Red Bull launch RB6 "limousine" (Reuters)
10 თებერვალი
ფორმულა 1-ის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა ”რედ ბულ რეისინგმა” საზოგადოებას თავისი ახალი მანქანა - RB6 უჩვენა, რომლითაც მისი პილოტები, ავსტრალიელი მარკ უებერი და გერმანელი სებასტიან ფეტელი ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.
ახალი ბოლიდის პრეზენტაცია ხერესში (სამხრეთ ესპანეთი), ავტოდრომ ”დე ლა ფრონტერაზე”, ოფიციალური წინასასეზონო ტესტების წინ შედგა, რომლის დროსაც, მისით აღფრთოვანებულმა უებერმა მანქანას ”ლიმუზინი” უწოდა.
გასულ სეზონში ”რედ ბულმა” კონსტრუქტორთა პირველობა მეორე ადგილზე დაასრულა, ფეტელმა კი პირად ჩათვლაში დაიკავა მეორე ადგილი. ავსტრიული საჯინიბოს მანქანა სეზონის მეორე ნახევარში საუკეთესო იყო და მისმა პილოტებმა ბოლო სამი რბოლის მოგება შეძლეს, თუმცა სეზონის დასაწყისში დაწინაურებული ”ბრაუნის” (ახლანდელი მერსედესის) და მისი ბრიტანელ პილოტ ჯენსონ ბატონის დაწევა ვერ შეძლეს.
ისევე როგორც სხვა გუნდების მანქანები, RB6-იც შარშანდელთან შედარებით დაგრძელებულია, რაც იმის გამო მოხდა, რომ ახალი სეზონიდან, რბოლების დროს საწვავის შევსება იკრძალება და აქედან გამომდინარე, მანქანებში ერთი რბოლის სამყოფი საწვავი სტარტზევე უნდა ესხას. საწვავის ავზის მოცულობის გაზრდამ კი მანქანების ბაზის დაგრძელება მოითხოვა.
RB6-ს შარშანდელი მანქანისგან უფრო მაღლა აწეული ცხვირი და ძრავის ხუფის ზედა ნაწილში არსებული აეროდინამიკური ელემენტი გამოარჩევს, რომელსაც ჟურნალისტებმა დამახასიათებელი მოყვანილობის გამო, ”ზვიგენის ფარფლი” შეარქვეს.
”ეს მანქანა ნამდვილი ლიმუზინია. შარშანდელ მანქანაზე მხოლოდ რამდენიმე აეროდინამიკური ელემენტი შევცვალეთ. ჩვენ ვნახეთ, რომ ბევრმა გუნდმა ჩვენი შარშანდელი მანქანის კოპირება გადაწყვიტა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ედრიან ნიუი გენიოსია”, - განაცხადა უებერმა, ვინც ტესტების პირველ ორ დღეს გამოცდის ახალ მანქანას, შემდეგ ორ დღეს კი ადგილს ფეტელს დაუთმობს.
”რედ ბული” ძველ გუნდებს შორის ბოლოა, რომელმაც ტრასაზე ახალი მანქანა გამოიყვანა. დანარჩენებმა ეს უკვე მოასწრეს. ავსტრიულ გუნდამდე ბოლომ ეს წინა დღით ”ფორს ინდიამ” გააკეთა, რომელმაც თავისი ახალი ბოლიდის პრეზენტაცია სილვერსტოუნში (ინგლისი), ინტერნეტის მეშვეობით ჩაატარა.
ახალი გუნდებიდან თავისი სარბოლი მანქანა უკვე გვაჩვენა ”ვირჯინ რეისინგმა”, ”ლოტუსი” კი ამას ამ კვირაში გააკეთებს, თუმცა სილვერსტოუნზე პირველი ტესტები მანაც უკვე გაიარა. დარჩა ორი გუნდი, რომელთა მომავალიც ჯერ გაურკვეველია. ესენია ამერიკული U.S. F1 და ესპანური ”კამპოს მეტა”, რომლებიც შესაძლოა, სეზონის პირველ ეტაპზე, რომელსაც ბაჰრეინი უმასპინძლებს, გამოსვლა ვერც მოასწრონ.
”რედ ბულმა” პირველი ტესტები, რომლებიც ვალენსიაში ჩატარდა, გააცდინა, თუმცა გუნდის შეფი ქრისტიან ჰორნერი ამბობს, რომ ეს პრაგმატული მიზეზების გამო გაკეთდა, რათა ტესტებისთვის მანქანა სრულად მომზადებული ყოფილიყო.
”ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ფაბრიკაში დამატებითი მუშაობა და მანქანის სრულყოფა უფრო პროდუქტიული იქნებოდა. ახალი სეზონისთვის აგრესიული მიზნები დავისახეთ. მისთვის მზადების განმავლობაში, რამდენიმე კონცეპცია შევიმუშავეთ და მათგან საუკეთესო ავარჩიეთ. ვფიქრობ, ამ სეზონში გამარჯვებებისთვის ოთხი გუნდი - ”მაკლარენი”, ”ფერარი”, ”მერსედესი” და ჩვენ ვიბრძოლებთ”, - ამბობს ჰორნერი, ვინც გასული სეზონის შემდეგ, ”მერსედესის” ძრავებზე გადასვლას გეგმავდა, თუმცა ნიუის რჩევით, საბოლოო არჩევანი ”რენოზე” შეაჩერა, რომელიც ახლანდელ ფორმულა 1-ში ყველაზე ეკონომიურ ძრავებს აწარმოებს, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან ამ ძრავებით აღჭურვილი მანქანები სტარტზე შედარებით მსუბუქები გავლენ.
No comments:
Post a Comment