ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, March 28, 2010

ბატონმა მელბურნში გაინავარდა

Button a winner again in Australia

28 მარტი

წლევანდელი ჩემპიონატი რომ საინტერესო იქნება, ამაზე ავსტრალიის დიდი პრიზიც მეტყველებს. შეიძლება საუკეთესო მანქანა გყავდეს, მაგრამ გამარჯვების მისაღწევად ეს საკმარისი სულაც არაა. ამის დასტური ”რედ ბულის” პილოტების წარუმატებელი გამოსვლა გახდა - სებასტიან ფეტელმა ზედიზედ მეორე რბოლა დაიწყო პოულიდან, მაგრამ ერთხელაც ვერ მოიგო. სამაგიეროდ, მოქმედმა ჩემპიონმა, ვისგანაც მელბურნში გამარჯვებას ბევრი არავინ ელოდა, შესანიშნავად იასპარეზა და ისევე როგორც შარშან, ამჯერადაც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა.

სინოპტიკოსების პროგნოზი გამართლდა და რბოლის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გაწვიმდა, სველ ტრასაზე კი რბოლის დასაწყისშივე ინციდენტი მოხდა. ფეტელმა შესანიშნავი სტარტი აიღო და მას კვალში ფელიპე მასა მიჰყვა. მის თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოს კი მწვანე შუქზე ”ჩაეძინა” და ამ ჩავარდნის გამოსწორებას რომ ლამობდა, ბატონს დაეჯახა. ამან ესპანელი დააზარალა, რომელიც ჩემპიონის გარდა, მიხაელ შუმახერსაც დაეჯახა და თუ ბატონის მანქანა დაზიანებას გადაურჩა, გერმანელს ბოქსებში შესვლა და მანქანაზე დაზიანებული ცხვირის შეცვლა დასჭირდა, რამაც ის პელოტონის კუდში, მე-20 ადგილზე გადაანაცვლა. ალონსო კი მასზე ორი ადგილით წინ აღმოჩნდა.

წვიმამ მალე გადაიღო და პეისკარიც ტრასიდან მე-5 წრეზე გავიდა. ამ დროს ფეტელი ლიდერობდა, მას კი მასა და უებერი მიჰყვებოდნენ, რომელსაც რობერტ კუბიცა უტევდა. მე-6 წრეზე ლუის ჰამილტონმა შესანიშნავი მანევრით ბატონი ჩამოიტოვა, უებერმა კი მასას გაასწრო და მას მალე კუბიცაც კუდზე დააჯდა. აშკარა იყო, რომ ბრაზილიელის მანქანაზე უკანა საბურავები კარგად ვერ მუშაობდა.

მე-9 წრეზე ლიდერებმა ბოქსებს მიაშურეს - ტრასა გაშრა და შუალედი საწვიმარი საბურავები სათანადოდ ვეღარ მუშაობდა. ბოქსებიდან დაბრუნების შემდეგ, ბატონი ისევ ჰამილტონის წინ აღმოჩნდა და მან კუბიცას შეუტია. უებერმა კი შეცდომა დაუშვა და ბალახებში გაიარა. მე-15 წრეზე ისევ წვიმის წვეთები წამოვიდა. უებერმა მასას შეუტია და გაასწრო კიდეც, მაგრამ შეცდომა დაუშვა და ისევ ბალახებში აღმოჩნდა.

მე-19 წრეზე ალონსომ მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლა და ჰამილტონთან ჩამორჩენის შემცირება დაიწყო. თავის მხრივ, ბრიტანელი მასას უტევდა. ამ დროს კი შუმახერი ამაოდ ცდილობდა ხაიმე ალგერსუარის გასწრებას. 22-ე წრეზე მასა შეცდა, რითაც უმალ ისარგებლა ჰამილტონმა. ალონსოს კი უებერმა გაუარა. გასწრებისას, ჰამილტონს ფრთა დაუზიანდა, რის გამოც, გუნდმა ბოქსში შესვლა ურჩია, მაგრამ ბრიტანელმა ამაზე უარი თქვა.

26-ე წრეზე ჰამილტონმა როსბერგს გაასწრო. გერმანელმა იქვე სცადა პოზიციის დაბრუნება, მაგრამ ამ დროს მარშლებმა ყვითელი შუქი აანთეს, რითაც როსბერგმა გასწრების უფლება დაეკარგა. ყოველივეს მიზეზი კი ფეტელის ავარია გახდა. ლიდერს მოსახვევში შესვლის მომენტში მუხრუჭები დაუზიანდა, რამაც მისი მარცხენა ბორბალი გაჭედა და ლიდერმა რბოლა ტრასის მიღმა დაასრულა. მისი ადილი კი ბატონმა დაიკავა.

ჰამილტონმა კუბიცას შეუტია, მას კი უკან ორი ”ფერარი” მიჰყვებოდა, რომლებიც ერთმანეთთან ბრძოლას აშკარად არ აპირებდნენ. კუბიცასთან პაექრობისას, ჰამილტონს შეცდომა მოუვიდა და საბურავი დაუზიანდა. ამ დროს, უებერმა და როსბერგმა ბოქსებს მიაშურეს. ჰამილტონი ამაოდ ცდილობდა კუბიცას გასწრებას, მერე კი ბოქსებში შევიდა.

იქიდან გამოსულმა კი შესანიშნავი ტემპი განავითარა. უებერიც კუდში გაჰყვა და მალე ორივე ”ფერარის” წყვილს დაეწია, რომელთაგან წინ მასა იყო. კარგა ხანს, ალონსო ადვილად იგერიებდა ჰამილტონის შეტევებს, ფინიშამდე ორი წრით ადრე კი ბრიტანელმა მასზე გადამწყვეტი იერიში მიიტანა. ესპანელმა საკმაოდ გვიან დაამუხრუჭა და მანქანა მოუცურდა. ჰამილტონმა მოსახვევის შიდა რადიუსზე მიმართა მანქანა, მაგრამ ამ დროს, მას უკნიდან უებერი დაეჯახა. ალონსომ გზა გააგრძელა, უებერს მანქანის ცხვირი დაუზიანდა და ბოქსებში შევიდა. ჰამილტონმაც ბალახებში ”გასეირნების” შემდეგ, ტრასაზე დაბრუნება შეძლო.

სულ ეს იყო. ბაჰრეინისგან განსხვავებით, ავსტრალიური რბოლა გაცილებით საინტერესო გამოდგა, რასაც ხელი წვიმამაც შეუწყო. და, ყველაფრის მიუხედავად, აშკარაა, რომ წელს მანქანებს ერთმანეთის გასწრება ისე ძლიერ უჭირთ, როგორც არასდროს...

ავსტრალიის დიდი პრიზი

რბოლის შედეგები

ტრასის სიგრძე 5.303 კმ, 58 წრე, რბოლის დისტანცია 307.574 კმ

1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:33:36.531

2. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) +12.034

3. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 14.488

4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 16.304

5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 16.683

6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 29.898

7. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 59.847

8. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:00.536

9. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:07.319

10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:09.391

11. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:11.301

12. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:14.084

13. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 2 წრე

14. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 5 წრე

გ. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 17 წრე

გ. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 32 წრე

გ. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 33 წრე

. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 49 წრე

. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 49 წრე

. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 54 წრე

. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 58 წრე

. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 58 წრე

. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 58 წრე

. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 58 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: მარკ უებერი - 1:28.358, 47-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია

1. ფერნანდო ალონსო - 37 ქულა; 2. ფელიპე მასა - 33; 3. ჯენსონ ბატონი - 31; 4. ლუის ჰამილტონი - 23; 5. ნიკო როსბერგი - 20; 6. რობერტ კუბიცა - 18; 7. სებასტიან ფეტელი - 12; 8. მიხაელ შუმახერი - 9; 9. ვიტანტონიო ლიუცი - 8; 10. მარკ უებერი - 6; 11. რუბენს ბარიკელო - 5

კონსტრუქტორთა პირველობა

1. ფერარი - 70 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 54; 3. მერსედესი - 29; 4. რედ ბულ-რენო - 18; 4. რენო - 18; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 8; 7. უილიამს-კოსუორტი - 5

No comments:

Post a Comment