”რენო” ძრავის მოდერნიზების უფლებას ითხოვს
Renault lodges engine change request
12 მარტი
ჟურნალ ”ავტოსპორტის” ინფორმაციით, ”რენომ” საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციას (FIA) ოფიციალური წერილით მიმართა, რომლითაც ძრავის დახვეწის უფლებას ითხოვს, რათა მეტოქეთა ძრავების სიმძლავრეს მიაღწიოს. თუ ფრანგულმა კომპანიამ შესაბამისი უფლება მიიღო, მაშინ მის გუნდს და ”რედ ბულს” ჩემპიონობისთვის ბრძოლის მეტი შანსი გაუჩნდებათ.
მეტოქეთა ძრავებთან შედარებით, ”რენოს” აგრეგატი დაახლოებით 30 ცხენის ძალით სუსტია. FIA-ს კი ძრავების მოდიფიკაცია აკრძალული აქვს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფედერაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყველა ძრავის ტექნიკური მონაცემები მეტნაკლებად თანაბარი იყოს, რათა ჩემპიონატში ბრძოლისას, პილოტები გარე ფაქტორებზე ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულნი.
”რედ ბულის” ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ფედერაცია ფრანგულ კომპანიას ძრავის მოდერნიზების უფლებას მისცემს. ამ შემთხვევაში კი ავსტრიული გუნდის საჩემპიონო შანსები მნიშვნელოვნად გაიზრდება. ”ავტოსპორტისვე” ინფორმაციით, ფრანგულმა კომპანიამ, FIA-სადმი გაგზავნილ წერილში აღწერა, თუ რა ცვლილებების შეტანას აპირებს ძრავის კონსტრუქციაში. ამ ცვლილებებმა კი, სიმძლავრესთან ერთად, აგრეგატის გამძლეობაც უნდა გააუმჯობესოს და მისი ღირებულება შეამციროს.
ჟურნალის ინფორმაციით, ”რენოს” მიერ ფედერაციისადმი გაგზავნილ მოთხოვნაში, ძრავის მოდერნიზების აუცილებლობა ობიექტურადაა აღწერილი და ის რეგლამენტის მოთხოვნებს სრულად შეესაბამება. ”რედ ბულის” შეფმა ქრისტიან ჰორნერმა ამ საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ძრავის სრულყოფის მოთხოვნა საფუძვლიანია.
”ძრავებთან დაკავშირებით, აშკარა პრობლემა არსებობს და უსამართლობა იქნება, თუ მათ სიმძლავრეებს შორის სხვაობა, ჩემპიონატის საბოლოო შედეგებზე გავლენას იქონიებს. კარგი იქნება, თუ ”რენო” ამ სიტუაციიდან გამოსავალს სასწრაფოდ იპოვნის”, - ამბობს ჰორნერი.
No comments:
Post a Comment