Newey Not Ruling Out Ferrari Switch
5 ივლისი
ედრიან ნიუი ცდილობს, ბოლომდე არ უარყოს გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, რომ თითქოს, ის ფორმულა ერთში თავისი კარიერის დასრულებას „ფერარიში“ აპირებს.
უკვე რამდენიმე სეზონია, იტალიური გუნდი მდევრის როლში იმყოფება და ძალიან უჭირს ლიდერთა დაწევა. ამის მთავარი მიზეზი კი „კვიცების“ შედარებით არაეფექტური აეროდინამიკაა. და რამდენადაც ამ საქმეში ნიუი შეუდარებელია, ბევრი თვლის, რომ მარანელოელთა პრობემებს ყველაზე უკეთ სწორედ ის მოაგვარებს.
რა თქმა უნდა, ამის შესახებ „სკუდერიაშიც“ კარგად იციან და ისინი დაჟინებით ცდილობენ ბრიტანელი ინჟინრის გადაბირებას, მაგრამ არაფერი გამოსდით. არადა, გავრცელებული ინფორმაციით, „ფერარის“ პრეზიდენტი ლუკა დი მონტეძემოლო წლიურ გასამრჯელოდ მას 14 მილიონ ევროს სთავაზობდა.
იტალიურ გამოცემებთან - „ტუტოსპორტთან“ და „კორიერე დელო სპორტთან“ საუბრისას, ნიუიმ განაცხადა, რომ „რედ ბულ რეისინგში“ თავისი მდგომარეობით სრულიად კმაყოფილია და რომ სხვაგან გადასვლაზე ჯერ არ ფიქრობს. თუმცა, მაინც ბოლომდე არ გამორიცხავს, რომ ოდესმე შეიძლება „ფერარიში“ გადავიდეს და კარიერაც იქ დაასრულოს.
„ჩემი კარიერა ბევრჯერ შეიცვალა, რადგან გუნდები რამდენჯერმე გამოვიცვალე. მაგრამ ახლა „რედ ბულში“ ძალიან კმაყოფილი ვარ და საკუთარი თავი სხვაგან ვერც წარმომიდგენია. ახლა არ შემიძლია იმის თქმა, თუ რა იქნება მომავალში. არის რამდენიმე გუნდი, რომლებსაც ჩემი გადაბირება სურთ. და როდესაც „რედ ბულში“ ჩემს მიზნებს მივაღწევ, მერე შეიძლება სხვების შემოთავაზებაზეც ვიფიქრო. მაგრამ თუ სხვა საქმეზე ხელის მოკიდეას გადავწყვეტ, ეს ფ1-სგან სრულიად განსხვავებული სფერო იქნება“, - ამბობს ნიუი.
No comments:
Post a Comment