ფეტელმა წააგო, მაგრამ ყველა მოხიბლული დატოვა
Vettel loses out but wins more admirers
14 მარტი
რბოლის დასაწყისში ფეტელმა ყველა მდევარი კარგა შორს ჩამოიტოვა, მაგრამ...
........................................................................................
სებასტიან ფეტელმა ბაჰრეინის დიდი პრიზი შესანიშნავად დაიწყო და კარგა ხანს, რბოლას დამაჯერებლად ლიდერობდა, მაგრამ 33-ე წრეზე მისი მანქანის ძრავზე სანთელი გამოვიდა მწყობრიდან, რამაც გერმანელს სიჩქარე დააკარგვინა. მართალია, დარჩენილ წრეებზე ის მეტოქეებთან შედარებით, დაბალ ტემპში მოძრაობდა, მაგრამ მეოთხე ადგილის დაკავება მაინც შეძლო და ბევრის ქებაც დაიმსახურა.
”ძალიან საწყენია. რბოლას სრულად ვაკონტროლებდი. სტრატეგიაც სწორად გვქონდა დაგეგმილი. ყველაფერი კარგად მიდიოდა. ტრასის ყველა წერტილს ისე გავდიოდი, რომ საბურავებს და მუხრუჭებს გავფრთხილებოდი. მერე კი ვიგრძენი, რომ რაღაც მექანიკური დაზიანდა. იღბლად, რბოლის გაგრძელება შევძელი და ფინიშთან მეოთხე მივედი. არადა, მოგება შემეძლო”, - ნარბოლევს სწუხდა ფეტელი.
თავიდან გუნდს ეჭვი ჰქონდა, რომ გერმანელი პილოტის ბოლიდის სიმძლავრის დაკარგვა გამოსაბოლქვი სისტემის დაზიანებამ გამოიწვია, მაგრამ უფრო დაკვირვებით ჩატარებულმა გასინჯვამ გამოავლინა, რომ პრობლემის მიზეზი სანთლის დაზიანება გახდა.
”სებასტიანმა შესანიშნავად იასპარეზა. ავტო რბოლებში ასეთი რამ ხდება ხოლმე. მთავარი, რაც მის გამოსვლაში მომეწონა, ის იყო, თუ როგორ აკონტროლებდა რბოლას სტარტიდან იმ საბედისწერო მომენტამდე. ბოლო წრეებზე კი, მიუხედავად იმისა, რომ მის მანქანას სიმძლავრე აშკარად აკლდა, თავგამოდებით იბრძოლა, რომ პოზიცია შეენარჩუნებინა. და მან ეს შეძლო. წინ გრძელი სეზონია. ამჯერად არ გაგვიმართლა, მაგრამ ჩემპიონატი ამით არ მთავრდება, 18 რბოლა გასავლელი გვაქვს”, - განაცხადა ”რედ ბულ რეისინგის” შეფმა ქრისტიან ჰორნერმა.
ფეტელისთვის ქება არც ფორმულა 1-ის გუნდის ყოფილმა მფლობელმა, ირლანდიელმა ედი ჯორდანმა დაიშურა, ვის გუნდშიც, 19 წლის წინ, დიდი პრიზების ცირკში მიხაელ შუმახერის დებიუტი შედგა: ”ვფიქრობ, ფეტელი შესანიშნავად გამოიყურებოდა. ჩემი აზრით, ის მეოთხე ადგილზე გაცილებით მეტს იმსახურებდა”.
No comments:
Post a Comment