Williams to run Renault engines again from 2012
4 ივლისი
„უიულიამსმა“ გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონიდან, მისი ავტომობილები ისევ „რენოს“ ძრავებით აღიჭურვება. ორ კომპანიას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, მომდევნო ორ სეზონში ისინი ერთმანეთთან ძრავების გარდა, შასის შემუშავების პროცესშიც ითანამშრომლებენ. ეს კი შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ ფრანგულმა კომპანიამ თავისი პრიორიტეტული პარტნიორი აირჩია იმ გუნდის სახით, რომელთან ერთადაც, 1989-1997 წლებში, მსოფლიო ჩემპიონის ოთხი ტიტული მოიპოვა და ხუთჯერ გახდა კონსტრუქტორთა თასის მფლობელი.
გარდა იმისა, რომ მომდევნო ორ სეზონში ერთად იქნებიან, მათი კონტრაქტი პარტნიორობის გაგრძელებას ითვალისწინებს მას შემდეგ, რაც ძრავების ახალი კონტრაქტი ამოქმედდება. თუ გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ „რენოსა“ და „რედ ბულ რეისინგს“ (ავსტრიული გუნდი შესაძლოა მალე აუდის ძრავებზე გადავიდეს) შორის პარტნიორობის გაგრძელება გადაიდო, შეიძლება იმის თქმა, რომ „რენომ“ ხანგრძლივი პარტნიორობისთვის ფრენკ უილიამსის გუნდი აირჩია.
„აღფრთოვანებულები ვართ იმ ფაქტით, რომ „რენოსთან“ პარტნიორობას აღვადგენთ. ამგვარად, ჩვენი გუნდი ისევ დაუკავშირდა ერთ-ერთ წამყვან საავტომობილო კომპანიას და იმავდროულად, გააგრძელებს თანამშრომლობას „იაგუართან“. იმავდროულად, დიდად მადლობლები ვართ „კოსუორტის“, რომლის სახითაც, ორი წლის განმავლობაში, როგორც ტრასაზე, ისე მის მიღმა, საიმედო პარტნიორი გვყავს. მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებთ და ვიმედოვნებთ, რომ „რენოსთან“ ერთად, მოწინავე გუნდის რეპუტაციას აღვიდგენთ“, - განაცხადა „უილიამსის“ დამაარსებელმა და თანამფლობელმა ფრენკ უილიამსმა.
როგორც ცნობილია, დღეისათვის „რენო“ ძრავებით სამ გუნდს ამარაგებს. „რედ ბულის“ გარდა, მისი პარტნიორები არიან „ლოტუს-რენო“ და „ტიმ ლოტუსი“. ამათგან პირველი ჯერ კიდევ წინა სეზონში, „რენოს“ სახელს ატარებდა. ამასთან, ფრანგულ კომპანიას არაერთხელ განუცხადებია, რომ მეოთხე გუნდთან პარტნიორობასაც გეგმავდა. თუმცა, „უილიამსთან“ ურთიერთობის დაწყებამდე, ამისათვის მას საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ნებართვა დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ 1989-1997 წლებში, „უილიამს-რენოს“ ტანდემმა, ოთხი პირადი და ხუთი გუნდური ტიტულის მოპოვებასთან ერთად, 63 რბოლაც მოიგო. ჩემპიონები გახდნენ: ნაიჯელ მენსელი (1992 წელს), ალენ პროსტი (1993), დეიმონ ჰილი (1996) და ჟაკ ვილნევი (1997). ამათგან მენსელი და ჰილი „უილიამსის“ და „რენოს“ ახალი პარტნიორობის დაწყებასთან დაკავშირებულ ცერემონიას დაესწრნენ.
მიმდინარე სეზონი კი ინგლისური გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელია - პირველ რვა ეტაპზე მის პილოტებს მხოლოდ ოთხი ქულა აქვთ მოპოვებული...
No comments:
Post a Comment