Formula teams reach agreement over blown diffuser row
10 ივლისი
შესაძლოა, ჩასაბერ დიფუზორთან დაკავშირებული გაუგებრობები ბრიტანეთის დიდი პრიზის შემდეგ, მალევე მოგვარდეს. საქმე ისაა, რომ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA-მ), მზადყოფნა გამოთქვა, უკან გაიხმოს ტექნიკური რეგლამენტის ის შესწორება, რომელიც ჩასაბერი დიფუზორის შეზღუდვას ითვალისწინებს. ოღონდ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ყველა გუნდი თანახმა იქნება.
სილვერსტოუნის რბოლამდე, ამის წინააღმდეგ „ფერარი“ და მისი პარტნიორი „ზაუბერი“ წავიდნენ, მაგრამ რბოლის შემდეგ, მათაც თანხმობა განაცხადეს. ცნობისათვის, „ფერარის“ სხვაზე მეტად აწყობდა ასეთი დიფუზორების აკრძალვა, ან შეზღუდვა, რადგან მოწინავე გუნდებიდან, აღნიშნული აეროდინამიკური სისტემა ყველაზე ნაკლებად ეფექტურად სწორედ იტალიურ ბოლიდებზე მუშაობდა.
რაც შეეხება „ზაუბერს“, შვეიცარული გუნდი მარანელოელთა პარტნიორია - მათგან ძრავებს და ტრანსმისიებს ღებულობს და ბუნებრივია, „სკუდერიას“ განაწყენება არ სურს. სხვათა შორის, „ფერარის“ ძრავებით „ტორო როსოც“ სარგებლობს, თუმცა ფაენცელები „რედ ბულის“ მეორე გუნდს წარმოადგენენ და ამდენად, მისი განაწყენება ყველაზე მეტად არ სურდათ.
მოკლედ, უარი ყველა გუნდმა გაიხმო და ახლა FIA მზადაა, რეგლამენტი ისევ იმ რედაქტირებით აღადგინოს, რომლითაც ვალენსიას რბოლისას მოქმედებდა. თუმცა, კვლავ ძალაში რჩება პუნქტი, რომელიც კვალიფიკაციასა და რბოლას შორის, ძრავის კომპიუტერული პროგრამის შეცვლას კრძალავს.
თანხმობის მიუხედავად, ამ თემაზე ლაპარაკიც აღარ სურს ზაუბერის შეფ პეტერ ზაუბერს: „მონრეალის შემდეგ, FIA ირწმუნებოდა, რომ ასეთი დიფუზორი რეგლამენტს არ შეესაბამება. ახლა კი მის დატოვებას თავადვე გვთავაზობს. რა თქმა უნდა, ყველა ცდილობს, მაქსიმალურად მოგებული დარჩეს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მთელი ეს აბდა-უბდა ამაზრზენია“...
No comments:
Post a Comment