ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, February 14, 2010

შვედეთის რალი ჰირვონენმა მოიგო

Hirvonen storms to victory in Sweden rally (Reuters)

Hirvonen claims victory in Sweden (Autosport)

14 თებერვალი

ჰირვონენი და მისი ნავიგატორი იარმო ლეჰტინენი გამარჯვებას ზეიმობენ
..........................................

ფინელი მიკო ჰირვონენის გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ეტაპი - შვედეთის რალი. რბოლის მესამე დღეს, ჰირვონენმა კიდევ უფრო გაზარდა თავისი უპირატესობა უახლოეს მდევართან, მსოფლიოს ექვსგზის ფრანგ ჩემპიონ სებასტიან ლოებთან და ასპარეზობა მასთან სოლიდური უპირატესობით დაასრულა.

ლოები გამარჯვებულს 42 წამზე მეტით ჩამორჩა და საბოლოოდ, მეორე ადგილს დასჯერდა, მესამე ადგილი კი ფინელმა იარი-მატი ლატვალამ დაიკავა, ვინც ჰირვონენს წუთით და 15 წამით ჩამორჩა. რბოლა 30-ე ადგილზე დაასრულა ფორმულა 1-ის 2007 წლის ჩემპიონმა, რალიში ახლახან გადასულმა ფინელმა კიმი რაიკონენმა, ვისთვისაც ეს რალის მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო რბოლა იყო. რაიკონენმა რბოლის პირველ დღეს, ავარიის გამო, ნახევარ საათზე მეტი დაკარგა, თუმცა ბოლო დღეს პოზიცია რამდენიმე ადგილით გაიუმჯობესა.

რაიკონენი ასპარეზობისას
........................................

რბოლის დასაწყისში, ლოებმა მცირე უპირატესობა მოიპოვა, თუმცა შემდეგ ჰირვონენს დიფერენციალში გადაცემა შეუცვალეს, რის შემდეგაც მან აშკარად გაზარდა ტემპი და დღე ფრანგთან მცირე უპირატესობით დაასრულა. ასპარეზობის მესამე დღის დასაწყისშივე, ლოებმა აღიარა, რომ ფინელის ტემპის აყოლა შეუძლებელი იყო და ფაქტობრივად, მეორე ადგილის შენარჩუნებისთვის გააგრძელა ასპარეზობა.

”გუშინ მცირე შეცდომა მომივიდა, თუმცა მის გარეშეც, მიკოს დაწევა ძალიან გამიჭირდებოდა. მან შესანიშნავად იასპარეზა და გულითადად ვულოცავ გამარჯვებას. მან ის სრულებით დაიმსახურა”, - განაცხადა ლოებმა.

ჰირვონენი ასპარეზობისას

...........................................

”ფანტასტიურია, ბედნიერი ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს, რბოლა დასრულდა. საბურავებზე საშინელი დატვირთვა მოდიოდა და მიხარია, რომ ამ მხრივ, პრობლემა თითქმის არ შემქმნია. არადა, ბოლო ეტაპზე მათ გამო ძალიან ვინერვიულე”, - განაცხადა ჰირვონენმა.

რბოლის დასაწყისში შესანიშნავად იასპარეზა ლოების ესპანელმა თანაგუნდელმა დანიელ სორდომ, ვინც თოვლზე რბოლის გამოცდილების არქონის მიუხედავად, სუპერ სპეცმონაკვეთი მოიგო კიდეც და ერთხანს ლიდერებთან ძალიან ახლოსაც კი იყო, მაგრამ მეორე დღეს დაშვებული შეცდომა ძვირად დაუჯდა და საბოლოოდ, მეოთხე ადგილს დასჯერდა.

რალიში დაბრუნებულმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა მარკუს გრონჰოლმმა შვედური რალის ყველაზე პოპულარული, საგენის სპეცმონაკვეთი კი მოიგო, მაგრამ ელექტრონიკამ უმტყუნა და მოგვიანებით თავადაც აღიარა, რომ დაბრუნების წინ მეტი ვარჯიში მართებდა. საბოლოოდ, მან რბოლა 21-ე ადგილზე დაასრულა.

რაც შეეხება რაიკონენს, მან მე-15 სპეცმონაკვეთზე მე-6 დრო აჩვენა. ”რა თქმა უნდა, ამ შედეგით კმაყოფილი არ ვარ. მაგრამ მთავარია, რომ ფინიშს მივაღწიე და შედეგებსაც თანდათან ვაუმჯობესებდი. რა თქმა უნდა, დებიუტისთვის ეს ძალიან რთული რბოლა იყო. სამაგიეროდ, მანქანასთან მუშაობის გამოცდილება მივიღე და ამას შემდეგ რბოლებში გამოვიყენებ”, - განაცხადა რაიკონენმა.

შვედეთის რალის საბოლოო შედეგები

1. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 3:09:30.400

2. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) +00:42.300

3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 01:15.400

4. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 02:41.600

5. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 04:15.300

6. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 05:23.400

7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 07:53.900

8. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სუბარუ) 09:22.200

9. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 10:17.500

10. პერ-გუნარ ანდერსონი (შვედეთი, შკოდა) 12:08.900

პილოტთა პირველობა

1. მიკო ჰირვონენი - 25 ქულა; 2. სებასტიან ლოები - 18; 3. იარი-მატი ლატვალა - 15; 4. დანიელ სორდო - 12; 5. სებასტიან ოჟიე - 10; 6. ჰენინგ სოლბერგი - 8; 7. მეტიუ უილსონი - 6; 8. მადს ოსტბერგი - 4; 9. პეტერ სოლბერგი - 2; 10. პერ-გუნარ ანდერსონი - 1

კონსტრუქტორთა პირველობა

1. BP-ფორდ აბუ დაბი WRT – 40; 2. სიტროენ ტოტალ WRT – 30; 3. სიტროენ ჯუნიორ ტიმ - 14; 4. შტობარტ VK M-სპორტ ფორდ WRT - 14

No comments:

Post a Comment