ჰამილტონი მანქანით კმაყოფილია
Hamilton says new McLaren a big improvement on 2009
3 თებერვალი
ვალენსიაში ჩატარებული პირველი ტესტის შემდეგ, ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ შარშანდელი და ახალი მანქანები ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც დღე და ღამე.
მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონმა, ახალი მანქანით, ვალენსიას რიკარდო ტორმოს სახელობის ტრასაზე 108 წრე გაიარა და მესამე უსწრაფესი დრო აჩვენა, თუმცა წინასასეზონო ტესტების დროს ნაჩვენებ შედეგს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ მას MP4-25 მოეწონა. დღის უსწრაფესი შედეგები კი ”ფერარის” ბრაზილიელმა ფელიპე მასამ და ”ზაუბერის” იაპონელმა კამუი კობაიაშიმ აჩვენეს.
”როგორც იქნა, ღიმილის ხასიათზე დავდექი. ყველა პრობლემა, რომლებიც შარშანდელ მანქანასთან მქონდა, ახალმა დამავიწყა. თუმცა ჯერაც ბევრია სამუშაო და არსებობს მანქანის კიდევ უფრო გაუმჯობესების პოტენციალი”, - ამბობს ჰამილტონი.
შარშან, სეზონის წინ, ”მაკლარენმა” ახალი მანქანა პირველად პორტუგალიის პორტიმაუში გასინჯა და მაშინვე გამოვლინდა, რომ ის ისეთი ვერ იყო, როგორიც ჩემპიონობისთვის საბრძოლველად გამოდგებოდა. გუნდს ნახევარი სეზონი დასჭირდა იმისათვის, რომ კონკურენტუნარიანი გამხდარიყო და მართალია, ჰამილტონმა რამდენიმე რბოლის მოგება შეძლო, თუმცა სეზონის ბოლომდე, მანქანის სათანადოდ დახვეწა მაინც ვერ მოხერხდა.
”იმედია, მანქანას ყველა ის ვირუსი მოვაშორეთ, რომლებიც მას შარშან ჰქონდა. ახლა მისი დახვეწის დროა და მჯერა, რომ ისეთივე შედეგები გვექნება, როგორიც გასული სეზონის მიწურულს გვქონდა. დღევანდელმა ტესტებმა მაჩვენა, რომ ბევრი რამ გავაუმჯობესეტ”, - განაცხადა ჰამილტონმა, ვისაც სულ არ აღელვებს ის ფაქტი, რომ ვალენსიაში მასა მასზე ნახევარი წამით სწრაფი იყო.
”აშკარაა, რომ ”ფერარი” ძალიან სწრაფია, მაგრამ არავინ იცის, ავზებში რამდენი საწვავი უსხიათ. მთავარია, რომ ბოლოში არ ვართ, რაც სასიამოვნოდ განმაწყობს. ამასთან, მას არც ორი-სამი წამით ჩამოვრჩენილვარ. ამ ეტაპზე, ყველაზე ძლიერ იმ ფაქტმა გამახარა, რომ მანქანა საიმედო, გამძლეა. ტექნიკური პრობლემები პრაქტიკულად არ გვქონია და ამ ეტაპზე, ყველაზე მთავარი ესაა”, - აგრძელებს ჰამილტონი და დასძენს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჯერ ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, თუ სხვებთან შედარებით, რამდენად კარგია ახალი მანქანა, თუმცა მთავარი ისაა, რომ ის ტრასაზე მანქანის მოქცევით კმაყოფილია.
დღეს ჰამილტონს ტრასაზე მისი ახალი თანაგუნდელი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯენსონ ბატონი შეენაცვლება, რომელთან ერთადაც, ტრასაზე მიხაელ შუმახერიც გამოვა. ჰამილტონს კი ხერესის ტესტებამდე, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონთან ერთად ტრასაზე ყოფნის საშუალება არ მიეცემა.
შუმახერმა ”მერსედესის” W01 პირველად ორშაბათს გასინჯა და მესამე უსწრაფესი შედეგი აჩვენა. ტესტების მეორე დღეს მან ფიზიკურ ვარჯიშს დაუთმო, დღეს კი კვლავ ტრასაზე იქნება.
No comments:
Post a Comment