ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Monday, February 1, 2010

”რენო” ძველ ფერებში გამოეწყო

Renault goes back to past for new colors

1 თებერვალი

მარცხნიდან: ვიტალი პეტროვი და რობერტ კუბიცა R-30-ის პრეზენტაციაზე
...................................

”რენოს” ფორმულა 1-ის გუნდმა, თავისი ახალი ბოლიდის - R-30-ის პრეზენტაცია ვალენსიაში, რიკარდო ტორმოს სახელობის ავტოდრომზე ჩაატარა. მანქანა ფრანგული გუნდის ძველ, იმ ფერებშია გამოწყობილი, რომლითაც ის 1977-1985 წლებში ასპარეზობდა. პრეზენტაციაზე ”რენომ” თავისი მეორე პილოტის ვინაობაც დაასახელა - ესაა რუსი ვიტალი პეტროვი, რომელმაც შარშან, GP2-ის ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა.

”ძალიან გვინდოდა, რაღაც ისეთს დავბრუნებოდით, რაც წარსულთანაა დაკავშირებული. ამას ისტორიასთან დაბრუნებას დავარქმევდი”, - განაცხადა გუნდის მფლობელმა (გუნდი მხოლოდ ნაწილობრივ ეკუთვნის რენოს) ჟერარ ლოპესმა.

დღეს ჩვენ გუნდის ისტორიაში ახალ ფურცელს გადავშლით. დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რაც ჩვენგან დიდ გარჯას მოითხოვს. მიზანი მოწინავეებს შორის ყოფნაა და ჩვენ პოდიუმებისთვის ბრძოლას ვაპირებთ”, - ამბობს გუნდის შეფი ერიკ ბულიე, რომელმაც ამ პოსტზე დისკვალიფიცირებული ფლავიო ბრიატორე შეცვალა.

მაღალი ადგილებისთვის ბრძოლის იმედი აქვს გუნდის პოლონელ პილოტ რობერტ კუბიცას, რომელიც აქ ”ბეემვე ზაუბერიდან” გადმოვიდა: ”ვიმედოვნებ, ამ გუნდთან ერთად, მაღალი ადგილებისთვის ბრძოლის საშუალება მექნება. რა თქმა უნდა, დროა საჭირო იმისათვის, რომ ძირეულად განახლებული გუნდი კონკურენტუნარიანი გახდეს. არ ვიცი, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება. 100 პროცენტით დარწმუნებული ვერასდროს იქნები იმაში, რომ მიზანს მიაღწევ”, - ამბობს კუბიცა, ვისაც შარშან, ”ბეემვე ზაუბერის” არაკონკურენტუნარიანი მანქანით ასპარეზობა უწევდა.

რაც შეეხება პეტროვის მიწვევას, აშკარაა, რომ ამ სვლით, ”რენოს” რუსული კომპანიების სპონსორებად მიზიდვის იმედი აქვს. თავად პეტროვიც იმედოვნებს, რომ მისი სახელი ფორმულა 1-ში სპონსორებად რუსულ კომპანიებს მოიყვანს. უფრო მეტიც, ”რენომ” მესამე პილოტის მონოპოსტი ჩინელ ჰო-პინ ტუნს ჩააბარა, რაც ასევე პოტენციური სპონსორებისთვის გათვლილი სატყუარაა.

ლოპესი ამბობს, რომ გუნდის ბიუჯეტის 83 პროცენტი გარანტირებულია და რომ დარჩენილ თანხას სპონსორები მოიტანენ. ამასთან, დასძენს, რომ მანქანების შეფერილობა აუცილებლად შეიცვლება, თუ საჯინიბოს ტიტულოვანი სპონსორი გამოუჩნდება.

No comments:

Post a Comment