რბოლები რომ მოსაწყენი არ იყოს
Changes urged to improve show
14 მარტი
ბაჰრეინის დიდი პრიზის ნახვის შემდეგ, მთავარი შთაბეჭდილება ისაა, რომ სანახაობა არ გამოვიდა ისეთი, როგორსაც სეზონის დაწყებამდე ველოდით. ეს ყველამ თვალნათლივ დაინახა და აღიარა. ”მაკლარენის” შეფი მარტინ უიტმარში კი საქმეში სასწრაფო ჩარევას და რეგლამენტის სასწრაფოდ შეცვლას მოითხოვს, რათა რბოლის სანახავად მისულმა მაყურებელმა ტრასაზე ის პაექრობა იხილოს, რისთვისაც თავისი ჯიბე მნიშვნელოვნად შეამსუბუქა.
უიტმარშის თქმით, ახალი რეგლამენტი იმისთვის შემოიღეს, რომ რბოლების სანახაობრივი მხარე გაუმჯობესებულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, ამის გამკეთებლებმა ყველაფერი ისე ვერ გათვალეს, როგორც საჭირო იყო. ამ შეცდომის შედეგები კი ბაჰრეინში კარგად გამოჩნდა.
წინა ადგილებზე გასული პილოტების უმეტესობამ, საბურავები მხოლოდ ერთხელ შეცვალა. ბევრი კი, მათ შორის მიხაელ შუმახერიც, ამბობს, რომ ძალიან ძნელია წინ მიმავალ მანქანასთან კვალში ჩადგომა და უფრო ძნელი - მისი გასწრება. ეს კი რბოლას ინტერესს უკარგავს.
ბიბისისთან საუბრისას, უიტმარშმა განაცხადა, რომ სასწრაფოდ უნდა გამოიძებნოს რბოლების სანახაობრივი მხარის გასაუმჯობესებელი საშუალებები. ერთ-ერთ ასეთად კი მას ორი სავალდებულო პიტ სტოპის შემოღება მიაჩნია.
”ჩვენ იმ სამ გუნდთაგანნი ვართ, რომლებიც ორი სავალდებულო პიტ სტოპის შემოღებას ვემხრობით. იმის გამო, რომ ვიცოდით, ზოგი ბოქსში მხოლოდ ერთხელ შესვლას გეგმავდა, ჩვენც ასე მოვიქეცით. მეორე მხრივ, შეგვიძლია ”ბრიჯსტოუნს” მოვთხოვოთ, რომ სუპერ რბილი საბურავები დაამზადოს. ასეთი საბურავი მალე დაზიანდება და უფრო ადრე გახდება შესაცვლელი, ვიდრე მასზე ხისტი საბურავები. ახლა რბოლის ნახევარის, ან მეტის გავლა საბურავის ერთი კომპლექტით გვიწევს, რაც პილოტების შესაძლებლობებს ზღუდავს, რადგან რეზინის დაზოგვა უწევთ. და თუ მათ ეცოდინებათ, რომ გაცვეთილ საბურავს დიდი დროის დაკარგვის გარეშე შეცვლიან, ისინი ტრასაზე უფრო გაბედულად იმოქმედებენ”, - ამბობს უიტმარში და დასძენს:
”რბოლის დროს, საბურავები პრაქტიკულად არ დაზიანებულა. პიტ სტოპების სერია კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩვენ ლუისს ბოქსში დავუძახეთ. ეს კი იმისათვის გავაკეთეთ, რომ მას რეზინი როსბერგზე ადრე შეეცვალა და ამით უპირატესობა მიეღო. და როგორც კი სხვებმა ჩვენი პიტ სტოპი დაინახეს, ყველამ მაშინვე ბოქსებს მიაშურა. არადა, საბურავების ცვეთის მიხედვით რომ პიტ სტოპი დაგვეგეგმა, ლუისს 25-ე წრემდე ბოქსში შემოსვლა არ მოუწევდა”.
”მაკლარენის” შეფი დასძენს, რომ რბოლების სანახაობრივი მხარის გაუმჯობესებით, პირველ რიგში, გუნდები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი:
”ფორმულა 1 გართობაა, ხალხი რბოლებზე იმისთვის მოდის, რომ საინტერესო სანახაობა იხილოს და თუ ასე არ მოხდა, ისინი შინ დარჩენას ამჯობინებენ და ამით წაგებულნი ჩვენვე დავრჩებით. დღეს ტრასაზე საინტერესო ბევრი არაფერი მომხდარა. ჩვენ ეს ვიცით და იმისათვის, რომ ასე აღარ მოხდეს, სასწრაფოდ სიტუაციის გამოსწორებაზე უნდა ვიზრუნოთ”.
ის თვლის, რომ გასწრებას რამდენიმე ფაქტორი ართულებს, რომელთა შორისაც, ერთ-ერთი მთავარი მანქანაზე ორმაგი დიფუზორის არსებობაა, რომელიც უკან მომავალ მანქანას ძლიერ ურთულებს საქმეს. მაგრამ დიფუზორები მხოლოდ მომავალი სეზონიდან აიკრძალება, ახლა კი სასწრაფო მოქმედებაა საჭირო იმისათვის, რომ სპორტმა მაყურებელი არ დაკარგოს.
”მიმაჩნია, რომ უფრო რბილი საბურავები რბოლებს გაცილებით საინტერესოს გახდის. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ორი სავალდებულო პიტ სტოპი კარგი გამოსავალი იქნება. გარწმუნებთ, დღევანდელ რბოლაში, მე-5 წრეზე ტრასაზე პეისკარი რომ გამოსულიყო, ყველა ბოქსებს მიაშურებდა და მეორედ იქ აღარავინ შევიდოდა. ყველამ იცის, რომ რეზინი ასეთ დატვირთვას კარგად უძლებს და არავის აქვს მისი დაზიანების შიში. ამის გამო, ”ბრიჯსტოუნს” სულაც არ ვადანაშაულებ. ყველანი თანაბარ სიტუაციაში ვართ”, - დასძენს უიტმარში.
No comments:
Post a Comment