Di Montezemolo shares team's caution
6 თებერვალი
ვალენსიაში ყველაზე სწრაფები ფერნანდო ალონსო და ფელიპე მასა იყვნენ, თუმცა ამის მიუხედავად, სამდღიანი ვარჯიშების შემდეგ, ”სკუდერიას” ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ჯერჯერობით, შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება ნაადრევია და შესაძლოა, სეზონის დაწყებამდე ბევრი რამ შეიცვალოს. იგივე აზრს დი მონტეძემოლოც იზიარებს.
”ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩვენი მანქანა პირველივე ვარჯიშებზე ყველაზე სწრაფი იყო. მაგრამ სეზონისწინა ტესტები იგივეა, რაც ფეხბურთი აგვისტოში. ჯერჯერობით, პირველი პოზიტიური მომენტი ისაა, რომ F10 სწრაფია. მაგრამ ეს ჯერ არაფერს ნიშნავს. არაერთი პრობლემა გადასაწყვეტი გვაქვს. მთავარია, რეალისტები ვიყოთ. ჩვენ არ ვიცით, რამდენი საწვავი ესხათ ჩვენს მეტოქეებს და რამდენად კონკურენტუნარიანები იქნებიან ისინი პირველ რბოლაში. ალონსოს და მასას შედეგები ჯერ მხოლოდ იმედის სიგნალს გვაძლევს, თუმცა უმჯობესი იქნება, თუ დასკვნების გაკეთებას არ ვიჩქარებთ”, - ”გაძეტა დელო სპორტთან” საუბრისას განაცხადა დი მონტეძემოლომ (სურათზე, ალონსოსა და მასას შორის).
მისი აზრით, მომავალ სეზონში, ”ფერარის” მინიმუმ სამი ძლიერი კონკურენტი ეყოლება: ”ვფიქრობ, ჩვენი მთავარი მეტოქეები ”მერსედესი”, ”რედ ბული” და ”მაკლარენი” იქნებიან. ”მერსედესს” საუკეთესო ძრავი აქვს, რომლის ყიდვაც ყველას სურს. ”რედ ბულს” გასული სეზონის ბოლოს დიდი უპირატესობა ჰქონდა, რომელსაც აუცილებლად განავითარებს. ”მაკლარენი” კი ყოველთვის ძლიერია”.
No comments:
Post a Comment