როსის მოტო GP ურჩევნია
Bigger engines may keep me in MotoGP, says Rossi
5 თებერვალი
მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი წრიულ მოტორბოლებში, იტალიელი ვალენტინო როსი აცხადებს, რომ თუ ტექნიკური რეგლამენტი მოტო GP-ის ჩემპიონატში უფრო მძლავრ ძრავებს დაუშვებს, მაშინ ის 2012 წლის შემდეგაც გააგრძელებს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას. მისი გუნდის, ”იამაჰას” მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში, მანვე დასძინა, რომ ეჭვი ეპარება, ოდესმე ფორმულა 1-ში გადავიდეს.
”თეორიულად, მე აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ, რადგან 1000 კუბიანი ძრავები 800-იანზე გაცილებით მძლავრი და უკეთესია. მძლავრი ბაიკების მართვა სიამოვნებას მანიჭებს. ვნახოთ, როგორ ტექნიკურ რეგლამენტს შემოიღებენ ასეთი ძრავებისთვის. ვნახოთ, ამ ძრავებით ბაიკები ისეთივე სწრაფები იქნება, როგორც 2006 წელს, თუ არა. ნებისმიერ შემთხვევაში, 1000 კუბიან ძრავებზე დაბრუნება მახარებს. არაა გამორიცხული, რომ ამის გამო, მოტო GP-ში უფრო დიდხანსაც დავრჩე”, - ამბობს როსი.
სამაგიეროდ, იტალიელს არ მოსწონს ახალი რეგლამენტი, რომელიც ძალაში ახალი სეზონიდან შევა და რომლის მიხედვითაც, გუნდებს თითო მანქანაზე, ერთ სეზონში 6 ძრავზე მეტის გამოყენება ეკრძალებათ. ეს კი იმის გამო ხდება, რომ შემცირდეს გუნდების ბიუჯეტები.
”ვფიქრობ, ეს ყველა გუნდისთვის ძნელად შესასრულებელი წესი იქნება, რადგან სეზონზე მხოლოდ ექვსი ძრავი ძალიან ცოტაა. ეს რიცხვი 8-მდე ან 10-მდე რომ გაიზარდოს, გაცილებით უკეთესი იქნება”, - დასძენს 30 წლის როსი, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ბარსელონაში, ”ფერარის” ფორმულა 1-ის მანქანის საჩვენებელ ტესტირებაში მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა. ეს ”სკუდერიას” მანქანით მისი მე-6 ტესტი იყო.
როსის ”იამაჰასთან” კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება და ბევრი მოელის, რომ ის ამის შემდეგ, მოტორბოლებს რალიზე გაცვლის. თუმცა თავად ზუსტ პასუხს, რა თქმა უნდა არ იძლევა და ამბობს, რომ თავის სამომავლო გეგმებზე უფრო ნათელი წარმოდგენა ამ ახალი სეზონის შუაში ექნება.
”ახლახანს, ბარსელონაში ”ფერარისთან” ერთად ვივარჯიშე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ვისიამოვნე კიდეც და თან, კარგი შედეგებიც მქონდა, მაგრამ ვფიქრობ, ფორმულა 1-ის ჩემპიონატში ვერასდროს მნახავთ. ”იამაჰაში” თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მათ დაველაპარაკები. შემდეგ კი ვნახოთ”, - ამბობს როსი.
No comments:
Post a Comment