სერბული გუნდი ფორმულა 1-ში დებიუტისთვის ემზადება
Stefan GP expect to race in Bahrain (Reuters)
25 თებერვალი
ნუ გაგიკვირდებათ, თუ 14 მარტს, როდესაც ბაჰრეინში სტარტს აიღებს ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ახალი სეზონი, სასტარტო რიგში სერბული გუნდის, ”სტეფან GP-ს” ორ მანქანას იხილავთ. სწორედ ამის იმედი აქვს ამ გუნდის შეფ ზორან სტეფანოვიჩს (სურათზე), ვინც, მიუხედავად იმისა, რომ მის საჯინიბოს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციისგან (FIA), დიდი პრიზების რბოლებში მონაწილეობის ლიცენზია ჯერ არ მიუღია, ბაჰრეინში სტარტზე ამერიკული U.S. F1-ის ნაცვლად, სწორედ ”სტეფან GP” დადგება.
U.S. F1-ის გარდა, ფინანსური პრობლემები კიდევ ერთ გუნდს, ესპანურ ”კამპოს მეტას” აქვს. მართალია, ამის საქმეები ამერიკული გუნდისაზე ოდნავ უკეთ მიდის, მაგრამ საეჭვოა, მათ ჩემპიონატის პირველ ეტაპზე გამოსვლა მოახერხონ, ეს კი სერბული საჯინიბოს შანსებს ზრდის.
მართალია, თანხმობის ხელშეკრულება ახალ გუნდებს პირველი სამი ეტაპის გამოტოვების საშუალებას აძლევს, მაგრამ U.S. F1 ფედერაციას სთხოვს, რომ ოთხი რბოლის გამოტოვების უფლება მისცეს. მაგრამ ამერიკული გუნდი უკვე სპონსორებმაც მიატოვეს და მისი კვლავ ფეხზე დადგომის შანსი მიზერულია. ამასთან, FIA აცხადებს, რომ თუნდაც ერთი რბოლის გამოტოვება, რეგლამენტის დარღვევა იქნება.
”ველით, რომ რაღაც მოხდება. დრო თითქმის აღარ რჩება. თუ ბაჰრეინის რბოლაში მონაწილეობის უფლებას გვაძლევენ, ეს მალე უნდა გაგვაგებინონ, რადგან დროულად შევძლოთ იქ შესაბამისი ეკიპირების გაგზავნა”, - როიტერთან საუბრისას განაცხადა სტეფანოვიჩმა.
კითხვაზე, თუ არის შესაძლებელი, რომ მისი გუნდი ჩემპიონატში სეზონის მსვლელობისას ჩაებას, მან უპასუხა, რომ ტექნიკურად ეს პროლემა არ იქნება, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ”სტეფან GP” ბაჰრეინისთვის ემზადება. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ასე იქნება, მაგრამ ამის იმედი გვაქვს - დასძენს სერბი ბიზნესმენი.
სხვათა შორის, ”სტეფან GP-ს” გასულ კვირაში თავისი სარბოლი ავტომობილის პირველი ტესტი უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ რამდენადაც გუნდს იაპონურ კომპანია ”ბრიჯსტოუნთან” კონტრაქტი არ აქვს, მისგან ვერც საბურავები მიიღო და ტესტიც გაუქმდა.
აღსანიშნავია, რომ გასული სეზონის დასრულებისთანავე, ”სტეფან GP-მ” გუნდისთვის საჭირო ეკიპირების სრული კომპლექტი ”ტოიოტასგან” შეიძინა. უფრო მეტიც, იაპონური გუნდისგან თითქმის მომზადებული ბოლიდიც მიიღო და თუ ჩემპიონატში ჩართეს, ტექნიკურ დახმარებასაც მიიღებს. სერბული საჯინიბოს განკარგულებაშია ”ტოიოტას” ფორმულა 1-ის გუნდის კიოლნის ფაბრიკაც.
”სტეფან GP-ს” ერთი პილოტი ჰყავს - ”ტოიოტას” იაპონელი კაზუკი ნაკაძიმა, ვინც შარშან ”უილიამსში” გამოდიოდა. რაც შეეხება მეორე პილოტს, ეს ადგილი ჯერაც ვაკანტურია, თუმცა მის დაკავებაზე ყველაზე მეტი შანსი მსოფლიოს 1997 წლის ჩემპიონს, კანადელ ჟაკ ვილნევს აქვს.
No comments:
Post a Comment