ინტერვიუ მარკ უებერთან
Mark Webber interview
22 თებერვალი
ხერესში ჩატარებულ წინასასეზონო ტესტებზე, პარასკევს ”რედ ბულის” ავსტრალიელმე პილოტმა მარკ უებერმა წრე წუთსა და 19.299 წამში გაიარა და ტრასის ახალი ორიენტირი დააფიქსირა. თუმცა მანქანის კოკპიტიდან ამოსულმა, პროგნოზებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ მართალია, ახალი RB6 ”კარგი მანქანაა”, მაგრამ ჯერ ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, სჯობს თუ არა ის ”მაკლარენისა” და ”ფერარის” მანქანებს.
უფრო მეტიც, განაცხადა, რომ მალაიზიის ეტაპისთვის, ყველა დაივიწყებს, რომ მან ხერესში აბსოლუტურად საუკეთესო დრო აჩვენა. ამით ოზმა ხაზი იმ გარემოებას გაუსვა, რომ ფორმულა 1-ში ტოპ გუნდები ძალიან სწრაფად ვითარდებიან და თუ ამ რიტმს ჩამორჩი, ერთ კვირაში შეიძლება მდევრის როლში აღმოჩნდე.
გთავაზობთ ინტერვიუს მარკ უებერთან, რომელიც მას ჟურნალმა ”ავტოსპორტმა” ხერესის ტესტების შემდეგ ჩამოართვა.
- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი დღევანდელი შედეგები?
მარკ უებერი - დღემ კარგად ჩაიარა, მშრალ ამინდში მუშაობა სასიამოვნოა. ვარჯიშის დროს, საწვავის სხვადასხვა რაოდენობით გამოვდიოდი ტრასაზე და ავზი მაქსიმალურადაც მქონდა გავსებული. მშრალ ამინდში, ყოველ გავლილ სატესტო წრეს დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს ყველაფერი კარგად აეწყო და იმედია, ამის მერეც მშრალ ამინდში მოგვიწევს ვარჯიში.
შემდგომი განვითარებისთვის მშვენიერი ბაზისი გვაქვს. დღეს მშრალ ასფალტზე პირველად ვივარჯიშეთ და იმედი მაქვს, შემდეგ კვირაშიც ასე იქნება და მანქანის სხვადასხვაგვარად მომართვის გასინჯვასაც შევძლებთ.
- წვიმიანი დღეების გამო, სატესტო პროგრამის შეცვლა ხომ არ მოგიწიათ?
მარკ უებერი - არა. მე და სებასტიანს ერთიდაიგივე პირობებში ვარჯიში გვსურდა და გარწმუნებთ, უფრო ადრე რომ გამოედარა, ისიც იმავე პროგრამით ივარჯიშებდა, როგორითაც დღეს მე ვვარჯიშობდი. ორივენი გუნდისთვის ვმუშაობთ და ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული. სრულფასოვანი ტესტებისთვის კი აუცილებელია, რომ ტრასაზე, რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ.
- მეტოქეებისგან განსხვავებით, თქვენ ხშირად შედიოდით ბოქსებში...
მარკ უებერი - ჩვენ რამდენიმე გრძელი სერია გვქონდა. ერთ მომენტში, ეს სერია წითელმა ალამმა შეგვაწყვეტინა. თუ ამინდი საშუალებას მოგვცემს, შემდეგ ტესტებზე, უფრო მეტი ხანგრძლივი სერია გვექნება და ამით, დღევანდელი შეფერხების ანაზღაურების საშუალება მოგვეცემა.
- ახალ საბურავებზე რას იტყვით?
მარკ უებერი - წინა საბურავებით კმაყოფილი ვარ, თუმცა ერთი კვირის წინ ამას ვერ ვიტყოდი. უკანები კი დაფიქრებას გვაიძულებს. თუმცა, ხერესის ტრასა საბურავებისადმი მეტისმეტად მომთხოვნია. გუნდები თანდათან ითვისებენ ახალ რეზინს, მაგრამ ისინი შარშანაც რომ გვქონოდა, როდესაც მანქანები უფრო მსუბუქი იყო, მათ შეფასებაზე მაინც ბევრი მუშაობა მოგვიწევდა. ახლა კი, რეზინიც ახალია და თან, მანქანებიც საგრძნობლად დამძიმდა.
- რა ტიპის საბურავით ივარჯიშეთ დღეს?
მარკ უებერი - დღეს ორივე ტიპის რეზინით ვისარგებლე.
- გაზეთები წერდნენ, რომ ავარიის შემდეგ, ფორმულა 1-დან წასვლაზე ფიქრობდით...
მარკ უებერი - არა, ამაზე ავარიის შემდეგ კი არა, ჯერ კიდევ ”უილიამსში” ყოფნისას ვფიქრობდი, როდესაც ჩემი კარიერით აშკარად უკმაყოფილო ვიყავი და ხშირად ვფიქრობდი, ხომ არ აჯობებდა, სხვა საქმისთვის მომეკიდა ხელი. საბედნიეროდ, ოპტიმიზმი მაშინვე დამიბრუნდა, როგორც კი ხელი ”რედ ბულთან” კონტრაქტს მოვაწერე.
”უილიამსის” საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. უბრალოდ, ჩემი კარიერის ის მონაკვეთი აშკარად წარუმატებელი იყო. რასაც ვაკეთებდი, იმისგან სიამოვნებას საერთოდ არ ვღებულობდი. ”რედ ბულში” კი ყველაფერი სხვაგვარადაა - რბოლები ისევ სიამოვნებას მანიჭებს.
- სებასტიან ფეტელთან თანამშრომლობა თქვენთვის სასარგებლოა?
მარკ უებერი - შარშან ჩვენ ჯანსაღი კონკურენცია გვქონდა, რამაც მოტივაცია გამიძლიერა. როდესაც ასეთი ძლიერი თანაგუნდელი გყავს, თავადაც უნდა აიმაღლო დონე. ასეც მოვიქეცი და რამდენიმე კარგი რბოლა ჩავატარე. კვალიფიკაციაზე უფრო მიჭირდა, განსაკუთრებით, მეორე სესიებზე. მაგრამ წელს კვალიფიკაციაზე ცარიელი ავზებით ვივლით და ვნახოთ, ეს ჩვენს შედეგებზე როგორ იმოქმედებს.
ჩემსა და სებასტიანს შორის ახლა ისეთივე ურთიერთობაა, როგორიც მანამ იყო, ვიდრე თანაგუნდელები გავხდებოდით. ეს კი გუნდის ხელმძღვანელობის დამსახურებაა. ”რედ ბულში” ინტრიგებისთვის ადგილი არ არის. აქ ჯანსაღი ატმოსფერო სუფევს, რომელიც მრბოლებს მეგობრებად დარჩენის საშუალებას აძლევს.
- როდესმე გყოლიათ ცუდი თანაგუნდელი?
მარკ უებერი - არა. სულ რამდენიმე თანაგუნდელი მყავდა და მათ შორის ცუდი არცერთი ყოფილა.
- ტესტების მიხედვით თუ შეგიძლიათ იმის თქმა, რომ ედრიან ნიუიმ (გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა) მორიგი აეროდინამიკური სასწაული შექმნა?
მარკ უებერი - ედრიანი ყოველთვის თვითონ იმაღლებს დონეს, რაც ყოველთვის გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული, თუმცა ის ნამდვილი გენიოსია. ალბათ შეამჩნიეთ, რომ ახალი სეზონისთვის, ბევრმა გუნდმა მისი რამდენიმე იდეა გადაიღო. ეს კი, ედრიანის ნიჭის აღიარების აშკარა გამოვლენაა. მან ხომ სხვებზე ადრე გამოიყენა ის იდეები, რომლებსაც ახლა სხვებიც ნერგავენ.
ის ნამდვილი მებრძოლია. მნიშვნელობა არ აქვს, ჩოგბურთს თამაშობს, თუ სარბოლ მანქანას ქმნის. ედრიანი ყოველთვის ეძებს მეტი ეფექტურობის მიღწევის გზებს. ჩვენ რომ სწრაფი მანქანები გვყავს, მეტწილად სწორედ მისი დამსახურებაა. მან ყოველთვის იცის, მანქანის რომელი ელემენტები საჭიროებს დახვეწას და სად უნდა ეძებოს სიჩქარის გაზრდის რესურსი.
რა თქმა უნდა, წარუმატებლობები მასაც ჰქონია. ”მაკლარენში” მის მიერ შექმნილი რამდენიმე მანქანა არაკონკურენტუნარიანი გამოდგა. მაგრამ ასეთი სპეციალისტი ნებისმიერ შემთხვევაში დასაფასებელია. ის დამსახურებულად შედის ფორმულა 1-ის გენიოსების სიაში
- ხომ არ ფიქრობთ, რომ ”რედ ბული” კვლავ მეტოქეებზე ერთი ნაბიჯით წინაა?
მარკ უებერი - დღევანდელმა დღემ კარგად ჩაიარა, მაგრამ შემდეგ კვირაში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. საინტერესოა, როგორი იქნება ჩემპიონატის პირველი ოთხი რბოლა. გარწმუნებთ, მალაიზიაში აღარავის ემახსოვრება, რომ ხერესში ასეთი კარგი შედეგები გვქონდა. ფორმულა 1-ში ხომ ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება.
- მშრალ ამინდში ვარჯიშისას, შარშანდელ მანქანასთან შედარებით, მანქანის გაუმჯობესება თუ იგრძენით?
მარკ უებერი - როდესაც მანქანის ავზები ბოლომდე სავსეა, ის სულ სხვაგვარად იქცევა. ამას დაუმატეთ საბურავების ფაქტორი... საბურავები ჩვენთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ჩოგანი როჯერ ფედერერისთვის. დღეს ჩვენ სულ სხვა სპეციფიკაციის მანქანებით გამოვდივართ და ამიტომ, შარშანდელ მანქანასთან შედარება ძალიან გამიჭირდება. მანქანით კმაყოფილი ვარ, თუმცა ჯერაც ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი.
No comments:
Post a Comment