ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, February 27, 2010

ჰამილტონი მანქანით კმაყოფილია

Car much stronger this year – Hamilton

27 თებერვალი

ბარსელონას ტესტების მეორე დღის შემდეგ, მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონმა, ბრიტანელმა ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ ”მაკლარენის” ახალი ბოლიდი იმაზე გაცილებით უკეთესია იმაზე, რომლითაც შარშანდელი სეზონის დასაწყისში უწევდა ასპარეზობა.

მართალია, ბარსელონას ”კატალუნია მონტმელოზე” ვარჯიშის მეორე დღეს, 25 წლის ჰამილტონს მერვე დრო (11 პილოტს შორის) ჰქონდა, მაგრამ ამას მის განწყობაზე არ უმოქმედია. ის დარწმუნებულია, რომ MP4-25 გაცილებით სჯობს მის წინამორბედს.

”ჩვენ ახლა გაცილებით უკეთესად მომზადებულები ვართ, ვიდრე შარშანდელი სეზონის წინ ვყავით. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს სრულიად სხვა მანქანას ვმართავ. დარწმუნებული ვარ, ამ სეზონს გაცილებით უკეთესად ჩავატარებთ. შარშან ამ დროს, ლიდერებს ბევრით ჩამოვრჩებოდით. რაც მთავარია, მანქანა ძალიან ძნელად სამართავი იყო. ახლა უფრო უკეთეს მდგომარეობაში ვართ, თუმცა მაინც ბევრი მუშაობა მოგვიწევს”, - ამბობს ჰამილტონი.

ის დარწმუნებულია, რომ ბარსელონაში მისი ბევრი მეტოქე ცარიელი ავზებით ვარჯიშობდა და ამიტომ, ახლა ძნელია იმაზე ლაპარაკი, თუ რომელი გუნდი რამდენად კარგადაა ახალი სეზონისთვის მომზადებული. ამიტომ, ბევრ კითხვას პასუხი მხოლოდ ჩემპიონატის დაწყების შემდეგ გაეცემა.

”ჩვენ არ ვიცით, როგორ მუშაობენ სხვა გუნდები, რამდენად სავსეა მათი მანქანების ავზები, როდესაც ტრასაზე არიან. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში აშკარაა, რომ ზოგიერთი რეალურად სწრაფია. ამას ”რედ ბულსა” და ”ზაუბერზე” ვიტყოდი. ”მერსედესი” და ”ტორო როსოც” საკმაოდ სწრაფები არიან. ჩვენ კი ჯერ მხოლოდ წინასასეზონო პროგრამაზე ვართ ფოკუსირებულნი. თუმცა, მიმაჩნია, რომ სხვებზე სწრაფები არ ვართ”, - დასძენს ჰამილტონი.

ბრიტანელი პილოტი ამბობს, რომ მისი მანქანით გაუჭირდება ”მონტმელოს” ტრასის იმ დროში (1 წთ, 20.614 წმ) გავლა, რაშიც ”უილიამსის” გერმანელმა ახალბედა ნიკო ჰულკენბერგმა გაიარა, თუმცა აღნიშნა, რომ ბაჰრეინისთვის, გუნდების უმეტესობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ მანქანებს გამოიყვანს:

”არ ვიცი, შევძლებთ წუთსა და 20.614 წამში ამ ტრასის გავლას, მაგრამ ერთ რამეში გარწმუნებთ - ჩემი მანქანის ავზებში გაცილებით მეტი საწვავი ესხა, ვიდრე სხვებისაში, უბრალოდ, ჩვენ განსხვავებული პროგრამით ვმუშაობთ. ვფიქრობ, ჩემპიონატის დაწყებამდე უკეთ გვეცოდინება, რამდენად კარგად ვართ მომზადებული. თუმცა, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბევრი მეტოქე ბაჰრეინში შეცვლილი მანქანით გამოვა და ჩვენც ასევე მოვიქცევით”.

შუმახერი ადრეულ გამარჯვებებს გამორიცხავს

Schumacher rules out early victories

27 თებერვალი

ბარსელონაში ჩატარებული პირველი სატესტო დღის შემდეგ, მიხაელ შუმახერი აღიარებს, რომ ”მერსედეს GP-ს” მანქანა ჯერ ვერაა ისეთი, როგორსაც გუნდი ისურვებდა. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს ბარსელონას პირველ ვარჯიშზე მეშვიდე საუკეთესო დრო ჰქონდა.

მართალია, მან განაცხადა, რომ ცარიელი ავზებით არ უასპარეზია, მაგრამ ამის მიუხედავად, გაიმეორა მის მიერვე ვალენსიას ტესტების შემდეგ ნათქვამი იმის შესახებ, რომ სეზონის დასაწყისში, მისი გუნდი გამარჯვებისთვის ბრძოლას ვერ შეძლებს.

”ამ მომენტში, იმ დონეზე ვერ ვართ, როგორზეც ვისურვებდით, ანუ, რომელიც გამარჯვებისთვის ბრძოლის საშუალებას მოგვცემდა. ეს სეზონის დასაწყისში შეუძლებელი იქნება. მაგრამ ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, სეზონი გრძელია. მთავარი ახლა ისაა, რომ ლიდერებს შორს არ ჩამოვრჩეთ. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ამ ეტაპზე, ძალიან ძნელია მიხვდე, ვინ რა დონეზეა. ძალთა ფარდობის ნამდვილ სურათს სეზონის დაწყების შემდეგ დავინახავთ”, - განაცხადა შუმახერმა.

ყოველივეს მიუხედავად, გერმანელმა განაცხადა, რომ თავის ახალ გუნდს კარგად შეეწყო და ეს დროის მოკლე მონაკვეთში შეძლო: ”ძალიან მოკლე ხანში, ჩვენ კარგად შევეწყეთ და ახლა ერთი სიტყვითაც ვუგებთ ერთმანეთს. აქ ძალიან კარგი ბიჭები მუშაობენ. გუნდში პროფესიონალური, კარგი ატმოსფერო სუფევს. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენი შესაძლებლობები ტრასაზე გამოვავლინოთ. ტესტები ერთია, რბოლები კი სულ სხვაა. რბოლისას ბევრი რამ სხვანაირად ხდება და შედეგზე გაცილებით მეტი ფაქტორი მოქმედებს”.

Thursday, February 25, 2010

ალგერსუარი ფორმულა 1-თვის მზადაა

Alguersuari feels ready for F1 now

25 თებერვალი

”ტორო როსოს” ესპანელ პილოტის, ხაიმე ალგერსუარის (სურათზე) დებიუტი ფორმულა 1-ში შარშან, შუა სეზონში შედგა და გამოუცდელმა მრბოლმა თავის გამოჩენა ვერ შეძლო. თუმცა, ამის მიუხედავად, იტალიურმა გუნდმა ის მომავალი სეზონისთვისაც დაიტოვა.

დღეს კი, ვალენსიასა და ხერესის ტესტების შემდეგ, ალგერსუარი აცხადებს, რომ ფორმულა 1-ში მისი რეალური დებიუტი ბაჰრეინში შედგება და თავის რეალურ შესაძლებლობებს ამ სეზონში გვაჩვენებს.

”გასულ სეზონში მე მეტის ჩვენება ვერ შევძელი. გუნდმა ჩემთვის მოულოდნელად გამომიძახა და მე ამისთვის, არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად, მზად არ ვიყავი. მე ”რედ ბულის” დაქირავებული ვიყავი და ჩემს სურვილზე არაფერი იყო დამოკიდებული. ახალი სეზონისთვის კი სრულფასოვნად მოვემზადე. ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც, რბოლებისთვის მზად ვარ”, - ესპანურ ”დიარიო სპორტთან” საუბრისას განაცხადა ალგერსუარიმ.

ბარსელონაში ტესტების დაწყების წინ, ესპანელმა თინეიჯერმა კიდევ ერთ ესპანურ გამოცემა ”ელ მუნდოსაც” მისცა ინტერვიუ: ”ამიერიდან, ის ჯარისკაცი აღარ ვარ, რომელსაც ნორმანდიის სანაპიროზე ბრძოლით დესანტირება უწევს. გასულ ტესტებზე, ერთ დღეში ორი რბოლის დისტანცია უპრობლემოდ გავიარე, რაც იმას ნიშნავს, რომ ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებით, პრობლემები აღარ მაქვს”.

უფრო მეტიც, ალგერსუარი ამბობს, რომ ახალ სეზონში ბევრ სიურპრიზს შემოგვთავაზებს და ასეთი ოპტიმიზმის საბაბს, მას ”ტორო როსოს” ახალი მანქანა STR5 აძლევს. ცნობისათვის, მას შემდეგ, რაც ”მინარდი” აღარ ჰქვია, ამ გუნდმა საკუთარი ძალებით პირველად შექმნა სარბოლი ბოლიდი. აქამდე კი ტექნიკას უფროს ნათესავ ”რედ ბულისგან” ღებულობდა.

”ეს ძალიან კონკურენტუნარიანი და საიმედო მანქანაა, თუმცა, ლიდერებამდე ჯერაც ბევრი გვიკლია. ვფიქრობ, საშუალო გუნდებს შორის საუკეთესოს სახელისთვის ბრძოლას შევძლებთ”, - დასძენს ალგერსუარი, ვინც დარწმუნებულია, რომ ჩემპიონობისთვის ოთხი გუნდი - ”რედ ბული”, ”ფერარი”, ”მაკლარენი” და ”მერსედესი” იბრძოლებს.

ფეტელი - ”ფერარის” ფავორიტობაზე ლაპარაკი ნაადრევია

Too early to say Ferrari in front – Vettel

25 თებერვალი

”რედ ბულ რეისინგის” გერმანელი პილოტი სებასტიან ფეტელი აცხადებს, რომ ”ფერარის” ლიდერობაზე ამ ეტაპზე ლაპარაკი ნაადრევია და რომ ძალთა რეალური განლაგების მოწმენი ჩემპიონატის დაწყების შემდეგ გავხდებით.

ვალენსიასა და ხერესში ჩატარებულმა ტესტებმა გამოავლინა, რომ ”ფერარი F10” სწრაფი და საიმედო მანქანაა, თუმცა ფეტელი დარწმუნებულია, რომ ჩემპიონის ტიტულისთვის მინიმუმ ოთხი გუნდი იბრძოლებს. ეს გუნდები კი, ”რედ ბულის” და ”ფერარის” გარდა, ”მაკლარენი” და ”მერსედესია”.

”ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ”ფერარიმ” ძალიან კარგი მანქანა მოამზადა. მაგრამ ყველა ძლიერი გუნდი ასევე კარგადაა მომზადებული და თავიანთ მანქანებს ისინიც აუმჯობესებენ. დღეს კი ძნელია იმის თქმა, რომელი გუნდი განვითარების რა დონეზე იმყოფება”, - ავსტრიულ ”ზალცბურგერ ნახრიხტენთან” საუბრისას განაცხადა 22 წლის ფეტელმა (სურათზე).

სხვათა შორის, ხერესში ტესტირების დროს, ფეტელს ერთ მომენტში მსოფლიოს ჩემპიონ ჯენსონ ბატონს ”მერსედესის” უკან სვლა უწევდა, ბოქსში დაბრუნების შემდეგ კი, ”ბილდ ამ ზონტაგთან” საუბრისას განაცხადა, რომ ”სამქიმიანების” W01-ის უკანა ნაწილი ”ნერვიულად გამოიყურებოდა” და ისე ეტყობოდა, რომ მუხრუჭები ეფექტურად ვერ მუშაობდა.

”ბილდ ამ ზონტაგივე” წერს, რომ ჯერჯერობით, ვარჯიშებზე საუკეთესოდ ”ფერარი” გამოიყურება, რომელსაც კვალში ”რედ ბული”, ”მაკლარენი”, ”მერსედესი” და ”ფორს ინდია” უდგანან. ინდური გუნდის შანსებზე, მისმა გერმანელმა პილოტმა ადრიან სუტილმა განაცხადა, ჩვენს გუნდზე ფსონის ჩამოსასვლელად მზად ვარო.

პარალელურად, შვეიცარულ გაზეთ ”ბლიკთან” საუბრისას, პეტერ ზაუბერმა აღნიშნა, რომ აშკარად იგრძნობა ”ტორო როსოს” პროგრესი. კარგ განწყობაზეა იტალიური გუნდის ესპანელი პილოტი ხაიმე ალგერსუარი, ვინც გვპირდება, რომ ამ სეზონში მის ნიჭს სრულად ვიხილავთ და რომ ბევრს გააკვირვებს. მისი აზრით, ამჟამად ტოპ გუნდები ”ფერარი”, ”რედ ბული” და ”მაკლარენია”, ”მერსედესზე” კი რაიმეს თქმა უჭირს.

”ვფიქრობ, ჩვენი გუნდი ”რენოსა” და ”ზაუბერის” დონეზეა. ახლა ”მერსედესზე” ლაპარაკი არ შემიძლია, რადგან არ ვიცი, ტესტებზე რამდენად იყო მათი ავზები შევსებული. ისინი ლიდერებს ხან სამი-ოთხი წამით ჩამორჩებოდნენ, ხან კი ყველაზე სწრაფები იყვნენ”, - ამბობს ალგერსუარი.

დაბოლოს, მიხაელ შუმახერის აზრით, სეზონის წინ ძალთა ბალანსზე მეტნაკლებ წარმოდგენას მხოლოდ ბარსელონას ტესტები შეგვიქმნის, თუმცა პირველ ეტაპამდე გარკვევით რაიმეს პროგნოზირება მაინც ძნელი იქნება.

სერბული გუნდი ფორმულა 1-ში დებიუტისთვის ემზადება

Stefan GP expect to race in Bahrain (Reuters)

25 თებერვალი

ნუ გაგიკვირდებათ, თუ 14 მარტს, როდესაც ბაჰრეინში სტარტს აიღებს ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ახალი სეზონი, სასტარტო რიგში სერბული გუნდის, ”სტეფან GP-ს” ორ მანქანას იხილავთ. სწორედ ამის იმედი აქვს ამ გუნდის შეფ ზორან სტეფანოვიჩს (სურათზე), ვინც, მიუხედავად იმისა, რომ მის საჯინიბოს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციისგან (FIA), დიდი პრიზების რბოლებში მონაწილეობის ლიცენზია ჯერ არ მიუღია, ბაჰრეინში სტარტზე ამერიკული U.S. F1-ის ნაცვლად, სწორედ ”სტეფან GP” დადგება.

U.S. F1-ის გარდა, ფინანსური პრობლემები კიდევ ერთ გუნდს, ესპანურ ”კამპოს მეტას” აქვს. მართალია, ამის საქმეები ამერიკული გუნდისაზე ოდნავ უკეთ მიდის, მაგრამ საეჭვოა, მათ ჩემპიონატის პირველ ეტაპზე გამოსვლა მოახერხონ, ეს კი სერბული საჯინიბოს შანსებს ზრდის.

მართალია, თანხმობის ხელშეკრულება ახალ გუნდებს პირველი სამი ეტაპის გამოტოვების საშუალებას აძლევს, მაგრამ U.S. F1 ფედერაციას სთხოვს, რომ ოთხი რბოლის გამოტოვების უფლება მისცეს. მაგრამ ამერიკული გუნდი უკვე სპონსორებმაც მიატოვეს და მისი კვლავ ფეხზე დადგომის შანსი მიზერულია. ამასთან, FIA აცხადებს, რომ თუნდაც ერთი რბოლის გამოტოვება, რეგლამენტის დარღვევა იქნება.

”ველით, რომ რაღაც მოხდება. დრო თითქმის აღარ რჩება. თუ ბაჰრეინის რბოლაში მონაწილეობის უფლებას გვაძლევენ, ეს მალე უნდა გაგვაგებინონ, რადგან დროულად შევძლოთ იქ შესაბამისი ეკიპირების გაგზავნა”, - როიტერთან საუბრისას განაცხადა სტეფანოვიჩმა.

კითხვაზე, თუ არის შესაძლებელი, რომ მისი გუნდი ჩემპიონატში სეზონის მსვლელობისას ჩაებას, მან უპასუხა, რომ ტექნიკურად ეს პროლემა არ იქნება, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ”სტეფან GP” ბაჰრეინისთვის ემზადება. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ასე იქნება, მაგრამ ამის იმედი გვაქვს - დასძენს სერბი ბიზნესმენი.

სხვათა შორის, ”სტეფან GP-ს” გასულ კვირაში თავისი სარბოლი ავტომობილის პირველი ტესტი უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ რამდენადაც გუნდს იაპონურ კომპანია ”ბრიჯსტოუნთან” კონტრაქტი არ აქვს, მისგან ვერც საბურავები მიიღო და ტესტიც გაუქმდა.

აღსანიშნავია, რომ გასული სეზონის დასრულებისთანავე, ”სტეფან GP-მ” გუნდისთვის საჭირო ეკიპირების სრული კომპლექტი ”ტოიოტასგან” შეიძინა. უფრო მეტიც, იაპონური გუნდისგან თითქმის მომზადებული ბოლიდიც მიიღო და თუ ჩემპიონატში ჩართეს, ტექნიკურ დახმარებასაც მიიღებს. სერბული საჯინიბოს განკარგულებაშია ”ტოიოტას” ფორმულა 1-ის გუნდის კიოლნის ფაბრიკაც.

”სტეფან GP-ს” ერთი პილოტი ჰყავს - ”ტოიოტას” იაპონელი კაზუკი ნაკაძიმა, ვინც შარშან ”უილიამსში” გამოდიოდა. რაც შეეხება მეორე პილოტს, ეს ადგილი ჯერაც ვაკანტურია, თუმცა მის დაკავებაზე ყველაზე მეტი შანსი მსოფლიოს 1997 წლის ჩემპიონს, კანადელ ჟაკ ვილნევს აქვს.

Wednesday, February 24, 2010

ალენ პროსტი შუმახერის შანსებზე

Alain Prost

22 თებერვალი

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ფრანგი ალენ პროსტი მოუთმენლად ელის ფორმულა 1-ის ახალი სეზონის დაწყებას და განსაკუთრებით მიხაელ შუმახერის გამოსვლა აინტერესებს. გერმანელ პილოტს ის ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან იცნობს, როდესაც ის დიდი პრიზების არენაზე პირველ ნაბიჯებს დგამდა, თავად ”პროფესორი” კი თავისი შლემის ლურსმანზე დაკიდებაზე ფიქრობდა.

”მიხაელის დაბრუნება, პირველ რიგში, ფორმულა 1-ს გამოადგება. თავისი გამოცდილების წყალობით, ის სწრაფად გაივლის ახალ წესებთან და ტექნიკასთან ადაპტაციის პერიოდს და თუ ყველაფერი კარგად იქნა, ამის იმედს კი ”მერსედეს GP-ს” სწრაფი მანქანა იძლევა, მისგან კარგ შედეგებს უნდა ველოდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას პელოტონის შუაში მოუწევს ყოფნა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”, - ფრანგულ ვებ-გვერდ ”სპორტ-ქარს.ფრ-სთან” საუბრისას განაცხადა პროსტმა.

მას ასევე ჰკითხეს, რა დამოკიდებულება აქვს რალისთან. შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის 2007 წლის ჩემპიონი, ფინელი კიმი რაიკონენი რალის მსოფლიო ჩემპიონატში, ”სიტროენ ჯუნიორის” გუნდთან ერთად გამოდის. ფარდა ამისა, ფორმულა 1-ის არაერთ პილოტს აინტერესებს ავტოსპორტის ეს სახეობა…

”ჩემს ცხოვრებაში, რალის რბოლაში ერთადერთხელ ვიასპარეზე. ეს 1982 წელს, რალი დუ ვარ-ზე მოხდა. შეიძლება, კიდევ ერთხელ მეცადა ბედი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ძალიან სახიფათო არ იქნება”, - დასძენს პროსტი.

ინტერვიუ მარკ უებერთან

Mark Webber interview

22 თებერვალი

ხერესში ჩატარებულ წინასასეზონო ტესტებზე, პარასკევს ”რედ ბულის” ავსტრალიელმე პილოტმა მარკ უებერმა წრე წუთსა და 19.299 წამში გაიარა და ტრასის ახალი ორიენტირი დააფიქსირა. თუმცა მანქანის კოკპიტიდან ამოსულმა, პროგნოზებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ მართალია, ახალი RB6 ”კარგი მანქანაა”, მაგრამ ჯერ ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, სჯობს თუ არა ის ”მაკლარენისა” და ”ფერარის” მანქანებს.

უფრო მეტიც, განაცხადა, რომ მალაიზიის ეტაპისთვის, ყველა დაივიწყებს, რომ მან ხერესში აბსოლუტურად საუკეთესო დრო აჩვენა. ამით ოზმა ხაზი იმ გარემოებას გაუსვა, რომ ფორმულა 1-ში ტოპ გუნდები ძალიან სწრაფად ვითარდებიან და თუ ამ რიტმს ჩამორჩი, ერთ კვირაში შეიძლება მდევრის როლში აღმოჩნდე.

გთავაზობთ ინტერვიუს მარკ უებერთან, რომელიც მას ჟურნალმა ”ავტოსპორტმა” ხერესის ტესტების შემდეგ ჩამოართვა.

- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი დღევანდელი შედეგები?

მარკ უებერი - დღემ კარგად ჩაიარა, მშრალ ამინდში მუშაობა სასიამოვნოა. ვარჯიშის დროს, საწვავის სხვადასხვა რაოდენობით გამოვდიოდი ტრასაზე და ავზი მაქსიმალურადაც მქონდა გავსებული. მშრალ ამინდში, ყოველ გავლილ სატესტო წრეს დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს ყველაფერი კარგად აეწყო და იმედია, ამის მერეც მშრალ ამინდში მოგვიწევს ვარჯიში.

შემდგომი განვითარებისთვის მშვენიერი ბაზისი გვაქვს. დღეს მშრალ ასფალტზე პირველად ვივარჯიშეთ და იმედი მაქვს, შემდეგ კვირაშიც ასე იქნება და მანქანის სხვადასხვაგვარად მომართვის გასინჯვასაც შევძლებთ.

- წვიმიანი დღეების გამო, სატესტო პროგრამის შეცვლა ხომ არ მოგიწიათ?

მარკ უებერი - არა. მე და სებასტიანს ერთიდაიგივე პირობებში ვარჯიში გვსურდა და გარწმუნებთ, უფრო ადრე რომ გამოედარა, ისიც იმავე პროგრამით ივარჯიშებდა, როგორითაც დღეს მე ვვარჯიშობდი. ორივენი გუნდისთვის ვმუშაობთ და ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული. სრულფასოვანი ტესტებისთვის კი აუცილებელია, რომ ტრასაზე, რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ.

- მეტოქეებისგან განსხვავებით, თქვენ ხშირად შედიოდით ბოქსებში...

მარკ უებერი - ჩვენ რამდენიმე გრძელი სერია გვქონდა. ერთ მომენტში, ეს სერია წითელმა ალამმა შეგვაწყვეტინა. თუ ამინდი საშუალებას მოგვცემს, შემდეგ ტესტებზე, უფრო მეტი ხანგრძლივი სერია გვექნება და ამით, დღევანდელი შეფერხების ანაზღაურების საშუალება მოგვეცემა.

- ახალ საბურავებზე რას იტყვით?

მარკ უებერი - წინა საბურავებით კმაყოფილი ვარ, თუმცა ერთი კვირის წინ ამას ვერ ვიტყოდი. უკანები კი დაფიქრებას გვაიძულებს. თუმცა, ხერესის ტრასა საბურავებისადმი მეტისმეტად მომთხოვნია. გუნდები თანდათან ითვისებენ ახალ რეზინს, მაგრამ ისინი შარშანაც რომ გვქონოდა, როდესაც მანქანები უფრო მსუბუქი იყო, მათ შეფასებაზე მაინც ბევრი მუშაობა მოგვიწევდა. ახლა კი, რეზინიც ახალია და თან, მანქანებიც საგრძნობლად დამძიმდა.

- რა ტიპის საბურავით ივარჯიშეთ დღეს?

მარკ უებერი - დღეს ორივე ტიპის რეზინით ვისარგებლე.

- გაზეთები წერდნენ, რომ ავარიის შემდეგ, ფორმულა 1-დან წასვლაზე ფიქრობდით...

მარკ უებერი - არა, ამაზე ავარიის შემდეგ კი არა, ჯერ კიდევ ”უილიამსში” ყოფნისას ვფიქრობდი, როდესაც ჩემი კარიერით აშკარად უკმაყოფილო ვიყავი და ხშირად ვფიქრობდი, ხომ არ აჯობებდა, სხვა საქმისთვის მომეკიდა ხელი. საბედნიეროდ, ოპტიმიზმი მაშინვე დამიბრუნდა, როგორც კი ხელი ”რედ ბულთან” კონტრაქტს მოვაწერე.

”უილიამსის” საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. უბრალოდ, ჩემი კარიერის ის მონაკვეთი აშკარად წარუმატებელი იყო. რასაც ვაკეთებდი, იმისგან სიამოვნებას საერთოდ არ ვღებულობდი. ”რედ ბულში” კი ყველაფერი სხვაგვარადაა - რბოლები ისევ სიამოვნებას მანიჭებს.

- სებასტიან ფეტელთან თანამშრომლობა თქვენთვის სასარგებლოა?

მარკ უებერი - შარშან ჩვენ ჯანსაღი კონკურენცია გვქონდა, რამაც მოტივაცია გამიძლიერა. როდესაც ასეთი ძლიერი თანაგუნდელი გყავს, თავადაც უნდა აიმაღლო დონე. ასეც მოვიქეცი და რამდენიმე კარგი რბოლა ჩავატარე. კვალიფიკაციაზე უფრო მიჭირდა, განსაკუთრებით, მეორე სესიებზე. მაგრამ წელს კვალიფიკაციაზე ცარიელი ავზებით ვივლით და ვნახოთ, ეს ჩვენს შედეგებზე როგორ იმოქმედებს.

ჩემსა და სებასტიანს შორის ახლა ისეთივე ურთიერთობაა, როგორიც მანამ იყო, ვიდრე თანაგუნდელები გავხდებოდით. ეს კი გუნდის ხელმძღვანელობის დამსახურებაა. ”რედ ბულში” ინტრიგებისთვის ადგილი არ არის. აქ ჯანსაღი ატმოსფერო სუფევს, რომელიც მრბოლებს მეგობრებად დარჩენის საშუალებას აძლევს.

- როდესმე გყოლიათ ცუდი თანაგუნდელი?

მარკ უებერი - არა. სულ რამდენიმე თანაგუნდელი მყავდა და მათ შორის ცუდი არცერთი ყოფილა.

- ტესტების მიხედვით თუ შეგიძლიათ იმის თქმა, რომ ედრიან ნიუიმ (გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა) მორიგი აეროდინამიკური სასწაული შექმნა?

მარკ უებერი - ედრიანი ყოველთვის თვითონ იმაღლებს დონეს, რაც ყოველთვის გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული, თუმცა ის ნამდვილი გენიოსია. ალბათ შეამჩნიეთ, რომ ახალი სეზონისთვის, ბევრმა გუნდმა მისი რამდენიმე იდეა გადაიღო. ეს კი, ედრიანის ნიჭის აღიარების აშკარა გამოვლენაა. მან ხომ სხვებზე ადრე გამოიყენა ის იდეები, რომლებსაც ახლა სხვებიც ნერგავენ.

ის ნამდვილი მებრძოლია. მნიშვნელობა არ აქვს, ჩოგბურთს თამაშობს, თუ სარბოლ მანქანას ქმნის. ედრიანი ყოველთვის ეძებს მეტი ეფექტურობის მიღწევის გზებს. ჩვენ რომ სწრაფი მანქანები გვყავს, მეტწილად სწორედ მისი დამსახურებაა. მან ყოველთვის იცის, მანქანის რომელი ელემენტები საჭიროებს დახვეწას და სად უნდა ეძებოს სიჩქარის გაზრდის რესურსი.

რა თქმა უნდა, წარუმატებლობები მასაც ჰქონია. ”მაკლარენში” მის მიერ შექმნილი რამდენიმე მანქანა არაკონკურენტუნარიანი გამოდგა. მაგრამ ასეთი სპეციალისტი ნებისმიერ შემთხვევაში დასაფასებელია. ის დამსახურებულად შედის ფორმულა 1-ის გენიოსების სიაში

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ”რედ ბული” კვლავ მეტოქეებზე ერთი ნაბიჯით წინაა?

მარკ უებერი - დღევანდელმა დღემ კარგად ჩაიარა, მაგრამ შემდეგ კვირაში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. საინტერესოა, როგორი იქნება ჩემპიონატის პირველი ოთხი რბოლა. გარწმუნებთ, მალაიზიაში აღარავის ემახსოვრება, რომ ხერესში ასეთი კარგი შედეგები გვქონდა. ფორმულა 1-ში ხომ ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება.

- მშრალ ამინდში ვარჯიშისას, შარშანდელ მანქანასთან შედარებით, მანქანის გაუმჯობესება თუ იგრძენით?

მარკ უებერი - როდესაც მანქანის ავზები ბოლომდე სავსეა, ის სულ სხვაგვარად იქცევა. ამას დაუმატეთ საბურავების ფაქტორი... საბურავები ჩვენთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ჩოგანი როჯერ ფედერერისთვის. დღეს ჩვენ სულ სხვა სპეციფიკაციის მანქანებით გამოვდივართ და ამიტომ, შარშანდელ მანქანასთან შედარება ძალიან გამიჭირდება. მანქანით კმაყოფილი ვარ, თუმცა ჯერაც ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი.

Saturday, February 20, 2010

USF1 დიდ გასაჭირშია

USF1 is in financial trouble

20 თებერვალი

ფორმულა 1-ის ამერიკული დებიუტანტი - USF1 აღიარებს, რომ ფინანსურ პრობლემებს ვერ უმკლავდება და საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციას (FIA) სთხოვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ოთხი ეტაპის გამოტოვების უფლება მისცეს.

უკვე თვეზე მეტია, კულუარებში არ წყდება ლაპარაკი იმაზე, რომ USF1 ჩემპიონატში ასპარეზობას ვერ შეძლებს. გუნდის ხელმძღვანელობა ადრე დაჟინებით უარყოფდა ამ ხმებს, მაგრამ ახლახანს, ”ნიუ იორკ ტაიმსთან” საუბრისას, USF1-ის შეფმა კენ ანდერსონმა აღიარა, რომ მისი საჯინიბო ფინანსურ კრიზისში იმყოფება.

მან განაცხადა, რომ FIA-სთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რომლის მიზანიც, პირველი ოთხი რბოლის გამოტოვების უფლების მიღებაა. ანდერსონის თქმით, თანხმობის ხელშეკრულება, რომელზეც მის გუნდს ხელი აქვს მოწერილი, სეზონში სამი რბოლის გამოტოვების უფლებას იძლევა, მაგრამ მას სურს, რომ ოთხი რბოლის გამოტოვებაზე მიიღოს თანხმობა, რადგან უფრო ადრე, მანქანის მომზადება ვერ ესწრება. გარდა ამისა, პირველი ოთხი ეტაპის გამოტოვება ლოგისტიკური პრობლემებითაცაა გამოწვეული - ჩემპიონატის პირველი ოთხი ეტაპი ბაჰრეინში, ავსტრალიაში, მალაიზიასა და ჩინეთში იმართება, რაც გუნდებისგან დიდ ხარჯებს მოითხოვს.

ანდერსონი ამბობს, რომ სპეციალური მიმართვა გაუგზავნა FIA-ს პრეზიდენტ ჟან ტოდტს და ახლა მის პასუხს ელის, თუმცა ისიც ესმის, რომ შესაძლოა, ოთხი ეტაპის გამოტოვების უფლება ვერ მიიღოს.

”ჩვენთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა, რომ პირველი ოთხი ეტაპის გამოტოვების უფლება მოგვცენ და ჩემპიონატი ბარსელონაში დავიწყოთ. ვფიქრობ, ყველაფერი შესაძლებელია. ერთი რამის თქმა შემიძლია - ფედერაცისში ჩვენი დახმარება სურთ და არა დახურვა. და სწორედ ამის იმედი მაქვს”, - ამბობს ანდერსონი და დასძენს, რომ კარგი იქნება, თუ ტოდტისგან პასუხს სწრაფად მიიღებს, რადგან პრობლემის გადაწყვეტის გაჭიანურების შემთხვევაში, შესაძლოა, დადებითი პასუხიც კი დაგვიანებული აღმოჩნდეს.

მანვე დაადასტურა, რომ არგენტინელ ხოსე მარია ლოპესთან კონტრაქტი ძალაშია, თუმცა მეორე პილოტის დასახელება ჯერაც ჭიანურდება. ამასთან, ისიც აღნიშნა, რომ შესაძლოა, ლოპესმა კონტრაქტი თავად დაარღვიოს და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ USF1-ს დებიუტს არ გადაუვადებენ.

დაბოლოს, ანდერსონმა დაადასტურა, რომ USF1 სპორტული დირექტორის თანამდებობიდან წავიდა და ეს ადგილი, პოპულარულ ვებ-გვერდ ”იუთუბის” თანადამფუძნებელმა ჩად ჰარლიმ დაიკავა.

”კამპოს მეტას” პატრონი შეცვალა

Campos restructure and recruit Kolles (Reuters)

20 თებერვალი

ესპანურ გუნდ ”კამპოს მეტას” ჯერ ფორმულა 1-ში დებიუტი ტესტების დონეზეც კი არ ჰქონია და უკვე პატრონი გამოიცვალა - ფინანსურ გასაჭირში მყოფი გუნდი მთლიანად გამოისყიდა ესპანელმა ბიზნესმენმა ხოსე რამონ კარაბანტემ. იმავდროულად, გუნდის ხელმძღვანელად, ”ფორს ინდიას” ყოფილი დირექტორი კოლინ კოლესი დაინიშნა.

ამგვარად, იმის შანსი, რომ ”კამპოს მეტა” წლევანდელი ჩემპიონატის პირველივე ეტაპზე ვიხილოთ, მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს იმ დროს ხდება, როდესაც ამერიკული გუნდი US F1 საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციას (FIA) სთხოვს, რომ პირველი ოთხი ეტაპის გამოტოვების უფლება მისცეს.

”მინდა, მადლობა გადავუხადო ბერნი ეკლსტოუნს, რომელმაც თავი არ დაზოგა იმისათვის, რომ ჩვენი გუნდისთვის მხარი დაეჭირა და გადარჩენაში დახმარებოდა. ჩვენი გუნდის გადარჩენის ოპერაცია დროის წინააღმდეგ რბოლას ჰგავდა, რისი საბოლოო მიზანიც, ბაჰრეინის რბოლაზე ჩვენი ორი მანქანის გამოჩენაა. ჯერაც ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გუნდის შენარჩუნება შევძელით”, - ამბობს კარაბანტე.

ბაჰრეინის დიდი პრიზი ჩემპიონატის პირველი რბოლაა და ის 14 მარტს გაიმართება. ”კამპოსს” კი ჯერ თავისი მანქანის ტესტირება არც დაუწყია. ესპანური გუნდისთვის სარბოლ ბოლიდს იტალიური ფირმა ”დალარა” ამზადებს. ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობის განცხადებით, მანქანა ტესტირებისთვის პრაქტიკულად მზადაა. მაგრამ ”კამპოსისთვის” მისი გადაცემა, ამ უკანასკნელის ფინანსური პრობლმების გამო არ მოხდა. შეგახსენებთ, რომ ”კამპოს მეტას” კონტრაქტი აქვს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, ლეგენდარულ ბრაზილიელ აირტონ სენას დის შვილ ბრუნო სენას.

რაც შეეხება კოლესს, ის თავის დროზე, ”ჯორდანის”, ”მიდლენდის”, ”სპაიკერისა” და ”ფორს ინდიას” (ყველა ეს გუნდი ჯორდანის შთამომავალია) შეფი იყო, ინდური გუნდი კი შარშან დატოვა. ის ამბობს, რომ პატრონის შეცვლის შემდეგაც, ”კამპოსს” მაინც სჭირდება ინვესტორი.

”ახლა ჩვენ გადავხედავთ გუნდის შესაძლებლობებს და ვეცდებით, მოკლე დროში ვიშოვნოთ ინვესტორი, რომლის შემწეობითაც, ჩემპიონატის პირველ ეტაპზე გამოსვლას შევძლებთ”, - ამბობს კოლესი.

ასე რომ, ”კამპოს მეტას” ბედი ჯერაც გაურკვეველია.

Thursday, February 18, 2010

მოსლი და სტიუარტი ოლიმპიადაზე უსაფრთხოების სტანდარტებს აკრტიკებენ

18 თებერვალი

ვანკუვერის ოლიმპიადაზე ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვა საყოვალთაო განხილვის საგანი გახდა არამხოლოდ სპორტის ზამთრის სახეობათა სპეციალისტების მხრიდან. ბრიტანულმა გამოცემა ”ტაიმსმა” ამ თემაზე კომენტარი სთხოვა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ყოფილ პრეზიდენტ მაქს მოსლის და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს ფორმულა 1-ში, სერ ჯეკი სტიუარტს.

”შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ციგაობის საერთაშორისო იმ დონეზე იმყოფება, რა დონეზეც ფორმულა 1 ორმოცი წლის წინ იყო. მათ აუცილებლად უნდა შეცვალონ სპორტის განვითარების ფილოსოფია. იმის ნაცვლად, რომ ტრაგედიის მიზეზად სპორტსმენის შეცდომა გამოცხადებულიყო, მათ ურჩევნიათ, იმაზე იზრუნონ, რომ ტრასების უსაფრთხოების ნორმები გაამკაცრონ. მათ მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ იმის ალბათობა, რომ სპორტსმენის შეცდომა ტრაგიკულად დასრულდება”, - ამბობს მოსლი, რომელიც ცნობილია, როგორც ფორმულა 1-ში უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრების მოთავე.

სპორტში უსაფრთხოების გაუმჯობესების მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ადამიანი სტიუარტია, ვინც თავის დროზე, ფრანგ თანაგუნდელ ფრანსუა სევერის დაღუპვის შემდეგ, თავისი ბრწყინვალე კარიერა ნაადრევად შეწყვიტა. მან საკუთარი აზრი ქუმარიტაშვილის ტრაგედიაან დაკავშირებითაც გამოთქვა:

”საციგაო სპორტში აქამდე ასეთი ტრაგედიები თითქმის არ ხდებოდა, თუმცა აშკარაა, რომ ვინც ეს ტრასა დააპროექტა, ის არ ფიქრობდა იმაზე, რომ სპორტსმენი შეიძლება ტრასიდან ამოვარდნილიყო. როცა მოციგავის სიჩქარე 90 კმ/სთ-ს აღწევს, ვირაჟის გავლისას მასზე უზარმაზარი გადატვირთვა მოქმედებს. ამიტომ, უნდა გაეთვალისწინათ, რომ შეცდოები იქნებოდა. აშკარაა, რომ ამ დახრის მოსახვევის გავლისას, ტრასის არხიდან სპორტსმენის ამოვარდნის დიდი ალბათობა არსებობს. ამიტომ, იმ ადგილას არსებულ ბოძებზე შეჯახებაც მოსალოდნელი იყო და მათზე დამცავი საშუალებები უნდა დაემონტაჟებინათ. ავტოსპორტში ასეთ კონსტრუქციებს ლითონის ნადით ფარავენ. ასეთი ბადე ტრაგედიის ადგილზე რომ ყოფილიყო, ის ტრავმებს მიიღებდა, თუმცა გადარჩებოდა”.

ჰაკინენი დაბრუნებას არ აპირებს

Mika Hakkinen

18 თებერვალი

მას შემდეგ, რაც ფორმულა 1-ს მიხაელ შუმახერი დაუბრანდა, ბევრს ალბათ მისი ოდინდელი მთავარი მეტოქე, ფინელი მიკა ჰაკინენი გაახსენდებოდა. გასული სეზონის დასრულების შემდეგ, პრესაში იმაზეც ალაპარაკდნენ, რომ დიდი პრიზების ცირკს შეიძლება კანადელი ჟაკ ვილნევიც დაუბრუნდეს. და რას აპირებს ჰაკინენი, ვისაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ორჯერ, 1998 და 1999 წლებში აქვს მოპოვებული?

არაფერსაც არ აპირებს: ”დაბრუნებაზე არც ვფიქრობ! ფორმულა 1 ჰობი არაა, აქ ბევრი მუშაობის გარეშე, შედეგს ვერ მიაღწევ. მიზნის მისაღწევად მთლიანად უნდა დაიხარჯო, მე კი ამაზე უარი დიდი ხნის წინ ვთქვი”.

”მიხაელის გადაწყვეტილება ფორმულა 1-თვის კარგი ამბავია. განსაკუთრებით ეს მის უამრავ ქომაგს ახარებს. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და მეტად თამამი. ფორმულა 1-ში უბრალოდ ვერ იტყვი - ვბრუნდები და ამით ყველაფერი დაბრუნდება, როგორც ადრე იყო. ახლა მას ძალიან ძლიერი მეტოქეები ჰყავს და თავადაც ბევრი რამის თავიდან გავლა მოუწევს. ბევრი რამ თავიდან ექნება სასწავლი - მანქანები განსხვავებულია, ბევრი ახალი ტრასაა. ჩემპიონატის რეგლამენტი მუდმივად იცვლება და მე არ მინდა ყველაფრის თავიდან დაწყება”.

”მე რამდენიმე ბრენდის - DHL-ის, ”ლოროსის”, ”მერსედესის” და AMG-ს სარეკლამო სახე ვარ. ეს საკმაოდ ბევრია. ჩემი ცხოვრება სავსეა მოვლენებით და ამიტომ, დასაბრუნებლად დროც კი აღარ მრჩება. სხვა თუ არაფერი, დაბრუნების შემთხვევაში, უფრო მეტს დავკარგავ, ვიდრე მივიღებ”.

”ვინ გახდება ჩემპიონი? არ ვიცი, ვერცერთ გუნდზე, ან პილოტზე ფსონს ვერ ჩამოვალ. ამჟამად ვერ ვხედავ მიზეზებს, რომლებიც რომელიმე პილოტის ან გუნდის აშკარა უპირატესობაზე შეიძლება მეტყველებდეს. პროგნოზები ჯერ ნაადრევია. უკეთესი იქნება, თუ სეზონის დაწყებას დაველოდებით”, - ამბობს ჰაკინენი.

Sunday, February 14, 2010

შვედეთის რალი ჰირვონენმა მოიგო

Hirvonen storms to victory in Sweden rally (Reuters)

Hirvonen claims victory in Sweden (Autosport)

14 თებერვალი

ჰირვონენი და მისი ნავიგატორი იარმო ლეჰტინენი გამარჯვებას ზეიმობენ
..........................................

ფინელი მიკო ჰირვონენის გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ეტაპი - შვედეთის რალი. რბოლის მესამე დღეს, ჰირვონენმა კიდევ უფრო გაზარდა თავისი უპირატესობა უახლოეს მდევართან, მსოფლიოს ექვსგზის ფრანგ ჩემპიონ სებასტიან ლოებთან და ასპარეზობა მასთან სოლიდური უპირატესობით დაასრულა.

ლოები გამარჯვებულს 42 წამზე მეტით ჩამორჩა და საბოლოოდ, მეორე ადგილს დასჯერდა, მესამე ადგილი კი ფინელმა იარი-მატი ლატვალამ დაიკავა, ვინც ჰირვონენს წუთით და 15 წამით ჩამორჩა. რბოლა 30-ე ადგილზე დაასრულა ფორმულა 1-ის 2007 წლის ჩემპიონმა, რალიში ახლახან გადასულმა ფინელმა კიმი რაიკონენმა, ვისთვისაც ეს რალის მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო რბოლა იყო. რაიკონენმა რბოლის პირველ დღეს, ავარიის გამო, ნახევარ საათზე მეტი დაკარგა, თუმცა ბოლო დღეს პოზიცია რამდენიმე ადგილით გაიუმჯობესა.

რაიკონენი ასპარეზობისას
........................................

რბოლის დასაწყისში, ლოებმა მცირე უპირატესობა მოიპოვა, თუმცა შემდეგ ჰირვონენს დიფერენციალში გადაცემა შეუცვალეს, რის შემდეგაც მან აშკარად გაზარდა ტემპი და დღე ფრანგთან მცირე უპირატესობით დაასრულა. ასპარეზობის მესამე დღის დასაწყისშივე, ლოებმა აღიარა, რომ ფინელის ტემპის აყოლა შეუძლებელი იყო და ფაქტობრივად, მეორე ადგილის შენარჩუნებისთვის გააგრძელა ასპარეზობა.

”გუშინ მცირე შეცდომა მომივიდა, თუმცა მის გარეშეც, მიკოს დაწევა ძალიან გამიჭირდებოდა. მან შესანიშნავად იასპარეზა და გულითადად ვულოცავ გამარჯვებას. მან ის სრულებით დაიმსახურა”, - განაცხადა ლოებმა.

ჰირვონენი ასპარეზობისას

...........................................

”ფანტასტიურია, ბედნიერი ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს, რბოლა დასრულდა. საბურავებზე საშინელი დატვირთვა მოდიოდა და მიხარია, რომ ამ მხრივ, პრობლემა თითქმის არ შემქმნია. არადა, ბოლო ეტაპზე მათ გამო ძალიან ვინერვიულე”, - განაცხადა ჰირვონენმა.

რბოლის დასაწყისში შესანიშნავად იასპარეზა ლოების ესპანელმა თანაგუნდელმა დანიელ სორდომ, ვინც თოვლზე რბოლის გამოცდილების არქონის მიუხედავად, სუპერ სპეცმონაკვეთი მოიგო კიდეც და ერთხანს ლიდერებთან ძალიან ახლოსაც კი იყო, მაგრამ მეორე დღეს დაშვებული შეცდომა ძვირად დაუჯდა და საბოლოოდ, მეოთხე ადგილს დასჯერდა.

რალიში დაბრუნებულმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა მარკუს გრონჰოლმმა შვედური რალის ყველაზე პოპულარული, საგენის სპეცმონაკვეთი კი მოიგო, მაგრამ ელექტრონიკამ უმტყუნა და მოგვიანებით თავადაც აღიარა, რომ დაბრუნების წინ მეტი ვარჯიში მართებდა. საბოლოოდ, მან რბოლა 21-ე ადგილზე დაასრულა.

რაც შეეხება რაიკონენს, მან მე-15 სპეცმონაკვეთზე მე-6 დრო აჩვენა. ”რა თქმა უნდა, ამ შედეგით კმაყოფილი არ ვარ. მაგრამ მთავარია, რომ ფინიშს მივაღწიე და შედეგებსაც თანდათან ვაუმჯობესებდი. რა თქმა უნდა, დებიუტისთვის ეს ძალიან რთული რბოლა იყო. სამაგიეროდ, მანქანასთან მუშაობის გამოცდილება მივიღე და ამას შემდეგ რბოლებში გამოვიყენებ”, - განაცხადა რაიკონენმა.

შვედეთის რალის საბოლოო შედეგები

1. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 3:09:30.400

2. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) +00:42.300

3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 01:15.400

4. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 02:41.600

5. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 04:15.300

6. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 05:23.400

7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 07:53.900

8. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სუბარუ) 09:22.200

9. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 10:17.500

10. პერ-გუნარ ანდერსონი (შვედეთი, შკოდა) 12:08.900

პილოტთა პირველობა

1. მიკო ჰირვონენი - 25 ქულა; 2. სებასტიან ლოები - 18; 3. იარი-მატი ლატვალა - 15; 4. დანიელ სორდო - 12; 5. სებასტიან ოჟიე - 10; 6. ჰენინგ სოლბერგი - 8; 7. მეტიუ უილსონი - 6; 8. მადს ოსტბერგი - 4; 9. პეტერ სოლბერგი - 2; 10. პერ-გუნარ ანდერსონი - 1

კონსტრუქტორთა პირველობა

1. BP-ფორდ აბუ დაბი WRT – 40; 2. სიტროენ ტოტალ WRT – 30; 3. სიტროენ ჯუნიორ ტიმ - 14; 4. შტობარტ VK M-სპორტ ფორდ WRT - 14

Saturday, February 13, 2010

ჰირვონენმა ლიდერობა განიმტკიცა

Hirvonen extends lead

13 თებერვალი

მსოფლიოს ფინელმა ვიცე ჩემპიონმა, ფინელმა მიკო ჰირვონენმა (სურათზე), შვედეთის რალის მეორე დღესაც შესანიშნავად იასპარეზა და პირველ დღეს მოპოვებული ლიდერობა არამარტო შეინარჩუნა, არამედ უახლოესი მდევარი, ფრანგი სებასტიან ლოები კიდევ უფრო ჩამოიტოვა.

მეორე დღე იმით დაიწყო, რომ რბოლის ორგანიზატორებმა პირველივე სპეცმონაკვეთი თითქმის ერთი საათით გადადეს. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ რბოლის სანახავად, თავი უამრავმა მაყურებელმა მოიყარა.

ჰირვონენმა, ვინც შარშან ჩემპიონატი ლოებთან ერთადერთი ქულით წააგო, ორი დღის შემდეგ, ლოებთან უპირატესობა 16 წამამდე გაზარდა. არადა, პირველი დღის შემდეგ, მხოლოდ 6 წამს იგებდა. ლოებმაც კარგად იასპარეზა და ორ სპეცმონაკვეთზე საუკეთესო დროც აჩვენა, მაგრამ მე-15 სპეცზე საბურავი დაეშვა, რაზეც ბევრი დრო დალარგა.

”წინა საბურავები გზას კარგად იჭერდა, მაგრამ უკანები სწრაფად გაცვდა, რის შემდეგაც მანქანა უმართავი გახდა. ამას სჯობდა, ოთხივე საბურავი გაცვეთილი ყოფილიყო”, - ბოლო სპეცზე გასვლის წინ განაცხადა მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა. მისმა ესპანელმა თანაგუნდელმა დანი სორდომაც დრო დაკარგა და მესამედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ამის მიზეზი კი ჯერ თოვლის გროვასთან შეჯახება გახდა, შემდეგ კი გადახურებული ძრავი.

რაც შეეხება ფინელ კიმი რაიკონენს, ვისთვისაც ეს სეზონი რალის მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტოა, რბოლის მეორე დღის შემდეგ, ის რბოლის ლიდერს ისევ 33 წუთით ჩამორჩებოდა.

1. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 2:14:48.300

2. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) +00:16.600

3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 00:51.400

4. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 01:46.200

5. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 02:42.100

6. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 03:47.900

7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 05:44.100

8. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სუბარუ) 05:57.300

9. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 08:35.200

10. პერ-გუნარ ანდერსონი (შვედეთი, შკოდა) 08:48.100

რაიკონენს და გრონჰოლმს პრობლემები შეექმნათ

Raikkonen, Gronholm Experience Trouble in Rally Sweden - SS6

13 თებერვალი

შვედეთში სარტი აიღო რალის მსოფლიო ჩემპიონატმა, სადაც ფორმულა 1-ის 2007 წლის ჩემპიონის, ფინელი კიმი რაიკონენის (სურათზე) დებიუტი შედგა. მაგრამ მისთვის შვედური რალი პრობლებებით დაიწყო - ხუთი სპეცმონაკვეთის შემდეგ ფინელი მრბოლი მოწინავე ათეულში იყო, მაგრამ მე-6 მონაკვეთზე ის თავისი ”სიტროენ C4 WRC-ით” გზის მიღმა თოვლის გროვას შეეჯახა.

რაიკონენმა გზის განგრძობა კი შეძლო, მაგრამ რამდენიმე კილომეტრის შემდეგ ისევ გაჩერდა. პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ, მან გზა განაგრძო, თუმცა რბოლის ლიდერს, ფინელ მიკო ჰირვონენს ნახევარ საათზე მეტით ჩამორჩა.

რბოლის პირველი დღე პრობლემური გამოდგა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, მარკუს გრონჰოლმისთვისაც, რომელიც მისმა სარბოლმა ”ფორდ ფოკუს RS-მა” გააწამა. მანქანას იმავე, მე-6 სპეცმონაკვეთზე, ელექტროსისტემა დაუზიანდა, რაზეც გრონჰოლმმა 10 წუთზე მეტი დაკარგა. მართალია, გრონჰოლმმა შეძლო პრობლემის მოგვარება, მაგრამ სპეცმონაკვეთი მის ფინელ გამარჯვებულ იარი-მატი ლატვალასთან 12 წუთით და 31 წამით გვიან დაასრულა, საერთო კლასიფიკაციაში კი პირველი დღე 29-ე ადგილზე დაასრულა.

შვედეთის რალის პირველი დღის შემდეგ, რბოლას ჰირვონენი ლიდერობდა, რომელიც მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონს, ფრანგ სებასტიან ლოებს (სიტროენი) 6.2 წამს უგებდა. ლიდერთან 10.6-წამიანი ჩამორჩენით, მესამე ადგილი ლოების ესპანელ თანაგუნდელ დანიელ სორდოს ეკავა.

ლოტუსმა” თავისი ბოლიდი ლონდონში გაგვაცნო

Lotus launches 2010 car in London

13 თებერვალი

არნო ტრული (მარცხნივ) და ჰეიკი კოვალაინენი ”ლოტუს T127-ის” პრეზენტაციაზე
..............................................

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს შორის, ”ლოტუსი” ჯერჯერობით ბოლოა, რომელმაც საზოგადოებას თავისი სარბოლი ავტომობილი - T127 წარუდგინა. პრეზენტაცია ლონდონში ჩატარდა.

ავტომობილის სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ ”ლოტუსი” ამავე სახელწოდების მქონე ლეგენდარული გუნდის შთამომავალია. ძველმა გუნდმა, რომელიც 60-იან წლებში ლეგენდარულმა ბრიტანელმა კონსტრუქტორმა კოლინ ჩეპმენმა ჩამოაყალიბა, ფორმულა 1 1994 წლის სეზონის ბოლოს დატოვა. დღეს კი ის მალაიზიელებმა აღადგინეს. ცნობისათვის, სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ინგლისური კომპანია ”ლოტუსი” დღეს მალაიზიურ საავტომობილო კომპანია ”პროტონის” მფლობელობაში შედის.

”რასაც ახლა განვიცდი, სიტყვებით იმის წარმოთქმა შეუძლებელია. ფ1-ის ლიცენზია რომ ავიღეთ, მაშინ ჰაინგჰემში მხოლოდ ხუთნი ვმუშაობდით, დღეს კი ეს ავტომობილი წარმოგიდგინეთ. ეს ნამდვილი საოცრებაა. კლაივმა (ჩეპმენმა) მითხრა, რომ ეს მომენტი იმ დღეს ჰგავს, როდესაც ”ლოტუსი” პირველ ნაბიჯებს დგამდაო. ეს მართლაც ისტორიული მომენტია”, - განაცხადა ”ლოტუსის” შეფმა, მალაიზიელმა ბიზნესმენმა ტონი ფერნანდესმა.

”თავიდანვე ვიცოდით, რომ დიდ საქმეს შევეჭიდეთ. ლეგენდა, რომლის დიდებაც ახლა ჩვენი მხრებით უნდა ვატაროთ, ისეთმა დიდმა მრბოლებმა შექმნეს, როგორებიც ჯიმ კლარკი, სტირლინგ მოსი, გრემ ჰილი და ნაიჯელ მენსელი არიან. დიდი გზა გვაქვს გასავლელი და იმავდროულად, დიდი პატივი გვერგო, რომ ამ გუნდის ლეგენდარული ისტორიის ნაწილი ვხდებით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ დიდი ისტორიის ღირსეული გამგრძელებლები გავხდეთ”, - დასძენს ფერნანდესი.

მანქანა პირვერლად ტრასაზე პრეზენტაციის წინა დღეებში, სილვერსტოუნზე გამოვიდა, მომავალ კვირაში კი ”ლოტუსი” მის ტესტირებას სხვა გუნდებთან ერთად, ესპანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ხერესის ”დელა ფრონტერაზე” დაიწყებს.

მომავალ სეზონში, ”ლოტუსის” მანქანებით ჩემპიონატში მონაწილეობას იტალიელი იარნო ტრული და ფინელი ჰეიკი კოვალაინენი მიიღებენ. გუნდის ტესტ და სათადარიგო პილოტი კი მალაიზიელი ფაირუზ ფაუზი იქნება.

”ლოტუსის” სარბოლი ავტომობილი T127 ცნობილი ინგლისელი ინჟინრის, მაიკ გასკოინის ხელმძღვანელობით შეიქმნა. გასკოინი ფორმულა 1-ში მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კონსტრუქტორია. თავის დროზე, ის ”მაკლარენში”, ”ზაუბერსა” და ”ტირელში” მუშაობდა, შემდეგ ”ჯორდანში”, ”რენოში”, ”ტოიოტასა” და ”ფორს ინდიაში” ტექნიკური დირექტორის პოსტებზე მუშაობდა. იაპონურ გუნდში მუშაობისას, მისი წლიური ხელფასი 8 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც ფორმულა 1-ის ისტორიაში (ტექნიკური დირექტორებისთვის) სარეკორდო ანაზღაურება იყო.

”ჩვენი მთავარი ამოცანა ჩემპიონატის სტარტზე გამოსვლა იყო, რასაც მივაღწიეთ. ახლა მთავარია, პროფესიულ სტანდარტს მივაღწიოთ, შემდეგ კი უფრო სოლიდურ მიზნებსაც დავისახავთ. რა თქმა უნდა, სეზონის განმავლობაში, მანქანას აეროდინამიკური მილის დახმარებით დავხვეწავთ, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება”, - განაცხადა გასკოინმა.

Friday, February 12, 2010

FIA-მ ახალი რეგლამენტი დაამტკიცა

FIA to keep fuel weights secret

11 თებერვალი

როგორც მოსალოდნელი იყო, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ ფორმულა 1-ის ტექნიკური რეგლამენტის ახალი ვერსია დაამტკიცა. რეგლამენტში რამდენიმე პუნქტია შეცვლილი, რომლებიც ქულათა სისტემას და რბოლების დროს საბურავების გამოყენების წესებს ეხება. ასევე შეცვლილია რამდენიმე უმნიშვნელო პუნქტი.

კერძოდ, რბოლების წინ აღარ გამოქვეყნდება მანქანების წონები, რაც გასულ სეზონში სავალდებულო იყო. რამდენადაც რბოლის დროს საწვავის შევსება აიკრძალა, წესით მანქანების წონებიც საინტერესო აღარ უნდა იყოს. არადა, წონის გამოქვეყნების შემთხვევაში, იმის დაახლოებით გამოთვლა მაინც შეიძლება, თუ რამდენად ეკონომიურად მოიხმარს საწვავს ამა თუ იმ კომპანიის მიერ შექმნილი ძრავი.

ასევე იკრძალება პიტ სტოპის დროს მანქანის ავტომატური დანადგარებით აწევა. ისევე როგორც 80-იან და 90-იან წლებში, საბურავების შეცვლისას, გუნდების პერსონალები ეგრეთ წოდებულ ხელის დომკრატებს გამოიყენებენ.

დამტკიცდა ქულების დარიცხვის ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც, ქულებს ის პილოტები მიიღებენ, რომლებიც რბოლებს მოწინავე ათეულში დაამთავრებენ. გამარჯვებული 25 ქულას მიიღებს, მეორეადგილოსანი 18-ს და ასე შემდეგ (სისტემით25-18-15-12-10-8-6-4-2-1).

ცვლილებებია საბურავების წესებშიც. კერძოდ, ის პილოტები, რომლებიც კვალიფიკაციის მესამე სესიაზე იასპარეზებენ, რბოლას იმავე საბურავებით დაიწყებენ, რომლითაც საკვალიფიკაციო საუკეთესო დროს დააფიქსირებენ. თუ კვალიფიკაციის დროს ერთი ან რომელიმე საბურავი დაზიანდება, სრული კომპლექტის შეცვლის საკითხს სპეციალური ტექნიკური კომისია გადაწყვეტს.

გუნდებს დამატებითი ტესტების უფლება მიეცემათ იმ შემთხვევისთვის, თუ მათ სეზონის მსვლელობისას პილოტის შეცვლა მოუწევთ. დამატებით ტესტებზე კი მხოლოდ ახალწვეულები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, ტესტები მხოლოდ იმ ტრასაზე იქნება დაშვებული, რომელზეც ჩემპიონატის რბოლა არ ტარდება. თუ ასეთ ტესტზე, შემცვლელი პილოტი ტრასაზე არ გამოვა, შესაბამის გუნდს, სეზონის შემდეგ, ერთი სატესტო დღე დააკლდება.

მცირე ცვლილებაა პუნქტში, რომელიც სეზონის განმავლობაში, ძრავების გამოყენებას განსაზღვრავს. სეზონზე ერთ პილოტს ისევ მხოლოდ 8 ძრავის გამოყენების უფლება აქვს. ყოველი ზედმეტი აგრეგატისთვის, მას რბოლის სასტარტო რიგში 10 ადგილის დათმობა მოუწევს. თუ ერთ რბოლაზე პილოტი ორჯერ გადააჭარბებს ლიმიტს, თითო გადაჭარბებაზე ის 10 ადგილს დაკარგავს.

კიდევ ერთი ცვლილება რბოლისწინა მოსათელ წრეს ეხება. თუ ასეთ წრეზე, რაიმე მიზეზით, პილოტი ადგილს დაკარგავს, მას მისი დაბრუნების უფლება მანამ აქვს, სანამ პიტლეინზე შესასვლელის ხაზს გადაკვეთავდეს.

FIA -მ ასევე დაამტკიცა სია მანქანის დეტალებისა, რომელთა ჰომოლოგირება სავალდებულოა. ამასთან, ამ დეტალების კონსტრუქციის შეცვლა არ შეიძლება, თუ ცვლილება საიმედოობის გაუმჯობესებასა და უსაფრთხოებასთან არაა დაკავშირებული.

სარბოლი უქმეებისას, თითოეულ პილოტს საბურავების 11 კომპლექტის გამოყენების უფლება ეძლევა (შარშან 14-ის გამოყენება შეიძლებოდა). ამასთან, პირველ პრაქტიკაზე თითოეულ პილოტს მხოლოდ ერთი, მყარი საბურავის კომპლექტის გამოყენების უფლება აქვს. მეორეზე მას ორი კომპლექტი - თითო მყარი და რბილი, ეძლევა. კვალიფიკაციასა და რბოლაზე კი მშრალი ამინდისთვის განკუთვნილი საბურავების 4 კომპლექტის გამოყენებაა დაშვებული.

Wednesday, February 10, 2010

რედ ბულ რეისინგის” ახალი საბრძოლო ”ლიმუზინი” - RB6

Red Bull launch RB6 "limousine" (Reuters)

10 თებერვალი

ფორმულა 1-ის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა ”რედ ბულ რეისინგმა” საზოგადოებას თავისი ახალი მანქანა - RB6 უჩვენა, რომლითაც მისი პილოტები, ავსტრალიელი მარკ უებერი და გერმანელი სებასტიან ფეტელი ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

ახალი ბოლიდის პრეზენტაცია ხერესში (სამხრეთ ესპანეთი), ავტოდრომ ”დე ლა ფრონტერაზე”, ოფიციალური წინასასეზონო ტესტების წინ შედგა, რომლის დროსაც, მისით აღფრთოვანებულმა უებერმა მანქანას ”ლიმუზინი” უწოდა.

გასულ სეზონში ”რედ ბულმა” კონსტრუქტორთა პირველობა მეორე ადგილზე დაასრულა, ფეტელმა კი პირად ჩათვლაში დაიკავა მეორე ადგილი. ავსტრიული საჯინიბოს მანქანა სეზონის მეორე ნახევარში საუკეთესო იყო და მისმა პილოტებმა ბოლო სამი რბოლის მოგება შეძლეს, თუმცა სეზონის დასაწყისში დაწინაურებული ”ბრაუნის” (ახლანდელი მერსედესის) და მისი ბრიტანელ პილოტ ჯენსონ ბატონის დაწევა ვერ შეძლეს.

ისევე როგორც სხვა გუნდების მანქანები, RB6-იც შარშანდელთან შედარებით დაგრძელებულია, რაც იმის გამო მოხდა, რომ ახალი სეზონიდან, რბოლების დროს საწვავის შევსება იკრძალება და აქედან გამომდინარე, მანქანებში ერთი რბოლის სამყოფი საწვავი სტარტზევე უნდა ესხას. საწვავის ავზის მოცულობის გაზრდამ კი მანქანების ბაზის დაგრძელება მოითხოვა.

RB6-ს შარშანდელი მანქანისგან უფრო მაღლა აწეული ცხვირი და ძრავის ხუფის ზედა ნაწილში არსებული აეროდინამიკური ელემენტი გამოარჩევს, რომელსაც ჟურნალისტებმა დამახასიათებელი მოყვანილობის გამო, ”ზვიგენის ფარფლი” შეარქვეს.

”ეს მანქანა ნამდვილი ლიმუზინია. შარშანდელ მანქანაზე მხოლოდ რამდენიმე აეროდინამიკური ელემენტი შევცვალეთ. ჩვენ ვნახეთ, რომ ბევრმა გუნდმა ჩვენი შარშანდელი მანქანის კოპირება გადაწყვიტა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ედრიან ნიუი გენიოსია”, - განაცხადა უებერმა, ვინც ტესტების პირველ ორ დღეს გამოცდის ახალ მანქანას, შემდეგ ორ დღეს კი ადგილს ფეტელს დაუთმობს.

”რედ ბული” ძველ გუნდებს შორის ბოლოა, რომელმაც ტრასაზე ახალი მანქანა გამოიყვანა. დანარჩენებმა ეს უკვე მოასწრეს. ავსტრიულ გუნდამდე ბოლომ ეს წინა დღით ”ფორს ინდიამ” გააკეთა, რომელმაც თავისი ახალი ბოლიდის პრეზენტაცია სილვერსტოუნში (ინგლისი), ინტერნეტის მეშვეობით ჩაატარა.

ახალი გუნდებიდან თავისი სარბოლი მანქანა უკვე გვაჩვენა ”ვირჯინ რეისინგმა”, ”ლოტუსი” კი ამას ამ კვირაში გააკეთებს, თუმცა სილვერსტოუნზე პირველი ტესტები მანაც უკვე გაიარა. დარჩა ორი გუნდი, რომელთა მომავალიც ჯერ გაურკვეველია. ესენია ამერიკული U.S. F1 და ესპანური ”კამპოს მეტა”, რომლებიც შესაძლოა, სეზონის პირველ ეტაპზე, რომელსაც ბაჰრეინი უმასპინძლებს, გამოსვლა ვერც მოასწრონ.

”რედ ბულმა” პირველი ტესტები, რომლებიც ვალენსიაში ჩატარდა, გააცდინა, თუმცა გუნდის შეფი ქრისტიან ჰორნერი ამბობს, რომ ეს პრაგმატული მიზეზების გამო გაკეთდა, რათა ტესტებისთვის მანქანა სრულად მომზადებული ყოფილიყო.

”ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ფაბრიკაში დამატებითი მუშაობა და მანქანის სრულყოფა უფრო პროდუქტიული იქნებოდა. ახალი სეზონისთვის აგრესიული მიზნები დავისახეთ. მისთვის მზადების განმავლობაში, რამდენიმე კონცეპცია შევიმუშავეთ და მათგან საუკეთესო ავარჩიეთ. ვფიქრობ, ამ სეზონში გამარჯვებებისთვის ოთხი გუნდი - ”მაკლარენი”, ”ფერარი”, ”მერსედესი” და ჩვენ ვიბრძოლებთ”, - ამბობს ჰორნერი, ვინც გასული სეზონის შემდეგ, ”მერსედესის” ძრავებზე გადასვლას გეგმავდა, თუმცა ნიუის რჩევით, საბოლოო არჩევანი ”რენოზე” შეაჩერა, რომელიც ახლანდელ ფორმულა 1-ში ყველაზე ეკონომიურ ძრავებს აწარმოებს, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან ამ ძრავებით აღჭურვილი მანქანები სტარტზე შედარებით მსუბუქები გავლენ.

Tuesday, February 9, 2010

”ფორს ინდიას” ამბიციები გაეზარდა

Force India eyes more podiums in 2010

7 თებერვალი

ისევე როგორც ფორმულა 1-ის ახალწვეულმა ”ვირჯინ რეისინგმა”, ინგლისის სილვერსტოუნში ბაზირებულმა ინდურმა ”ფორს ინდიამაც” თავისი ახალი ბოლიდის - VJM03-ის პრეზენტაცია ვირტუალურ სამყაროში, ინტერნეტით ჩაატარა.

პრეზენტაციაზე, გუნდის შეფმა ვიჯეი მალიამ (მანქანის აბრევიატურა სწორედ მისი სახელისა და გვარის პირველი ასოების კომბინაციაა) განაცხადა, რომ ახალ სეზონში, მისი საჯინიბო შარშანდელი მიღწევების გაუმჯობესებას - მეტი ქულის მოპოვებას და კვარცხლბეკზე უფრო ხშირად ასვლას გეგმავს.

”ფორს ინდიასთვის” გასული სეზონი იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ გუნდმა პირველი პოულ პოზიცია მოიპოვა და პირველად დაიკავა ადგილი კვარცხლბეკზე. ახლა კი წინსვლის იმედი აქვს, რისი ერთ-ერთი საფუძველიც ”მერსედეს ბენცის” ძრავი და ის გარემოებაა, რომ შარშან გუნდი სეზონის განმავლობაში მაღალი ტემპით ვითარდებოდა.

”ჩვენი მიზანი წინსვლის გაგრძელებაა. გასული სეზონი ჩვენთვის გამორჩეული იყო. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: ერთი კვარცხლბეკი, ერთი პოული, ერთი უსწრაფესი წრე, 13 ფინიში მოწინავე ათეულში და 13 ქულა. თანაც, დიდი გამოცდილება დავაგროვეთ და თვისობრივადაც, აშკარად უკეთესი გუნდი გავხდით. ვიმედოვნებ, რომ წინსვლას ახალ სეზონშიც გავაგრძელებთ. ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი კვარცხლბეკით და ამდენივე პოულით ვამაყოფთ, თუმცა იმედი მაქვს, რომ მერმის ამ დროს უფრო მეტზე ლაპარაკს შევძლებ. რატომაც არა?” - ამბობს მალია.

გუნდის მთავარი ინჟინერი მარკ სმიტი დასძენს, რომ ახალი მანქანა შარშანდელის ევოლუციური ვარიანტია: ”VJM03 შარშანდელი მანქანის, მისი კონსტრუქციის ფილოსოფიის ევოლუციური ვერსიაა. VJM02 კარგი მანქანა იყო და ამიტომაც, ჩვენ მისი განვითარება გადავწყვიტეთ და არა ახალი მანქანის შექმნა. მთავარი ცვლილება ტექნიკურმა რეგლამენტმა გვიკარნახა. რბოლისას მანქანის საწვავით გაწყობის აკრძალვამ, საწვავის ავზების ორჯერ გაზრდა მოითხოვა, რასაც მანქანის საბაზო მონაცემების შეცვლა გამოიწვია. ჩვენ ორი ვარიანტიდან უნდა აგვერჩია, რა გზით წავსულიყავით - მანქანა ან ძალიან უნდა დაგვეგრძელებინა, ან გაგვეგანიერებინა, ან, როგორც ჩვენ მოვიქეცით, ორივე ერთდროულად უნდა გაგვეკეთებინა. შეიცვალა მექანიკური და აეროდინამიკური ნაწილი. რა თქმა უნდა, ვიზრუნეთ იმაზეც, რომ დიფუზორამდე ჰაერის მაქსიმალურად მოწესრიგებულმა ნაკადმა მიაღწიოს”, - ამბობს სმიტი და იმედოვნებს, რომ VJM03 სხვადასხვა ტიპის ტრასებს ადვილად მიესადაგება. ცნობისათვის, VJM02 არცთუ კარგი აეროდინამიკით ხასიათდებოდა, რის გამოც, იმ ტრასებზე იყო კონკურენტული, რომლებიც აეროდინამიკისადმი ნაკლებად მომთხოვნია.

Monday, February 8, 2010

რედ ბული” რაიკონენის დაბრუნებას არ გამორიცხავს

Red Bull- Kimi Raikkonen

7 თებერვალი

”რედ ბულ რეისინგის” მრჩეველი ავტოსპორტის საკითხებში, წარსულში ფორმულა 1-ის პილოტი, ავსტრიელი ჰელმუტ მარკო არ გამორიცხავს, რომ 2011 წელს კიმი რაიკონენი შეიძლება ისევ ფორმულა 1-ს დაუბრუნდეს.

ფინელი პილოტი, რომელიც ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონი 2007 წელს გახდა, ამ სეზონში რალის მსოფლიო ჩემპიონატზე, ”სიტროენის” მეორე გუნ ”ჯუნიორში” იასპარეზებს, რომლის სპონსორიც ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია ”რედ ბულია”. რა თქმა უნდა, ხელფასსაც მას ”რედ ბული” გადაუხდის, რომელთან ურთიერთობაც მას ჯერ კიდევ ”ფერარიში” ყოფნისას ჰქონდა.

დიდი ხანია, ფორმულა 1-ის კულუარებში დადის ხმები იმის შესახებ, რომ 2011 წელს კიმი ”რედ ბულ რეისინგში” ავსტრალიელ მარკ უებერს შეცვლის, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება.

”კიმის ”რედ ბულთან” კონტრაქტი აქვს. ეს კომპანია ერთი დიდი ოჯახია, რომელსაც რამდენიმე ვარიანტი აქვს, ყველაფერი კი, პირველ რიგში, რაიკონენის სურვილზე და რალის რბოლებში მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. და მე არ მიმაჩნია დაუჯერებლად, რომ ის ფორმულა 1-ს დაუბრუნდება”, - ამბობს მარკო.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის შემდეგ, რაიკონენს ”ფერარის” დატოვებამ მოუწია, რისი მიზეზიც ის გარემოება გახდა, რომ იტალიურმა საჯინიბომ მის ადგილზე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო მიიწვია. ეს გადაწყვეტილება კი ”სკუდერიამ” ახალი ტიტულოვანი სპონსორის, ესპანურ საბანკო კონგლომერატ ”სანტანდერის” სურვილით მიიღო. ”სანტანდერი” ”მაკლარენის” სპონსორიცაა და მზად იყო, რაიკონენი ინგლისურ გუნდში გადაეყვანა, თუმცა ფინელმა თავის ყოფილ გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და რადგან, ტოპ გუნდებში ვაკანსიები აღარ რჩებოდა, მან ფ1-დან წასვლა ამჯობინა. მითუმეტეს, ამისათვის ის კონტრაქტის გაწყვეტის გამო, ”ფერარისგან” სოლიდურ (მრავალმილიონიან) კომპენსაციას მიიღებს. სხვათა შორის, ის ამ კომპენსაციას ვერ მიიღებდა, თუ ფორმულა 1-ის რომელიმე გუნდში გადავიდოდა. ახლა კი რალის ჩემპიონატზეც გამოვა და ამ კომპენსაციის გარდა, ”რედ ბულისგანაც” მიიღებს ხელფასს.

რაიკონენს რალის ასპარეზზე გამოსვლა დიდი ხანია, სურდა და ”ფერარისგან” წამოსვლა იმის საბაბი გახდა, რომ თავისი ძველი ოცნება განეხორციელებინა.

ფინელის პილოტის დებიუტი რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ამ კვირის ბოლოს შედგება, როდესაც ის და მისი ნავიგატორი კაი ლინდსტრიომი მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, შვედეთის რალიზე იასპარეზებენ. სხვათა შორის, სადებიუტო რბოლის წინ, რაიკონენმა მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონთან, ფრანგ სებასტიან ლოებთან ერთად ივარჯიშა. ვარჯიშის დროს, ფინელს დიდი ჩემპიონის ნავიგატორის სავარძელი ეკავა.