”კამპოს მეტას” პატრონი შეცვალა
Campos restructure and recruit Kolles (Reuters)
20 თებერვალი
ესპანურ გუნდ ”კამპოს მეტას” ჯერ ფორმულა 1-ში დებიუტი ტესტების დონეზეც კი არ ჰქონია და უკვე პატრონი გამოიცვალა - ფინანსურ გასაჭირში მყოფი გუნდი მთლიანად გამოისყიდა ესპანელმა ბიზნესმენმა ხოსე რამონ კარაბანტემ. იმავდროულად, გუნდის ხელმძღვანელად, ”ფორს ინდიას” ყოფილი დირექტორი კოლინ კოლესი დაინიშნა.
ამგვარად, იმის შანსი, რომ ”კამპოს მეტა” წლევანდელი ჩემპიონატის პირველივე ეტაპზე ვიხილოთ, მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს იმ დროს ხდება, როდესაც ამერიკული გუნდი US F1 საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციას (FIA) სთხოვს, რომ პირველი ოთხი ეტაპის გამოტოვების უფლება მისცეს.
”მინდა, მადლობა გადავუხადო ბერნი ეკლსტოუნს, რომელმაც თავი არ დაზოგა იმისათვის, რომ ჩვენი გუნდისთვის მხარი დაეჭირა და გადარჩენაში დახმარებოდა. ჩვენი გუნდის გადარჩენის ოპერაცია დროის წინააღმდეგ რბოლას ჰგავდა, რისი საბოლოო მიზანიც, ბაჰრეინის რბოლაზე ჩვენი ორი მანქანის გამოჩენაა. ჯერაც ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გუნდის შენარჩუნება შევძელით”, - ამბობს კარაბანტე.
ბაჰრეინის დიდი პრიზი ჩემპიონატის პირველი რბოლაა და ის 14 მარტს გაიმართება. ”კამპოსს” კი ჯერ თავისი მანქანის ტესტირება არც დაუწყია. ესპანური გუნდისთვის სარბოლ ბოლიდს იტალიური ფირმა ”დალარა” ამზადებს. ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობის განცხადებით, მანქანა ტესტირებისთვის პრაქტიკულად მზადაა. მაგრამ ”კამპოსისთვის” მისი გადაცემა, ამ უკანასკნელის ფინანსური პრობლმების გამო არ მოხდა. შეგახსენებთ, რომ ”კამპოს მეტას” კონტრაქტი აქვს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, ლეგენდარულ ბრაზილიელ აირტონ სენას დის შვილ ბრუნო სენას.
რაც შეეხება კოლესს, ის თავის დროზე, ”ჯორდანის”, ”მიდლენდის”, ”სპაიკერისა” და ”ფორს ინდიას” (ყველა ეს გუნდი ჯორდანის შთამომავალია) შეფი იყო, ინდური გუნდი კი შარშან დატოვა. ის ამბობს, რომ პატრონის შეცვლის შემდეგაც, ”კამპოსს” მაინც სჭირდება ინვესტორი.
”ახლა ჩვენ გადავხედავთ გუნდის შესაძლებლობებს და ვეცდებით, მოკლე დროში ვიშოვნოთ ინვესტორი, რომლის შემწეობითაც, ჩემპიონატის პირველ ეტაპზე გამოსვლას შევძლებთ”, - ამბობს კოლესი.
No comments:
Post a Comment