Raikkonen To Replace Webber At Red Bull
13 ივლისი
არაა გამორიცხული, რომ მომავალ სეზონში, „რედ ბულ რეისინგის“ მანქანით, სებასტიან ფეტელთან ერთად, კიმი რაიკონენმა იასპარეზოს. ეს ინფორმაცია გერმანულ პრესაში ბრიტანეთის დიდი პრიზის შემდეგ გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ სილვერსტოუნის რბოლის მიწურულს, მარკ უებერმა გუნდის მითითება არ შეასრულა და ბოლო წრეზე ფეტელს თავგამოდებით შეუტია.
რაიკონენი ფორმულა 1-ის ჩემპიონი 2007 წელს გახდა, ორი სეზონის შემდეგ კი დიდი პრიზების არენა დატოვა და რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გადაბარგდა, სადაც ქულებსაც კი იშვიათად აგროვებს. გარდა ამისა, მან ოკეანის გაღმა, ნასქარ-შიც სცადა ბედი. ფინელ პილოტს, ვინც ახლა 31 წლისაა, არაერთხელ უთქვამს, რომ ფ1-ს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ კონკურენტუნარიან გუნდში შესთავაზებენ ადგილს.
გერმანული გამოცემა „ბილდ-ცაიტუნგი“ გვამცნობს, რომ რაიკონენის გადაბირების საკითხი „რედ ბულში“ გასაიდუმლოებულია, თუმცა გაზეთი ირწმუნება, რომ ეს ინფორმაცია კომპანიის ერთ-ერთი მმართველისგან მიიღო.
ცნობილია, რომ ფეტელი და რაიკონენი მეგობრები არიან. ისინი ერთმანეთს ხშირად ხვდებიან შვეიცარიაში და ბადმინტონის თამაშით ერთობიან. უფრო მეტიც, ერთ-ერთი ინტერვიუსას ფეტელს ჰკითხეს, ვინაა თქვენთვის იდეალური თანაგუნდელიო, რაზეც მოკლედ უპასუხა: „კიმი“.
რაიკონენს შარშან ინტენსიური მოლაპარაკება ჰქონდა „რედ ბულთან“, რომელიც მის რალის კამპანიას აფინანსებდა, თუმცა მაშინ გადაწყვიტა, რომ კარიერა რალისა და ნასქარ-ში გაეგრძელებინა. თუმცა, ახლახანს, მან ერთ-ერთ ფინელ რეპორტიორს შემდეგი განუცხადა: „მე არასდროს მითქვამს, რომ ჩემი ფორმულა ერთის კარიერა დასრულებულია“.
სილვერსტოუნის შემდეგ, ამ საკითხთან დაკავშირებით, „რედ ბულ რეისინგის“ შეფმა ქრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ რაიკონენთან დაკავშირებით გავრცელებული ხმები უსაფუძვლოა. თუმცა, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან გავრცელებული ჭორები, საფუძვლიანი უარყოფის შემდეგაც მართლდება ხოლმე. თანაც ცნობილია, რომ ჰორნერს უებერის შენარჩუნება სურს.
პარალელურად, „რედ ბულის“ მოტორსპორტის საქმეთა მრჩეველმა ჰელმუტ მარკომ ასევე სილვერსტოუნის შემდეგ, უებერთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას სხვა ვარიანტებიც აქვს, თუმცა ჯერჯერობით, მათზე საჯაროდ საუბარს არ აპირებს.
მოკლედ, ფ1-ის პადოკში კვამლი უცეცხლოდ თითქმის არასდროს ჩნდება ხოლმე...
No comments:
Post a Comment