ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, July 31, 2011

უნგრეთის დიდი პრიზი ბატონს მიართვით

Button wins in wet Hungary on 200th start
31 ივლისი
ჯენსონ ბატონისთვის უნგრეთის დიდი პრიზი მე-200 იყო კარიერაში და საიუბილეო რბოლა მან გამარჯვებით აღნიშნა. ამგვარად, ამ სეზონში ის მესამე პილოტია, ვისაც ერთზე მეტი რბოლა აქვს მოგებული. ამასთან, ეს ზედიზედ მესამე ეტაპია, რომლის მოგებასაც ვერ ახერხებს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე ჩემპიონატის გამოკვეთილი ლიდერი სებასტიან ფეტელი.
ძნელი სათქმელია, ვინ მოიგებდა უნგრეთის დიდ პრიზს, რომ არა რბოლის მეორე ნახევარში, „მაკლარენის“ მიერ დაშვებული შეცდომა, თუმცა, ერთის თქმა სამართლიანად შეიძლება - ბატონმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა! მართალია, ფორტუნამ მის თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს ზურგი შეაქცია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბატონმა მთელი რბოლა უმაღლეს დონეზე ჩაატარა ჰამილტონის მექანიკოსების შეცდომა რომ არა, გამარჯვებისთვის მაინც იბრძოლებდა.
ერთი რამ უნგრეთში აშკარა იყო - ნელ ტრასაზე „მაკლარენმა“ ყველა მეტოქე დაჩრდილა. ახლა ერთი თვე მოგვიწევს ცდა, სანამ გავიგებთ, ინგლისური გუნდი რეალურად დაეწია „რედ ბულ რეისინგს“, თუ სწრაფ ტრასაზე ავსტრიული გუნდი ისევ გამოკვეთილი იქნება. ამას აგვისტოს ბოლოსღა შევიტყობთ, რადგან ახლა ჩემპიონატში „სავალდებულო“ არდადეგებია.

მართალია, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ზედიზედ მესამედ ვერ ავიდა, მაგრამ სამაგიეროდ, ჩემპიონატში ლიდერობა განიმტკიცა ფეტელმა, ვინც უნგრეთის შემდეგ, თანაგუნდელ მარკ უებერს უკვე 85 ქულას უგებს. ჰამილტონი ისევ მესამეა, ოღონდ ახლა ავსტრალიელს სამი ქულითღა ჩამორჩება.
„შესანიშნავია, არდადეგებზე გამარჯვებულები გავდივართ. კარგი იქნება, თუ დაბრუნების შემდეგაც გავაგრძელებთ გამარჯვებებს“, - ამ სიტყვებით მიმართა თავის თანაგუნდელებს ბატონმა, ვინც თავისი პირველი გამარჯვებაც უნგრეთში, 2006 წელს, წვიმიან ამინდში მოიპოვა.
„ვულოცავ ჯენსონს, მთელი რბოლის განმავლობაში, ის მაგრად მიტევდა. საბოლოოდ კი დღეს უსწრაფესმა მოიგო. რა თქმა უნდა, გვერჩივნა, რომ ორივეს დაგვესრულებინა რბოლა და პირველი ორი ადგილი დაგვეკავებინა. ვგრძნობ, რომ გუნდს დავაღალატე, მაგრამ შემდეგ რბოლაში უკეთესი შედეგისთვის ვიბრძოლებ“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც კარგა ხანს დამაჯერებლად ლიდერობდა, მაგრამ შემდეგ ჯერ თავად შეცდა და თანაგუნდელს გასწრების საშუალება მისცა. შემდეგ კი, მართალია ბატონს ისევ გაასწრო, მაგრამ ამჯერად გუნდმა დაუშვა შეცდომა - უებერის მსგავსად, მეოთზე პიტსტოპზე მასაც სუსტი წვიმის საბურავი დაუყენეს, რის გამოც მას ბოქსში განმეორებით შესვლამ მოუწია.
სანამ ბოქსებს მეხუტედ მიაშურებდა, ჰამილტონმა ტრეფიკის დევნაში შეცდომა დაუშვა და შუა გზაზე დატრიალდა. მან იქვე შემოაბზრიალა მანქანა და ტრაექტორიას დაუბრუნდა, მაგრამ ამ მანევრით, სახიფათო სიტუაცია შექმნა, რის გამოც, პიტლეინზე ტყუილად გავლითაც დაჯარიმდა. მოკლედ, ერთი რბოლის განმავლობაში, ბოქსში 6-ჯერ შევიდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ფარ-ხმალი არ დაუყრია, ფელიპე მასას და უებერს გაასწრო და რბოლა მეოთხე ადგილზე დაასრულა.
1986 წლიდან მოყოლებული, რაც უნგრეთის დიდი პრიზი იმართება, მხოლოდ მეორე რბოლა ჩატარდა სველ ტრასაზე. უფრო სწორედ, ამჯერად პილოტებს სტარტის აღებამ ნაწვიმარზე მოუწიათ. ფეტელმა იოლად შეინარჩუნა მოწინავე პოზიცია, მეორე ადგილისთვის კი საკმაოდ ხისტი პაექრობა გამართეს ბატონმა და ჰამილტონმა. საბოლოოდ, ჰამილტონმა უკეთესი ტრაექტორიით ისარგებლა და მეორეზე დარჩა. მათ უკან კი ორმა „მერსედესმა“ ორივე „ფერარი“ ჩამოიტოვა. თუმცა, მალე ალონსომ მიხაელ შუმახერს გაასწრო და ერთი პოზიცია დაიბრუნა, მერე კი ნიკო როსბერგიც ჩამოიტოვა. თუმცა მალე შეცდა და როსბერგი წინ გაუშვა. ჰამილტონი თავიდანვე ცდილობდა ფეტელის გასწრებას და მე-5 წრეზე, გერმანელის შეცდომით ისარგებლა. პირველი პიტსტოპის შემდეგ, ფეტელს ბატონმაც გაუარა.
25-ე წრეზე, ტრასაზე სერიოზული ინციდენტი მოხდა: ნიკ ჰაიდფელდი პიტსტოპზე დიდხანს გააჩერეს, იქიდან ტრასაზე დაბრუნებისას კი მის მანქანას მარცხენა მხარეს ცეცხლი „გამოჰყვა“. გერმანელმა პიტლეინიდან გამოსასვლელშივე გააჩერა მანქანა და კოკპიტიც სწრაფად დატოვა. მარშლები ცეცხლის ჩაქრობას შეუდგნენ, მაგრამ უცებ მანქანის მარცხენა ნაწილში რაღაც აფეთქდა. საბედნიეროდ, ინციდენტი ტრავმების გარეშე დასრულდა.
შემდეგ კი საქმეში ამინდი წამიერად ჩაერია, რამაც რბოლის გამარჯვებულის გარკვევაში დიდი როლი ითამაშა. ამინდის პროგნოზით, რბოლის დასკვნით ნაწილში უნდა გაწვიმებულიყო. წამოწინწკლა კიდეც და ჰამილტონმა და უებერმა ჩათვალეს, რომ ტრასა ისევ დასველდებოდა. თან, უკვე მორიგი პიტსტოპის დროც დამდგარიყო. თუნდაც ერთი წრეც რომ მოეცადათ, ისინი შეცდომას არ დაუშვებდნენ, მაგრამ ფორტუნამ ასე არ ინება. ორივემ ინტერმედიატი (სუსტი წვიმის) რეზინი დააყენა, მაგრამ მალე გაირკვა, რომ წვიმა არ გაგრძელდებოდა. ამიტომ, ორივემ ორი წრის შემდეგ ისევ შეცვალა საბურავი. მერე ჰამილტონმა ტრასაზე იბზრიალა და დაჯარიმდა...
ნარბოლევს ჰამილტონმა პოლ დი რესტას მოუბოდიშა - მანქანა რომ მოაბზრიალა, ბრიტანელს შეცდომა დააშვებინა. თუმცა ამის მიუხედავად, დი რესტამ შესანიშნავად იასპარეზა და რბოლა მეშვიდე ადგილზე დაასრულა.








უნგრეთის დიდი პრიზი

ჰუნგარორინგი. დისტანცია 306.630 კმ (70 წრე, 4.381 კმ)
1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:46:42.337
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            +00:03.588
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 00:19.819
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         00:48.338
5. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    00:49.742
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            01:23.176
7. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1 წრე
8. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)            1 წრე
9. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1 წრე
10. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1 წრე
11. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1 წრე
12. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1 წრე
13. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          2 წრე
14. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            2 წრე
15. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         2 წრე
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    2 წრე
17. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          4 წრე
18. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)           4 წრე
19. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                5 წრე
20. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                5 წრე
გ. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                  15 წრე
გ. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               44 წრე
გ. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო)                            47 წრე
გ. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                          53 წრე

შენიშავნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ფელიპე მასა - 1:23.415, 61-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 234 ქულა; 2. მარკ უებერი - 149; 3. ლუის ჰამილტონი - 146; 4. ფერნანდო ალონსო - 145; 5. ჯენსონ ბატონი - 134; 6. ფელიპე მასა - 70; 7. ნიკო როსბერგი - 48; 8. ნიკ ჰაიდფელდი - 34; 9. ვიტალი პეტროვი - 32; 10. მიხაელ შუმახერი - 32; 11. კამუი კობაიაში - 27; 12. ადრიან სუტილი - 18; 13. სებასტიან ბუემი - 12; 14. ხაიმე ალგერსუარი - 10; 15. სერხიო პერესი - 8; 16. პოლ დი რესტა - 8; 17. რუბენს ბარიკელო - 4
           
კონსტრუქტორთა პირველობა
1. რედ ბულ-რენო - 383 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 280; 3. ფერარი - 215;
4. მერსედესი - 80; 5. რენო - 66; 6. ზაუბერ-ფერარი - 35; 7. ფორს ინდია-მერსედესი - 26; 8. ტორო როსო-ფერარი - 22; 9. უილიამს-კოსუორტი - 4



No comments:

Post a Comment