიკური პრობლემები ხელს არ შეუშლის, მათ მაინც ძალიან გაუჭირდებათ რბოლების დასრულება. იმისათვის, რომ საწვავი დაზოგონ, ბოლო 10-15 წრეზე პილოტებს ძრავის რეჟიმის შეცვლა და გაღარიბებულ საწვავ ნარევზე გადასვლა მოუწევთ, რაც აგრეგატის ცვეთას და მისი დაზიანების ალბათობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
სავარაუდოდ, ”ვირჯინ VR-01-ის” საწვავის ავზი საჭიროზე დაახლოებით 10 ლიტრით მცირე მოცულობისაა. ცნობისათვის, სხვა მანქანებზე ავზების მოცულობა 220-დან 240 ლიტრამდეა. ”ვირჯინის” მანქანის ავზი კი კიდევ უფრო პატარაა. ფორმულა 1-ის რეგლამენტი გუნდებს შასის მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის უფლებას არ აძლევს. ამისათვის ინგლისურ გუნდს სპეციალური ნებართვის აღება დასჭირდება.
არაა გამორიცხული, რომ მან ეს უფლება მალევე მიიღოს, მაგრამ შასის მოდერნიზებას გარკვეული დრო მაინც დასჭირდება, რადგან ინჟინრებს მონოკოკის უფრო გრძელი ძირის, ძრავის გარსაცმის და არაერთი სხვა დეტალის შეცვლა მოუწევთ. ასე რომ, მთელი ამ სამუშაოს ჩატარება ესპანურ ეტაპამდეც რომ მოესწროს, ესეც გასაკვირი იქნება.
ეგ კიდევ არაფერი, გუნდის ინჟინრებს მანქანის სრულყოფის დრო აღარ დარჩებათ. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ”ვირჯინს” ჩემპიონატის მონაწილეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მცირე ბიუჯეტი აქვს და გამოვა, რომ ამ გუნდს სხვა ახალბედებთან პაექრობაც კი გაუჭირდება.
P.S. ავსტრალიის დიდი პრიზის დღეებში, ”ვირჯინმა” შასის მოდერნიზების უფლება მიიღო.
No comments:
Post a Comment